ავტორი:

"გარდაცვლილ დედას რომ დავყურებდი, იგივე განცდა მექნება დამწვარი ტაძრის დანახვაზე" - რას ჰყვება ქართველი მხატვარი, რომელმაც ნოტრ-დამი 60-ჯერ დახატა

"გარდაცვლილ დედას რომ დავყურებდი, იგივე განცდა მექნება დამწვარი ტაძრის დანახვაზე" - რას ჰყვება ქართველი მხატვარი, რომელმაც ნოტრ-დამი 60-ჯერ დახატა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა მსოფლიოში არავინ დატოვა გულგრილი... ცნობილი ქართველი მხატვარი რეზო ადამია, რომელმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ესსე მიუძღვნა და დაახლოებით, სამოცჯერ დახატა იგი, თავის ემოციებს გვიზიარებს. ფრანგებმა ადამიას ნახატი, დიდი მხატვრების შემოქმედების გვერდით, ბარათებად დაბეჭდეს და მთელ მსოფლიოში ათიათასობით იყიდებოდა.

მხატვარს, პარიზის პეიზაჟების შექმნისთვის, ათი წლის განმავლობაში იწვევდნენ მსოფლიო ხელოვნების ცენტრში. პარიზის უძველესი რესტორნის მეპატრონემ კედლიდან ჩამოხსნა ყველა ნახატი და რეზო ადამიას მიერ დახატული პარიზის ღვთისმშობლის 18 ნახატი განათავსა. მხატვარს ტაძრის 20 ნახატი აქვს თბილისში და ამბობს, რომ სასურველი იქნება ზურაბ წერეთლის მუზეუმში გამოიფინოს.

რეზო ადამია:

- ბევრი წლის წინ პარიზში პერსონალური გამოფენა მქონდა და იქ ჩასვლისას, თვითმფრინავიდან რომ ვეშვებოდი, წარმოსახვაში ფრანგმა გენიოსებმა გაიელვეს - ოგიუსტ როდენი, ონორე დე ბალზაკი, პოლ სეზანი, ვინსენტ ვან გოგი... ვუყურებდი ზემოდან ქალაქს და ვფიქრობდი, რომ იქ ქმნიდნენ ეს გენიები საოცრებებს! ერთი სული მქონდა, როდის დავდგამდი ფეხს პარიზში და როცა ქალაქში შევედით, გაოგნებული ვიყავი - სამოთხეზე უკეთეს ადგილზე რომ მოვხვდი. უკვე საღამო იყო და ქართულ საელჩოში მისული ვიხვეწებოდი, ამაღამ ვერ დავიძინებ, გემუდარებით მაჩვენეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი-მეთქი. საელჩოში მანქანები ჰყავდათ, სურვილი შემისრულეს, გამიყვანეს და არასოდეს დამავიწყდება ის განცდა.

ხიდთან ვიდექი და შევყურებდი ღამის შუქებით განათებულ ნოტრდამს... არ არსებობს იმაზე დიდი განცდა, რა შთაბეჭდილებაც ამ ტაძრის ნახვამ მოახდინა! ვამბობდი მართლაც ასეთი უნდა იყოს ღვთის სახლი-მეთქი. წარმოიდგინეთ, თითქმის ყოველდღე მივდიოდი ტაძარში, იქ სანთელს ვანთებდი, ან ესსეს ვწერდი, ან ტაძარს ვხატავდი. დაახლოებით სამოცჯერ დავხატე და ნახატები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული - ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში... კონკურსში რომ გავიმარჯვე და მსოფლიო ხელოვნების ცენტრში მიმიღეს, ათი წელი მიწვევდნენ ფრანგები.

პარიზის ღვთისმშობლს ტაძრის უკან იყო ჩვენი ცენტრი და დილით სამუშაოდ რომ გავდიოდი, ტაძართან უნდა გამევლო, ან ტაძარი უნდა დამეხატა. პარიზის პეიზაჟებს ვხატავდი და ამიტომაც ფრანგები ერთი წლის ნაცვლად, ათი წელი მიწვევდნენ. ტაძრიდან ქვები ცვიოდა, ერთი ქვა ავიღე და ჩემთან მაქვს თბილისში, რომელსაც დიდი რუდუნებით ვინახავ... ისეთი ქვებით არის აშენებული, მზის სხივებისგან ადვილად იშლება.

ჰიუგოს დროს იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, რომ ჰიუგომ დიდი ამბავი ატეხა, მთავრობა შეაწუხა და იძულებული გახადა დიდი რესტავრაცია ჩაეტარებინათ. მე როდესაც ტაძარში მივდიოდი, იმ პერიოდში ძალიან დიდი ყურადღება იყო, ტაძარს სულ თავს ევლებოდნენ და მთელი მსოფლიოს ტურისტებიც იქ ტრიალებდნენ.

- როგორც ახსენეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან ათი წლის განმავლობაში ყოველდღე მიდიოდით...

- დიახ და თითქოს მაინც არ მყოფნიდა... ზუსტად იგივე მემართება მცხეთის ჯვართან ყოფნისას, სულ იქ მსურს ვიყო! არ შეიძლება კაცი დაკმაყოფილდე და ყოველ ნახვაზე ახალი არ აღმოაჩინო! მართალია, შენობები განსხვავებულია, მაგრამ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ემოციურად მცხეთის ჯვარს მაგონებს... უამრავი ხელოვანი იყო, ჩემსავით, მონუსხული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრით. უცნაურია, რუსებიდან მხოლოდ ორმა თუ დახატა.

როდესაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვოდა, ტელევიზიით ვუყურებდი კადრებს და ვერ ვიჯერებდი. ვერაფრით წარმომედგინა ტაძარს თუ ცეცხლი გაუჩნდებოდა. საშინელება იყო, რომ ვერ აქრობდნენ და ოჯახის წევრებს ვეუბნებოდი, ალბათ მოვკვდები ამ სურათის შემყურე-მეთქი... საშინელ დღეში ვიყავი, სრულიად მოშხამული და მაიმედებდნენ ნუ გეშინია, უშველიანო. იმედი მაქვს, ყველაფერი აღდგება, მაგრამ შიგნით რომ შეხვიდოდი, სიძველის სუნი, უძველესი ტყავის სკამები, ის ყველაფერი ხომ სულ სხვა იყო... რაც მოხდა, მსოფლიო ტრაგედიაა! ვიხსენებდი, გერმანელი ფაშისტები რომ საფრანგეთში შევიდნენ და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არც გაუკაწრიათ... საშინელი ომი იყო, მაგრამ ტაძარს ვერც მიეკარნენ, როგორც საკუთარს ისე ექცეოდნენ...

- ალბათ მალე ისევ ჩახვალთ პარიზში და როგორ წარმოგიდგენიათ ტაძართან მისვლა?

- ამის გაფიქრებაც აღარ მინდა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო, სხვა გზა არ არის... რას ვიზამთ ცხოვრება ასეთია! გარდაცვლილ დედას დავყურებდი, ვგლოვობდი და ვეფოფინებოდი... იგივე განცდა მექნება, როდესაც პარიზის ღვთისმშობლის დამწვარ ტაძართან მივალ...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი