რატომ შეეცოდა მეგრელ ქალბატონს დათო კიკალიშვილი

რატომ შეეცოდა მეგრელ ქალბატონს დათო კიკალიშვილი

ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭის ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როცა გამომძიებლობაზე ოცნების მიუხედავად, ტელევიზიაში მოხვდა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა. თავმდაბალი დათო კიკალიშვილი დღეს "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი სახეა. ინტერვიუზე მისი დათანხმება ცოტა გამიჭირდა, ამიტომ ჩვენი საუბარი საინტერესო დიალოგით დაიწყო.

- მე ხომ გაგაფრთხილეთ, რომ ინტერვიუ შეიძლება, საინტერესო არ გამოვიდეს.

- დიახ, თან აღნიშნეთ, რომ თქვენზე პოპულარული დუტაა.

- რა თქმა უნდა (იცინის).

- ტელევიზიაში რომ მიხვედით, რა იყო თქვენი მიზანი, ხელფასი თუ ეკრანზე გამოჩენა?

- ეკრანზე ყოფნა საერთოდ არ მაინტერესებდა, ოპერატორობა მინდოდა, მაგრამ ეს კადრი არ სჭირდებოდათ. დიდხანს ჩვეულებრივ რეპორტიორად ვიმუშავე. მახსოვს, პირველი ერთი თვე, როცა სტაჟიორი ვიყავი, ტელეფონთან ვიჯექი და მხოლოდ ვრეკავდი.

- ანუ ეთერში გამოჩენის ფუფუნება დიდხანს არ გქონიათ...

- 1992 წლიდან 1996 წლამდე ვმუშაობდი "მეორე არხზე" და შემდეგ გადავედი "რუსთავი 2"-ში. იქ გადაცემა "კვირა" მიმყავდა, თუმცა მაშინ სხვა დრო იყო. საშინელი პერიოდი იყო და ვარსკვლავური ცხოვრებით არავინ ცხოვრობდა. ხან რაღაც აფეთქდებოდა, ხან ვიღაცას მოკლავდნენ. ამიტომ ეთერში ჯდომა ჩემთვის მხოლოდ მუშაობად აღიქმებოდა. თან უფრო ახალგაზრდა და რომანტიკოსი ვიყავი, მეგონა, დედამიწას გადავაბრუნებდი. ამით იყო სამსახური ჩემთვის საინტერესო. ნაკლებად ვფიქრობდი პოპულარობაზე, რადგან ასეთი ცხოვრება საქართველოში ვერ გამოვიდოდა.

- დავით კიკალიშვილი, როგორც ტელევიზიის ერთ-ერთი სახე, მალე შეიქმნა?

- ვფიქრობ, რომ საქართველოში სახის დამკვიდრებას წლები სჭირდება.

- ხშირად გამიგია თქვენზე, საკუთარი მზერით განსაკუთრებით დიასახლის ქალბატონებს ხიბლავსო...

- ეგ არ ვიცი, მაგრამ ვისურვებდი, სხვა რამეს მიაქციონ ყურადღება (იცინის), მაგ თემაზე ღამის გადაცემის გუნდი სულ მაშაყირებს.

- პრესაზე გადავიდეთ. როდის დაინტერესდა თქვენით ბეჭდური მედია?

- სამწუხაროდ, არ მახსოვს არც პირველი ჟურნალისტი და არც პირველი ინტერვიუ. ისედაც არ მიყვარს ინტერვიუს მიცემა. ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო, მაგრამ ხანდახან საჭიროა.

- ძირითადად რა თემებით ინტერესდებიან თქვენთან ჟურნალისტები?

- ყველანაირით, ნებისმიერი კითხვა დაუსვამთ. ვცდილობ, გულწრფელი ვიყო, მაგრამ არის შემთხვევა, როცა მართლა არ ვიცი, რა ვუპასუხო. ხშირად მირჩევენ, გამოსვლამდე ინტერვიუ წავიკითხო, მაგრამ ჟურნალისტს ვერ ვთხოვ, სანამ დაბეჭდავ წამაკითხე-მეთქი.

- ხშირად დაუსვამთ გამაღიზიანებელი კითხვები?

- არა, არ მიყვარს, როცა კურიოზის მოყოლას მთხოვენ, არ ვიცი, რა უნდა მოვყვე. სულ სამსახურში ვარ, ვმუშაობ, აქ რა კურიოზი უნდა გადამხდეს.

- ქუჩაში ალბათ "რუსთავი 2"-ზე გამოჩენის შემდეგ გიცნეს...

- ეგ ნამდვილად უცნაურად მოხდა. ადრე ჩემი გადაცემის ჩანაწერებს რეგიონული არხებიც უშვებდნენ, ამიტომ ყველას თავისი ქალაქელი ვეგონე. ზუგდიდელს - ზუგდიდელი, ქუთაისელს - ქუთაისელი, თელაველს - თელაველი. თუ რომელიმე ქალაქში მოვხვდებოდი, მეკითხებოდნენ, ვისი ბიჭი ხარ, რა უბანში ცხოვრობო.

- წარმოშობით რომელი კუთხიდან ხართ?

- ლეჩხუმელი კიკალიშვილი ვარ, თუმცა სხვაგანაც არიან. მაგალითად, სამეგრელოში. ერთხელ სამეგრელოში ერთი ქალბატონი მომიახლოვდა და მკითხა, შენ ხომ მეგრელი ხარო. არა, ლეჩხუმელი ვარ-მეთქი. უი, ნენა, რა ცოდო ხარო.

- კურიოზი ახლა თქვენი ნებით მომიყევით.

- კი, ასე გამოვიდა (იცინის).

- კიდევ არ შეგიძენიათ მანქანა?

- არა, ისევ სამარშრუტო ტაქსით ან ავტობუსით ვმგზავრობ. მართვის მოწმობა ავიღე, მაგრამ იმ ადამიანმა, რომელიც მასწავლიდა, მირჩია, ამ საქმისთვის თავი დამენებებინა და დავუჯერე. არ გამომდის ტარება და რა პრობლემაა, სამსახურამდე "მარშრუტკაც" მიდის და ავტობუსიც.

- ხალხს როგორი რეაქცია აქვს, როცა ტრანსპორტში გხედავენ?

- ჩვეულებრივი. ადრე დისკუსიებსაც ვმართავდით და სხვადასხვა თემაზე ვმსჯელობდით, ახლა ნაკლებად. ძირითადად კარგად მხვდებიან, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა მოუძახებიათ "რუსთავი ორი - დეზინფორმატორი" (იცინის).

- თქვენი ცხოვრება სატელევიზიო კუთხით რომ არ წასულიყო, ვინ იქნებოდა დღეს დავით კიკალიშვილი?

- აუცილებლად გამომძიებელი. ძალიან მომწონდა ეს სფერო და სერიოზულად ვსწავლობდი, მაგრამ ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი არეულობას დაემთხვა, მე და მამამ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, ამ საქმისთვის თავი დამენებებინა.

- ხიფათიანი პროფესია გნდომებიათ.

- არც ჟურნალისტობაა უხიფათო. ბევრი ჩემი კოლეგა ვიცი, რომელიც დაჭრილა ან დაღუპულა.

- თუმცა იურისტის დიპლომი მაინც ჟურნალისტიკაზე გაცვალეთ...

- არა, დიპლომი არ მაქვს.

- როგორ, უდიპლომო ჟურნალისტი ხართ?

- მასეც არ არის. პროფტექნიკუმის დიპლომი მაქვს. ჩემს პროფესიას ჰქვია ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრატორი (იცინის).

- რა საინტერესო პროფესია გქონიათ, ამ პროფილით გიმუშავიათ?

- მხოლოდ სწავლის პერიოდში.

- დასასრულ, რა არის თქვენი პოპულარობის პლუსი და მინუსი?

- პლუსი ის არის, რომ ბევრი ინფორმაციის მოპოვება და საქმის გაკეთება შემიძლია. მინუსი? იცით, ხანდახან დგება პერიოდი შენს ცხოვრებაში, როცა ხვდები, რომ რაღაც უნდა გაახალისო, რათა მაყურებელს არ მოჰბეზრდე. ან საკუთარი თავით ხარ უკმაყოფილო და ფიქრობ, რომ რაღაც დააკელი და უფრო მეტი შეგიძლია, ამიტომ ბევრს ვმუშაობ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები