ავტორი:

რას საქმიანობს ვერა ქობალია და რა მისიით დაბრუნდა საქართველოში

რას საქმიანობს ვერა ქობალია და რა მისიით დაბრუნდა საქართველოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია საქართველოში დროებით დაბრუნდა. ამის მიზეზი მისი საქმიანობა და თბილისში ახალგაზრდა გლობალური ლიდერების შეკრებაა.

ქობალია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში მნიშვნელოვან პოსტს იკავებდა, დღეს რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან ეკონომიკური განვითარების მიმართულებით თანამშრომლობს და ამავდროულად, სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევა.

ყოფილი მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრია და ამჟამად კანადის მთავრობასთან ერთად ეკონომიკის მიმართულებით მუშაობს, პარალელურად ჰონგ კონგის უნივერსიტეტში კვლევებს ახორციელებს.

“ბოლო წლებია, რამდენიმე ქვეყნის მთავრობებთან ერთად ვმუშაობ. 3 წელი ვმუშაობდი ავსტრალიის მთავრობასთან, აზიაში და ბოლო ერთი წელია კანადის ადგილობრივ მთავრობასთან British Columbia-ში ვმუშაობ. ასევე, ვმუშაობ ჰონგ კონგის უნივერსიტეტში, როგორც მკვლევარი ტექნოლოგიების მიმართულებით. უნივერსიტეტში ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ვმუშაობ, მთავრობებთან კი ეკონომიკური მიმართულებით ვმუშაობ” - აღნიშნა მან AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ქობალია საქართველოში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა ლიდერების ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე ფორუმზე ჩამოვიდა. მისი თქმით, 2012 წლიდან გეგმავდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერების ჩამოყვანას საქართველოში.

ნინო ზამბახიძესთან, ვალერი ჩეხერიასთან და ქეთი ბოჭორიშვილთან გუნდური მუშაობის შედეგად, საბოლოოდ მოხერხდა ახალგაზრდა ლიდერების თბილისში ჩამოყვანა, რომელთა შორისაც არიან ევროპარლამენტარი, ჰოლივუდის პროდიუსერი, ავიაკომპანიის თავჯდომარე, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, Talking Tom აპლიკაციის შემქმნელი, მალაზიელ პოლიტიკოსი და ბევრი სხვა.

„მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ კომპლექსურად დავანახოთ ახალგაზრდა ლიდერებს რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში, ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები, ვინც დღეს საუბრობდნენ, წარმოადგენდნენ საქართველოს რეალურ სახეს, როგორც ოპოზიციას, ასევე პოზიციას. ხვალ სტუმრები მიგვყავს საოკუპაციო ხაზზე, რადგან ესეც რეალობაა ჩვენი ქვეყნის და იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს წაიღებენ თავის ქვეყანაში და მომავალში უკვე თვითონ ჩამოვლენ თავისი ინტერესით" - თქვა ყოფილმა მინისტრმა.

ქობალიამ დღეს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის, თუმცა ყოფილი მინისტრი იმედოვნებს, რომ ვითარება პოზიტიურად შეიცვლება.

"რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, ჩვენ ყველას გვესმის, რომ 5%-იანი ზრდა არ არის საქართველოსთვის საკმარისი და ამაზე დღეს იყო საუბარი, მაგრამ შევეცადოთ პოზიტიურად ვუყუროთ მომავალს და იმედია, მომავალში ჩვენ კიდევ უფრო დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ", -განაცხადა ვერა ქობალიამ.

ვერა ქობალია ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2010 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე იკავებდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები