ავტორი:

დიდნაური - ანტიკური ქალაქ-სახელმწიფო შირაქის ველზე, რომელიც მიწისძვრამ გაანადგურა

დიდნაური - ანტიკური ქალაქ-სახელმწიფო შირაქის ველზე, რომელიც მიწისძვრამ გაანადგურა

როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები? რა ტრადიციები ჰქონდათ, რაც შემორჩენილი აღარ არის? საერთოდაც, ვინ იყვნენ ისინი? - ამ კითხვებზე პასუხები შესაძლოა, უდიდესი მნიშვნელობის აღმოჩენაში იმალებოდეს, რომელსაც მეცნიერებმა კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროდან 9 კილომეტრში, შირაქის ველზე მიაკვლიეს.

ძვ.წ მე-13 საუკუნეში, თურმე შირაქის ველზე ცხოვრება "დუღდა". 15 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე ქალაქი იყო გაშენებული, რომელიც მეცნიერების ვარაუდით, სახელმწიფოს მსგავსი მოწყობის უნდა ყოფილიყო. უძველესი სამარხებიდან დიდნაური ყველაზე უფრო მასშტბურია, რაც აქამდე აღმოჩენილა მთელ სამხრეთ კავკასიაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახურის უფროსი კონსტანტინე ფიცხელაური AMBEBI.GE-ს უყვება, რომ არქეოლოგებმა ნაქალაქარი შირაქის ველზე რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს და ის სამეცნიერო ლიტერატურაში „დიდნაურის“ სახელწოდებით შევიდა. ნაქალაქარში არქეოლოგიური სამუშაოები კი 4 წლის წინ დაიწყო. ექსპედიციის ხელმძღვანელი კონსტანტინე (კიაზო) ფიცხელაური გახლდათ.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი განმარტავს, ნაქალაქარის მასშტაბების გამო სპეციალისტებს „დიდნაური“ სრულად არ შეუსწავლიათ, თუმცა წლიდან წლამდე ახალ აღმოჩენებს აკეთებენ. არქეოლოგები განმარტავენ, რომ „დიდნაურის“ სრულად გამოკვლევა საშვილიშვილო საქმეა, რადგან ერთი სიცოცხლე მის შესწავლას არ ეყოფა.

  • როგორ გამოიყურებოდა "დიდნაური" და ვინ ცხოვრობდა ქალაქ-სახელმწიფოში?

ნაქალაქარი შირაქის ველზე იყო გაშენებული. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დიდნაურის გარშემო, მთის წვერსა და ბორცვებზე პატარ-პატარა ნაქალაქარებია შემორჩენილი. სწორედ ამიტომ, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, დიდნაური ცენტრალური ქალაქი იყო, რომელსაც გარშემო თავდაცვითი ნაგებობები ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ დიდნაურის თავდაცვითი კედლის სიგანე 4,5 მეტრია, გარს კი 22 მეტრის სიგანის თავდაცვითი თხრილი აქვს შემორტყმული.

„ეს თხრილი ძალიან საინტერესოა, რადგან ქალაქისკენ გასასვლელი მთელი მხარე თიხით არის მოლესილი. თიხით მოლესვა საჭირო იყო მომხდურებისგან თავის დასაცავად, შეჭრის მსურველებს ფეხი რომ ასრიალებოდათ“ - განუმარტა AMBBEI.GE-ს კონსტანტინე ფიცხელაურმა.

ამავე ქალაქის ჩრდილოეთით, არქეოლოგებმა ცოტა ხნის წინ ძვ.წ მე-13 საუკუნის სამაროვანი ანუ სასაფლაო გათხარეს. ყველაზე საინტერესო მოვლენები სწორედ აქედან დაიწყო.

"სამაროვანში დაახლოებით, 50-მდე სამარხია შესწავლილი, სადაც უამრავი ბრინჯაოს ნივთი აღმოვაჩინეთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი და საინტერესო აღმოჩენა, რაც ამ სამარხებში გავაკეთეთ არის ის, რომ ამ პერიოდის სამარხებსა და ძეგლებში, საბრძოლო მახვილი მიცვალებულს წელის არეში აქვს, დიდნაურის სამაროვანში აღმოჩენილი მიცვალებულების უმეტესობას კი ზურგის არეში. ეს შესაძლოა, მახვილის ტარების წესზე მიუთითებდეს“, - აღნიშნა კონსტანტინე ფიცხელაურმა.

გარდა ამისა, დიდნაურის სამაროვანის ერთ-ერთ სამარხში, რომელიც სავარაუდოდ, დიდგვაროვანს ეკუთვნის, არქეოლოგებმა საინტერესო ბრინჯაოს მასალა და სავარაუდოდ, აღმოსავლური წარმოშობის ოთხწახნაგა ისრის პირი იპოვნეს, რომელიც ბრძოლასა და ომზე მიუთითებს.

„გარდაცვლილს თავზე ბრინჯაოს დიადემა ჰქონდა, რომელიც ალბათ, მისი დიდგვაროვნების დამადასტურებელი ნიშანია; მუცლის არეში აღმოაჩნდა ოთხწახნაგა ისრის პირი, რომლითაც სავარაუდოდ, გარდაიცვალა. ეს ისარი კავკასიურს არ ჰგავს, უფრო აღმოსავლურია. შეგვიძლია ვივარაუდოთ ის, რომ დიდგვაროვანი ბრძოლაში დაიღუპა მომხდურთან, რომელიც ადგილობრივი არ არის. შესაბამისად, იყო ბრძოლა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მეორე ისრის პირი თავდაცვითი გალავნის გარეთა კედელში შერჭობილი ვიპოვნეთ. შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, რომ ბრძოლაში დიდნაურის მცხოვრებლებმა გაიმარჯვეს. ასე რომ არ მომხდარიყო, დიდგვაროვანი მსგავსი პატივით არ დაიკრძალებოდა, მაგრამ ვინ იყო და რა მოხდა, ამაზე საუბარი რთულია“, - აღნიშნა ექსპედიციის ხელმძღვანელმა.

სამაროვანში აღმოჩენილი გარდაცვლილების დნმ-ს ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ „დიდნაურის“ მცხოვრებლები კავკასიურ რასას ეკუთვნიან.

„ეს მიცვალებულები ძალიან დიდი ზომის ხალხი იყო. რამდენი სამარხიც გაგვითხრია, ძირითადად, მომცრო ტანის ხალხი აღმოგვიჩენია. ამ სამარხში აღმოჩენილი მიცვალებულები კი 1,75-1,80 სიმაღლის არიან. ასეთი ნაქალაქარი გარშემო ძალიან ბევრია, შესაბამისად, ეს არის ერთი ცივილიზაცია, რომელიც ამ ტერიტორიაზე საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და დაკავებულ ტერიტორიას აკონტროლებდა. ამავდროულად, ეს იყო სერიოზული ძალა" - განმარტა სპეციალისტმა.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ დიდნაურში მცხოვრებლები განვითარების მაღალ საფხურზე იყვნენ, რადგან გათხრების დროს აღმოაჩინეს ქუჩა, რომელიც კენჭებითა და ხვინჭით არის მოკირწყლული.

„ძვ.წ მე-13 საუკუნეში ასეთ ნაქალაქარს ფაქტობრივად, ანალოგი არ გააჩნია. წარმოიდგინეთ, რა დონეზე უნდა იყვნენ ადამიანები განვითარებულები, რომ თავიანთ კომფორტზე იფიქრონ. აქ სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშნები ჩანს, ეს ქალაქ-სახელმწიფოა და არა ნამოსახლარი“, - აღნიშნავს კონსტანტინე ფიცხელაური.

როგორც სპეციალისტი გვეუბნება, ძვ.წ მე-13 საუკუნეში შირაქის ველი წყალუხვი ტერიტორია უნდა ყოფილიყო. არქეოლოგებმა ამის დამადასტურებელი ნიშნებიც აღმოაჩინეს.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჩატარდა კვლევა და აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში, შირაქში უხვი იყო წყალმომარაგება. ამ ადგილსაც ჩრდილო-დასავლეთით აქვს უზარმაზარი რეზერვუარი, რომელიც ჯერ გათხრილი არ არის. შესაძლოა, ქალაქს წყლით სწორედ ეს რეზერვუარი ამარაგებდა. თვითონ სახელწოდება ადგილიდან მოდის - „დიდნაური“ დაახლოებით, მიწის სიღრმიდან ამომავალ წყალს ნიშნავს. ეს ტერიტორია წყალუხვი იყო. ნამოსახლარები და განსაკუთრებით, პრეისტორიული, შეუძლებელია აშენდეს იქ, სადაც ახლომახლო წყალი არ არის. შესაბამისად, ამ ქალაქს წყალმომარაგება აუცილებლად უნდა ჰქონოდა“ - აღნიშნა არქეოლოგმა.

ნაქალაქარში არქეოლოგებმა ე.წ. „შესაწირი მაგიდაც“ იპოვნეს, რომლის ანალოგიც, წყაროების მიხედვით ხეთებთან ფიქსირდება.

"როდესაც სამხრეთი თავდაცვითი კედელი ითხრებოდა, იქ აღმოჩნდა ე.წ შესაწირი მაგიდა. ეს არის მცირე ზომის, დაახლოებით 1,5 მეტრი სიგრძის, თიხისგან გაკეთებული ფილასავით მაგიდა, რომელსაც შიგნით ორმოები აქვს. ამ ორმოებში „დიდნაურის“ მცხოვრებლები შესაწირს წირავდნენ. ასეთი მაგიდის პარალელი იძებნება აღმოსავლეთში, ხეთებთან, რაც წერილობით წყაროებშია დადასტურებული.

როდესაც ხეთები აშენებდნენ შენობას, ისინი აკეთებდნენ შესაწირ მაგიდას და სწირავდნენ იმ ღმერთს, რომელსაც ეთაყვანებოდნენ. ღმერთს სთხოვდნენ, რომ შენობა ყოფილიყო მდგრადი და გამძლე. ეს ძალიან საინტერესო დეტალია“, - განმარტა ფიცხელაურმა.

ამასთან, დიდნაურის ცოტა მოშორებით აღმოჩენილია ბრინჯაოს ცხენებშებმული საბრძოლო ეტლი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სახელმწიფოს რეგულარული არმიის დამადასტურებელი ნიშანია.

„ეს საბრძოლო ეტლი ცოტა მოშორებით არის აღმოჩენილი. ეტლში ცხენები იყო შებმული. ეს შეიარაღება ჩვეულებრივ გლეხსა და მიწათმოქმედს არ აქვს. ეს არის რეგულარული არმიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ნამოსახლარის 4,5 მეტრის სიგრძის თავდაცვითი კედლის სიმაღლე დაახლოებით, 14-15 მეტრი იყო, შესაბამისად, ეს იყო გრანდიოზული ქალაქი, აღმოჩენილ ეტლს კი როგორც გალავანზე სიარული, ისე შეიარაღებაში ყოფნა შეეძლო“ - აღნიშნა ექსპედიციის ხელმძღვანელმა.

  • რამ გაანადგურა 15 ჰექტარ ფართობზე გაშენებული, განვითარებული სახელმწიფო?

სეისმოლოგებმა დაადგინეს, რომ მიზეზი მიწისძვრა უნდა ყოფილიყო. ამასთან, გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ პირვანდელი სახე ქალაქს ფაქტობრივად, შენარჩუნებული აქვს.

კონსტანტინე ფიცხელაურის თქმით, „დიდნაურის“ მიმდებარედ მსგავსი ნამოსახლარები ბევრია, რომელიც შესწავლას საჭიროებს.

"დედოფლისწყაროდან რომ შემოდიხარ, რელიეფს რომ შეხედო, თითქოს დერეფანივითაა და შემდეგ შედიხარ ამ უზარმაზარ სივრცეში. ჩემი აზრით, ეს აღმოჩენა ამიერკავკასიის მასშტაბით უნდა განიხილებოდეს, რადგან მაშინ საზღვრები არ იყო, არც აზერბაიჯანი, არც სომხეთი და თუ მთლიანობაში არ გავარკვიეთ, რა ხდება, ყველაფრის გაგება რთული იქნება. ძეგლის გათხრას თუ ბოლომდე მივიყვანთ, შედეგებს მოგვცემს“ - აღნიშნა არქეოლოგმა.

კონსტანტინე ფიცხელაური განმარტავს, რომ სავარაუდოდ, „დიდნაურის“ მცხოვრებლები ისეთ ძლიერ დამპყრობლებს ებრძოდნენ, როგორიც ურარტუელები იყვნენ.

„ჩემი სტუდენტობის პერიოდში გიორგი მელიქიშვილი იყო პროფესორი, რომელიც ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიას კითხულობდა და აღნიშნავდა, რომ ურარტუ და ის ხალხი, რომლებიც დამპყრობლები იყვნენ და რომელთაც უძლიერესი არმია ჰყავდათ, ჩრდილოეთით რომ შემოდიოდნენ, რაღაც ტერიტორიამდე აღწევდნენ, ამის შემდეგ კი გზას ვეღარ აგრძელებდნენ. მაშინ პასუხი ვერ გაეცა, ასე რატომ ხდებოდა...

შირაქის ველზე დღევანდელი აღმოჩენების შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დამპყრობლებს სწორედ ეს ხალხი დახვდა და უბრალოდ, არ მისცეს საშუალება, რომ შემოსულიყვნენ და ტერიტორია დაეკავებინათ. რა თქმა უნდა, ეს ვარაუდია, მაგრამ დიდი შანსია, რომ ასე მომხდარიყო“, - განმარტა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.

კიდევ რამდენ საიდუმლოს მალავს 15 ჰექტარზე გაშენებული უძველესი ნამოსახლარი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში ფარდა აეხდება...

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, Amazon-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი სტუდენტებს წარმატებული კარიერის შექმნის შესაძლებლობებზე ესაუბრა

UFC -ის მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა საქართველოში მასტერკლასი ჩაატარეს

"ნუ აჰყვებით ცილისწამებას" - კულტურის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის შენობის დანგრევა სურთ