ავტორი:

"დავით ბაგრატიონი ღერებით ყიდულობდა სიგარეტს - ფული ქორწინების შემდეგ ტიტულების გაყიდვით იშოვა" - ანა ბაგრატიონის ადვოკატი

"დავით ბაგრატიონი ღერებით ყიდულობდა სიგარეტს - ფული ქორწინების შემდეგ ტიტულების გაყიდვით იშოვა" - ანა ბაგრატიონის ადვოკატი

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატის ლევან გორელაშვილის განცხადებით, ტყუილია, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო. მისივე თქმით, ის „თავს ევროპაში ასაღებს, როგორც სამეფო ოჯახის მეთაური.“

„ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. თანასაკუთრება შეიძლება აღრიცხული იყოს ერთი მეუღლის საკუთრებად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე მეუღლეს არ აქვს თანასაკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რომელიც ქორწინების პერიოდშია შეძენილი.

მემკვიდრეობასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ერთი მარტივი რაღაც უნდა იცოდეს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი წლების განმავლობაში საპატრიარქოს მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. თუ ასეთი მდიდარი მამკვიდრებელი ჰყავდა, რომ გარდაცვალების მერე მილიონები დაუტოვა, სიცოცხლეში მიეცა იმ ადამიანისთვის ერთი-ორი კაპიკი, საპატრიარქოს ხარჯზე რომ არ ყოფილიყო. ღერებით ყიდულობდა ეს ადამიანი სიგარეტს. შვილი რომ შეეძინა, მშობიარობის ხარჯები საპატრიარქოს დააფინანსებინა. თუ ასეთი მდიდარი მამკვიდრებელი ჰყავდა ამ დალოცვილს, სიცოცხლეშივე როგორ ვერ უზრუნველყო, რომ საპატრიარქოსთვის ქირის ფული არ გამოერთვა. ეს არის ტყუილი. მას მემკვიდრეობით არაფერი მიუღია. მან ფული ქორწინების შემდგომ, ტიტულების გაყიდვის გზით იშოვა. ეს არის სწორედ ის ბიზნესი, რომელსაც ამ დავის ფარგლებში საფრთხე დაემუქრა. მოწინააღმდეგე მხარე სწორედ ამიტომაა გააფთრებული, რომ დავა არ შედგეს და მომავალში კვლავაც შეძლოს ხალხის მოტყუება და საკუთარი თავის წარმოჩენა, თითქოს ის ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შთამომავალია,“ - განაცხადა ლევან გორელაშვილმა.

ადვოკატმა ძალადობის შესაძლო ფაქტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მათი მიზანი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ციხეში ჩასმა არ არის.“

„ძალადობის ფაქტები გავასაჯაროვეთ და იმის მაგივრად, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ეღიარებინა, აქეთ მივიღეთ ბრალდება და ცილისწამება, რომ თითქოს შავ პიარს ვუგორებთ. ამან იძულებული გაგვხადა, რომ გაგვესაჯაროვებინა კონკრეტული დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ვალდებული გახდა საქმე გამოეძიებინა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი სიტყვების სიმართლე დამტკიცდეს. აღიაროს ბატონმა დავითმა, რომ ძალადობდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ციხეში ჩასმა ჩვენი ინტერესი რომ ყოფილიყო, ამის გაკეთება 2014 წელს ძალიან მარტივად შეიძლებოდა, რაც მაშინ ქალბატონმა ანამ არ გააკეთა და დღესაც არ აკეთებს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ლევან გორელაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ თითქოს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკს საგურამოში „ფეხი დადგმული არ აქვს“.

„ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ჩვენ წარვადგინეთ ანძებიდან ამონაწერი, რომლითაც დგინდებოდა, რომ ძალადობის დღეს ანას ტელეფონიც და დავითისაც, ორივე საგურამოს დაფარვის ზონაში არსებული ანძის მიერ არის დაფიქსირებული. რაც ნიშნავს, რომ ერთად იყვნენ. ახსნას ახლა ბატონმა ლევან ჩხეიძემ ის სიტყვები, რომლითაც ამბობდა, რომ ანას იქ ფეხი არ აქვს დადგმულიო, მაშინ როცა, ჩვენ მიერ ამოღებულ დეტალურ ამონაწერში ანას ტელეფონის ნომერი საგურამოს ანძის მიერ 700-ჯერ არის დაფიქსირებული,“ - განაცხადა ლევან გორელაშვილმა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის „ემოციების კონტროლისკენ" მოუწოდებს.

