ავტორი:

„საკუთარი წიგნი კარგი შეგრძნებაა, რაღაც კუთხით შვილსაც შეიძლება შეადარო“- ალეკო შუღლაძის პირველი წიგნის ამბავი

„საკუთარი წიგნი კარგი შეგრძნებაა, რაღაც კუთხით შვილსაც შეიძლება შეადარო“- ალეკო შუღლაძის პირველი წიგნის ამბავი

პირველი ნაწარმოები ავტორისთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. ხშირად ის ფართო საზოგადოებამდე ვერც აღწევს, მაგრამ ავტორისთვის მაინც გამორჩეულად ძვირფასია. რიგ შემთხვევაში კი მწერლები ცნობილები თავისი პირველივე ნაწარმოებით ხდებიან. საინტერესოა, რომელია ცნობილი ქართველი მწერლების პირველი ნაწარმოებები და რა ბედი ეწია მათ. გადავწყვიტეთ, პირველი წიგნის ისტორიები შეგვეგროვებინა.

ალეკო შუღლაძე თავის პირველ ნაწარმოებს იხსენებს:

„სულ პირველად სცენარი დავწერე, „გვირაბში“ ერქვა. რომელიც მოთხრობად გადავაკეთე. ძალიან მაგარი გამომივიდა. ვამაყობდი მანამდე, სანამ მეგობარმა არ მითხრა, რომ ერთი-ერთში დიურენმატის მოთხრობას ემთხვევაო. დიურენმატის მოთხრობა რუსულ ენაზე ვიპოვე, წავიკითხე, მართლა ეგრე იყო. უფრო მეტიც, ფრიდრიხ დიურენმატის მოთხრობას სახელიც კი იგივე ჰქონდა: „გვირაბში“. ბევრი ფიქრი საჭირო არ იყო, მოთხრობა ნაგავში მოვისროლე. თან ნაგვის ბუნკერი მაშინ პირდაპირ სახლში გვქონდა დამონტაჟებული და იქ ჩავაგდე. შემდეგ ისეთი მოთხრობების წერა დავიწყე, რომლის სიუჟეტიც სხვას არ უნდა დამთხვეოდა. რამდენიმე თვეში 4 მოთხრობა დავწერე და „ცისკარში“ მივიტანე. ცისკრის მაშინდელ რეადაქტორს ჩემი ნამუშევრები ისე ძალან მოეწონა, რომ ადგილზე შეხტა. ოთხივე დაბეჭდა. სათაურებიც უცნაური ჰქონდა: „ნახე, ნახე, როგორ ქანაობს“, „ჰოპ და ისევ ზურგზე გადავტრიალდი“, „რას ინებებთ“...

მაგრამ ეს მოთხრობები არცერთ წიგნში არ შესულა. მე კი ახალ მოთხრობაზე ვმუშაობდი: „პასუხები ერთ-ერთი მცირეტირაჟიანი ჟურნალისთვის“. რომელიც უკვე მოგვიანებით მოხვდა წიგნში „გაქცევის მცდელობა“.

სწორედ იმ მომენტში აღმოსავლური რელიგიების და ფილოსოფიის შესწავლა დავიწყე და 2001 წლის დასაწყისში გამოვიდა ჩემი პირველი რომანი „სამსარა“, რომელიც ერთგვარი სინთეზი იყო, აღმოსავლეთის და ალბერ კამიუს „შავი ჭირის“. რომანი არაერთგვაროვნად მიიღო მკითხველმა, ზოგს მოსწონდა, ზოგს არა. ერთმა ისიც კი მითხრა, ტექსტში ძალიან ბევრი „რომ“ არის გამოყენებულიო.

საკუთარი წიგნი კარგი შეგრძნებაა, რაღაც კუთხით შვილსაც შეიძლება შეადარო, ყველა პლიუს-მინუსით გიყვარს. ამიტომ ბოროტ ლიტერატურულ კრიტიკოსებზე, მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენა რომ სურთ, ვბრაზობ ხოლმე, ნაწარმოებს როცა გვიგინებენ. ისე ვწერ, ნიჭი სადამდეც მყოფნის, ვარ ბედნიერი და თავი დამანებეთ რა.

უცნაურია, მაგრამ თითქმის 20 წლის მერე მხვდებიან ადამიანები, (კიდევ უფრო უცნაურია - უმეტესად უცხოეთში მცხოვრები ქართველები), რომლებიც აღნიშნავენ, რომ ამ რომანმა ძალიან დიდი ზემოქმედება მოახდინა მათზე. „სამსარას“ ტირაჟი აღარ არსებობს, ძველი სახით დაბეჭვდვას აღარ ვისურვებდი. ვაპირებ, „სამსარა“ გადავაკეთო და თავიდან გამოვცე“.

ასეთია ალეკო შუღლაძის პირველი წიგნის ისტორია. დამწყებ მწერლებს კი დიდი შანსი ეძლევათ, რომ მათი პირველივე წიგნები ბესტსელერები გახდნენ. ამ შესაძლებლობას ავტორებს „პალიტრა L-ის“ კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ აძლევს. თუ გაქვს სურვილი და ნიჭი იმისა რომ წერო, ეს კონკურსი ნამდვილად შენთვისაა, რადგან კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა.

უკვე ორი წელია კონკურსი „ გახდი ბესტსელერის ავტორი“ ნიჭიერ ადამიანებს ეძებს და აძლევს იმის საშუალებას, აიხდინონ ყველაზე სანუკვარი სურვილი- შეუერთდნენ მათთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მწერლების რიგებს. პირველი ორი კონკურსის გამარჯვებული ნაწარმოებები დღეს ქართულ ბაზარზე რეალური ბესტსელერები არიან, ახლა კი შენი ჯერია!

თუ გიყვარს წერა, თუ გიყვარს ლიტერატურა და გინდა შენი სახელი ამ სამყაროს დაუკავშირო, 1 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით აუცილებლად უნდა გამოგზავნო განაცხადი მეილზე: book@palitra.ge და მისცე შენს ოცნებას ახდენის საშუალება.

განაცხადის შესახებ და სხვა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი