ავტორი:

"ვხატავდი, სანამ საქართველოში ოქროსფერი საღებავი არ გამოილია" - გაიცანით 18 წლის მხატვარი, რომელმაც ახალ მიმდინარეობას დაუდო საფუძველი

"ვხატავდი, სანამ საქართველოში ოქროსფერი საღებავი არ გამოილია" - გაიცანით 18 წლის მხატვარი, რომელმაც ახალ მიმდინარეობას დაუდო საფუძველი

თეკლა მელაძე 18 წლის მხატვარია, რომელმაც ხელოვნებაში ახალი მიმდინარეობა შექმნა... ამ მიმდინარეობას ხელოვნებათმცოდნეეებმა "მონოტონიზმი" უწოდეს... უნიჭიერესი თეკლა მელაძე თავად გვიამბობს, როგორ მიაღწია წარმატებებს და რატომ არის მისი შემოქმედების მიმართ განსაკუთრებულად დიდი ინტერესი:

- ხატვა ძალიან პატარამ დაიწყეთ, გვიამბეთ პირველ საფეხურებზე...

- ხატვა 13 წლის ასაკში დავიწყე. ეს იყო ჯემალ და გიორგი კუხალაშვილების ხატვით გამოწვეული ემოცია, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებად ზურაბ ნიჟარაძესთან შეხვედრის შემდეგ იქცა. რა წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო, ყოველთვის ვიქნები ამ ადამიანების მადლობელი. ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ბატონი ზურას სიტყვები, როცა, საერთოდ გამოუცდელ ბავშვს, რომელსაც არასოდეს არ უცდია ხატვა, მითხრა, რომ ყველაფერს შევძლებდი, დამიბარა ერთ კვირაში, ნახატები რომ მეჩვენებინა და შემდეგ ისე მაქო, თითქოს ვინმე პროფესიონალს აფასებდა... მისმა გადაჭარბებულმა შექებამ, დამაჯერა, რომ მართლა რაღაცა შემეძლო და ხატვა დავიწყე. ხატვა დღე და ღამე, ხატვა კლასში, სახლში, მანქანაში. მოკლედ, გაუთავებლად და ყველგან ვხატავდი...

- მშობლების ღვაწლი რამდენად დიდია თქვენ მიღწევებში?

- ჩემი მშობლები გამომცემლები არიან, ხელნაკეთ მინიატურულ წიგნებს უშვებენ. როგორც ყველა შვილის ცხოვრებაში მშობელს უდიდესი წვლილი აქვს, ასევე ჩემს ცხოვრებაშიც. ამავდროულად, ისინი ჩემი მეგობრებიც არიან, მაგრამ ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგან ერთადერთი რაზეც მსაყვედურობენ, ეს მათი ხსენება და წვლილის აღნიშვნაა.

თეკლა მელაძე და ზურაბ ნიჟარაძე

- გვიამბეთ პარიზში ყოფნაზე და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე...

- ვიდრე პარიზში ყოფნას გავიხსენებდე, გეტყვით რომ შეძრული ვარ ნოტრ-დამში მომხდარი ხანძრის გამო. ვფიქრობ, მთელი მსოფლიო გვერდით დაუდგება საფრანგეთს, ამ დიდებული ტაძრის აღსადგენად. დიახ, სწორედ პარიზში, მონმარტზე ვნახე ერთდროულად საგამოფენო დარბაზში ერთად გამოფენილი 50-მდე ქართველი მხატვრის ნამუშევარი, მონმარტელი მხატვრები ქუჩაში, ჯემალ და გიორგი კუხალაშვილების გამაოგნებელი "ვორქშოპი". ამ ყველაფერს 10 დღე ვუყურებდი და ბავშვური ტვინით ჩავთვალე, რომ რაკი ბატონი ჯემალი ასე სწრაფად ხატავდა ძალიან იოლი იყო ხატვა.

- პირველი წარმატება როდის მოვიდა?

- პირველი წარმატება, როგორც ავღნიშნე, იყო ზურაბ ნიჟარაძის შექება, რადგან რომ არა ის, მე ვერ დავიჯერებდი ჩემს შესაძლებლობებს და ხატვის დაწყებიდან 4 თვეში ნიუ-იორკში პერსონალური გამოფენა არ მექნებოდა. მითხრა, რომ მეპოვა თავისუფლება ფერში და ტექნიკაში. მირჩია და პირობა დამადებინა, რომ არ მევლო ხატვაზე, რომ მეხატა რაც მომინდებოდა და როგორც შევძლებდი... მირჩია, ყველასთვის მომესმინა, მაგრამ არავის გავლენის ქვეშ არ მოვქცეულიყავი. მეც ვუსმენდი და რჩევებისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მზია კაშიას, ქეთი მატაბელს, გოგი წერეთელს, რეზო ადამიას, გურამ ცერცვაძეს, გოგი ლაზარაშვილს, კუხალაშვილების დიდ ოჯახს, ტიტე შეყილაძეს, ბესო არბოლიშვილს, შალვა მატუაშვილს, რადიშ თორდიას, ანტონ ბალანჩივაძეს, გიორგი ვეფხვაძეს, მამუკა ცეცხლაძეს, კიდევ ბევრს, არ მინდა ჩამოთვლით თავი შეგაწყინოთ. დავით ბაძაღუამ 13 წლის ასაკში უფლება მომცა მასთან ერთად ერთობლივი ნახატი შემექმნა. სწორედ ეს იყო პირველი წარმატება, სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ დაიჯერეს ჩემი და უსაზღვრო სითბოთი გამანებივრეს. 13 წლის ასაკში ვერც კი ვაცნობიერებდი, რა ბედნიერება იყო მათთან ურთიერთობა. ასე მოვიდა დღემდე 9 პერსონალური და 15 ჯგუფური გამოფენა.

- როგორ დაუდეთ საფუძველი ახალ მიმდინარეობას?

- სახელმწიფო მუზეუმში გამოფენის შემდეგ, თითქოს ავნერვიულდი, მინდოდა რაღაც ახალი შემექმნა, ისეთი რაც ჯერ არავის ქონდა შექმნილი. თითქოს ჩემს თავს ვაძალებდი, რომ მიმეგნო განსხვავებულისთვის და ოქროს გასაღები მეპოვა. სწორედ ამ სიტყვიდან გამიჩნდა ოქროს ფერში ნამუშევრების შექმნის იდეა. პირველი, დაუმთავრებელი ნამუშევარი გოგი წერეთელმა ნახა, მითხრა, საიდან მოიფიქრე, ურთულესიაო... თითქოს შემაპარა, ძნელი გასაბედი საქმეა ოქროთი, თან ერთ ფერში ხატვაო, შეხედე აბა და თუ არ გამოგივიდა, არ ინერვიულო, მთავარია შრომა არ გეზარებაო. ბატონი გოგისგან ყოველთვის შექებას მიჩვეულს, ამ სიტყვების შემდეგ, ცოტა შემეშინდა და გათენებამდე ვხატავდი, რომ შემეხედა რა გამოვიდოდა. ოქროში პირველი ნამუშევარი იყო ბროწეული, მეორე ნახატიც მალევე დავიწყე, რამდენიმე საათში.

ბროწეულები

მომინდა უფრო გამერთულებინა ტექნიკა და ბარელიეფის ელემენტები შევიტანე, რომლებიც მხოლოდ საღებავით შევასრულე, ყოველგვარი შერეული ტექნიკის გარეშე და გამომივიდა, როგორც ბატონმა გოგიმ მითხრა. შემდეგ ამას მოყვა დიდი ზომის ტილოებზე გადასვლა და ჰაერში ნახევრად დაკიდული დეტალები. 25 ნამუშევარს ვხატავდი 7 თვე, იქამდე, სანამ საქართველოში ოქროსფერი საღებავი არ გამოილია.

- ის, რომ სრულიად განსხვავებულ ნახატებს ქმნით, ხალხის ინტერესს თქვენს მიმართ ზრდის?

- კი, ინტერესი არის და ამისთვის მადლობელი ვარ. ყველა ადამიანის შეფასება უდიდესი სტიმულია ჩემთვის. ამისთვის ღირს შრომა დაღლამდე და იმ ბედნიერების განცდა, რისი გადმოცემაც ძნელია. ბევრი უცნობია და მათი ინტერესი მახარებს. ყველაზე ემოციური კი ბატონი გიგა ბათიაშვილი იყო - არასოდეს დამავიწყდება მისი ცრემლები, როცა ჩემს სახელოსნოში მოვიდა და არყის ხეების ტყე დაინახა. მეორე დღესაც ძალიან ამაღელვებელი რამ მოხდა - ისევ ბატონი ზურაბ ნიჟარაძე, რომელსაც 2018 წლის 1 მაისს, 90 წლისადმი მიძღვნილ პერსონალურ გამოფენაზე ჩემს მიერ დახატული პორტრეტი ვაჩუქე და გამოფენის ბოლომდე ხელით ატარებდა, არავის არ მისცა, ასე გამოვიდა სიტყვით და ასე ესაუბრებოდა სტუმრებს. ბედნიერი ვარ ამ ადამიანებთან ყოველი შეხვედრით. შეიძლება ხატვაზე არ მივლია, მაგრამ ასეთ დიდებულ ადამიანებთან ურთიერთობა, უდიდესი გაკვეთილია ჩემთვის. მათი და საზოგადოების ინტერესია სწორედ ის ინსპირაცია, რომ მუშაობა გავაგრძელო.

არყის ხეების ტყე

- ძალიან ახალგაზრდამ ამდენს მიაღწიეთ, როგორია სამომავლო გეგმები?

- მინდა დიპლომატობა და ამ ბოლო დროს საერთაშორისო მენეჯმენტმა გამიტაცა, თუმცა ხატვა რჩება ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. თუ შევძელი, მინდა რამდენიმე პროფესიას ერთად დავეუფლო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