"პიროვნულად ანას არ ვიცნობ, თუმცა როგორც საერთო საურთიერთობო წრიდან ვიცი, ის საკმაოდ ამბიციური და ამპარტავანი ადამიანია, სასამართლოში გუშინდელი კრახი მის ამპარტავნებაზე ძალიან მძიმედ აისახა. არ გამოვრიცხავ, რომ იგი გააფთრებული და გავეშებული აგრძელებს დავას. მოვუწოდებ, რომ ემოციები ცოტა მოთოკოს, მარცხი ღირსეულად მიიღოს, სიტუაცია გაანალიზოს და შეწყვიტოს აღნიშნული უპერსპექტივო დავა სასამართლოში", - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გუშინდელი გადაწყვეტილება მოსამართლეების მიერ მიღებული იყო თუ სხვა მხარის ჩარევის შედეგი, ლევან ჩხეიძემ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია.

"არანაირი გარედან ჩარევა ამ საქმეს არ სჭირდებოდა. გამოვრიცხავ საპატრიარქოს ჩარევას და პირიქით, ვიტყვი, რომ ის მოცემულ დავაში არც ერთი მხარის სასარგებლოდ საერთოდ არ ჩარეულა", - განაცხადა ადვოკატმა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ისაუბრა დავის იმ ნაწილებზეც, რომლებიც შესაძლო ძალადობასა და ქონების გაყოფას ეხება. მისი თქმით, მხარეებს შორის არსებობს განქორწინების კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც "მხარეებმა უარი თქვეს ერთმანეთთან მიმართებით ყოველგვარ ეკონომიკურ კომპენსაციაზე."

„ქონების ნაწილში არ მიმაჩნია, რომ დავა შესაწყვეტია, წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, ამ ნაწილში დავა განსახილველია, ოღონდ სასამართლომ უარი უნდა უთხრას, მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. იმიტომ, რომ მემკვიდრეობით და ჩუქებით მიღებული ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. ჩემს მარწმუნებელს პრაქტიკულად არსად უშრომია, არ უმუშავია, არც რაიმე ბიზნესი ჰქონია. მისი მთელი შემოსავალი მემკვიდრეობით მიღებული ქონებაა. ამ ქონებით შეიძინა ავტომობილები. შესაბამისად, ეს ქონება გაყოფას არ ექვემდებარება.

ასევე, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, ფაქტობრივად შეწყვეტილი ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. მესამე ნაწილი - ძალადობა ასევე ექვემდებარება შეწყვეტას გამოძიებაშივე. უარვყოფთ ამ ძალადობაში რაიმე ფორმით მონაწილეობას. მოცემულ დანაშაულზე ხანდაზმულობის სისხლის სამართლის ვადა 2016 წელს ამოიწურა,"-განაცხადა ლევან ჩხაიძემ.

რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენების მისაცემად გამოცხადდეს, ადვოკატი ძველ პოზიციაზე რჩება და აცხადებს, რომ ეს გამორიცხულია.

"კანონმდებლობის შესაბამისად, როგორ ადის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქალაქის პოლიციის სამმართველოს კიბეებზე, ამ სცენას ვერავინ ნახავს", - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

მისივე ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„ანას ქმედების პირდაპირპროპორციული იყო ყოფილი დედამთილის გულის გახეთქვა. მისი გულის გახეთქვის პირდაპირპროპორციული იყო ადამიანის წასვლა დედასთან.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში, როგორც კი, მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნება", - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა "გრუ“-ს 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართ, ჰაკერული თავდასხმის გამო, ბრალი წაუყენა

თბილისში გაუპატიურებისა და თვითნებობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - "ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სქესობრივი კავშირი დაამყარა"

გაერთიანებული ოპოზიციის  წევრის ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს