ავტორი:

„ნატვრის ხე“ - უილიამ ფოლკნერის აქამდე უცნობი საბავშვო ლიტერატურული ექსპერიმენტი ქართულ ენაზე გამოიცა

„ნატვრის ხე“ - უილიამ ფოლკნერის აქამდე უცნობი საბავშვო ლიტერატურული ექსპერიმენტი ქართულ ენაზე გამოიცა

„ვიქტორიას, ძვირფას მეგობარს მისი მერვე დაბადების დღისთვის. ბილმა გაუკეთა ეს წიგნი საჩუქრად“ - ეს ავტოგრაფი უილიამ ფოლკნერს ეკუთვნის, რომელიც მან თავისი ერთადერთი საბავშვო ნაწარმოების „ნატვრის ხის“ ხელნაკეთ ეგზემპლარს გაუკეთა.

1927 წელს ფოლკნერმა 8 წლის ვიქტორია ფრანკლინს, თავისი შეყვარებულისა და მომავალი ცოლის, ესტელ ოლდემ ფრანკლინის შვილს დაბადების დღეზე აჩუქა ფერად ქაღალდზე დაბეჭდილი და საკუთარი ხელით აკინძული წიგნი. 1967 წლამდე, როცა ვიქტორიამ გადაწყვიტა ნაწარმოების გამოცემა, ეგონა, რომ თვითონ იყო ამ თვითნაკეთი წიგნის ერთადერთი მფლობელი და ადრესატი. თუმცა გამოირკვა, რომ ასე არ ყოფილა, ამასთან ერთად გამოაშკარავდა ფოლკნერის „ეშმაკობაც“. თურმე, ვიქტორიას გარდა, მას სხვადასხვა დროს კიდევ სამი ბავშვისთვის უჩუქებია საკუთარი ხელით დამზადებული ასეთივე წიგნები. ვიქტორიასთვის ჩუქებიდან სულ რამდენიმე დღის მერე ფოლკნერმა გადასცა მეორე ცალი მეგობრის შვილს, განუკურნებელი სენით დაავადებულ გოგონას, წარწერით: „მარგარეტ ბრაუნს, მისი მეგობრის, ბილ ფოლკნერისგან“. ავტორმა წიგნი ოცი წლის შემდეგ გადასცა კიდევ ორ ბავშვს: ფილიპ სტოუნ უმცროსსა და შელი ფორდს.

საინტერესოა, რომ 1948 წლისთვის ფოლკნერს დაეკარგა ხელნაწერი, ამიტომ ბრაუნებისგან ითხოვა წიგნი და გადაწერა. გამოქვეყნებაზე კი არასოდეს უფიქრია. ეს მოთხრობა-ზღაპარი, რომელიც მოგზაურობისა და მორალური გამოცდის ამბავს წარმოადგენს, თითქოს განზე დგას მწერლის მთელი შემოქმედებისგან. მის ლიტერატურულ პირველწყაროდ ასახელებენ პირველ რიგში ლუის კეროლის დილოგიას ელისის თავგადასავლების შესახებ საოცრებათა ქვეყანასა და სარკისმიღმეთში, მეორე მხრივ კი ‒ მორის მეტერლინკის „ლურჯ ფრინველს“. და მართლაც, აქ თითქოს აირეკლება ლუის კეროლის ზღაპრების სიზმარეული, მოუხელთებელი, არამყარი, მუდმივად ცვალებადი სამყარო, როცა გარემო ერთბაშად იცვლება, პერსონაჟები და საგნები გამუდმებით იცვლიან ზომას, გადადიან ერთი მდგომარეობიდან მეორეში, და მორის მეტერლინკის სიმბოლიზმი დიდაქტიზმის ელემენტებით, მისტიკური ზღაპრულობა და პოეტური სურათები. შედეგად შეიქმნა ფოლკნერის ეს მეტად თავისებური მოთხრობა-ზღაპარი, რომელსაც ბოლო დროს სულ მეტი და მეტი ყურადღება ექცევა, რამდენიმე ენაზე ითარგმნა და ახლა ქართველ მკითხველსაც მიეცა შესაძლებლობა, გაეცნოს ერთ-ერთი გამორჩეული მოდერნისტი მწერლის ამ სახალისო, წარმტაც და მრავალმხრივ საყურადღებო ლიტერატურულ ექსპერიმენტს. - აცხადებს მთარგმნელი გია გოკიელი.

წიგნი ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერიის „კლასიკოსები ბავშვებისთვის“ ფარგლებში გამოიცა. წიგნს ქართველი ხელოვანის, თინათინ ჩხიკვიშვილის ილუსტრაციებთან ერთად დანართის სახით ორიგინალი, შავ-თეთრი ილუსტრაციებიც ერთვის.

„ეს არის ძალიან უცნაური და იშვიათი წიგნი - მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის, ამერიკელი უილიამ ფოლკნერის ერთადერთი საბავშვო ნაწარმოები, რომელიც 1927 წლით თარიღდება. ის მხოლოდ ავტორის მიერ დამზადებული ხელნაკეთი წიგნის სახით არსებობდა 1967 წლის 8 აპრილამდე, სანამ გამოქვეყნდებოდა ჟურნალ The Saturday Evening Post -ში. სამი დღის მერე კი გამომცემლობა Random House-მა დაბეჭდა დონ ბოლონეზეს მიერ შესანიშნავად დასურათებული წიგნი. მას მერე „ნატვრის ხე“ ინგლისურენოვან სამყაროში აღარც გამოცემულა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. ნაწარმოები არ შესულა ფოლკნერის თხზულებათა არც ერთ კრებულში,“ - აღნიშნავს მთარგმნელი გია გოკიელი.

სერიას „კლასიკოსები ბავშვებისთვის“ აერთიანებს წიგნებს, რომლებსაც ამ ავტორებისგან ბევრი არ ელოდება. გამომცემლობა პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორის, მაია ალუდაურის შეფასებით:

„კლასიკოსები ბავშვებისთვის“ – ეს არის კრებული წიგნებისა, რომლებსაც არ ელოდით. ლევ ტოლსტოი, ვირჯინია ვულფი, ჯეკ ლონდონი, უილიამ ფოლკნერი, ოსკარ უაილდი, ჯ.რ.რ. ტოლკინი - ავტორები, რომელთა შემოქმედებამაც სამუდამო კვალი დატოვა მილიონობით ადამიანის აზროვნებასა და შემეცნებაზე. დიახ, მილიონობით ადამიანი კითხულობდა და კითხულობს მათ შემოქმედებით მემკვიდრეობას, მაგრამ ხშირად ვერც კი წარმოუდგენია, რომ ისინი ხანდახან ბავშვებისთვისაც წერდნენ. „კლასიკოსები ბავშვებისთვის“ გაახარებს და გააოცებს მკითხველს. აქ, ამ სერიაში, 12 უდიდესი ავტორის იშვიათი, მოულოდნელი ნაწრამოებებია, რომელთა უმეტესი ნაწილი არასდროს თარგმნილა ქართულ ენაზე. ქართულად თარგმნილი მსოფლიო კლასიკოსები მკითხველს ელოდებიან,“ - დაამატა მან.

„ნატვრის ხე“ 8 აპრილიდან გაზეთ „კვირის პალიტრასათან“ ერთად იყიდება. მისი ფასი 13.5 ლარია, გაზეთთან ერთად კი მისი შეძენა 15 აპრილამდე 15 ლარადაა შესაძლებელი. სერიის ფარგლებში შემდეგი ტომი მაისში გამოვა.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის