ავტორი:

ქართველ სტარტაპერებს მრავალმილიონიანი დაფინანსების შესაძლებლობა ეძლევათ

ქართველ სტარტაპერებს მრავალმილიონიანი დაფინანსების შესაძლებლობა ეძლევათ

„სილიკონ ველი თბილისისა“ და „ისრაელის სილიკონ ვადის“ პარტნიორობის ფარგლებში გლობალური სტარტაპ ფონდი ქართველ სტარტაპერებს მრავალმილიონიან ინვესტიციაზე გაუხსნის წვდომას. გლობალური სტარტაპფონდის მიზანი საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირების პროცესის მხარდაჭერა, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური სტარტაპების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციის ხელშეწყობაა.

ფონდის დაფინანსება ხდება „ისრაელის სილიკონ ვადის“ მიერ, რომლის ინვესტორებიც კაპიტალის ინვესტირებას განხორციელებენ ნებისმიერ ეტაპზე მყოფ სტარტაპში, რომელიც მუშაობს აქტუალური ტექტრენდების ინდუსტრიაში: ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მედია, ელექტრონული კომერცია, მობილური აპლიკაციები, ფინტექი, P2P პლატფორმები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, თამაშების ინდუსტრია, ნივთების ინტერნეტი IoT, ბლოკჩეინი. განიხილება სხვა ინდუსტრიებში არსებული, გამორჩეული და ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებიც.

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ სტარტაპებმა რეგისტრაცია გაიარონ და საკუთარი ბიზნესის განვითარების გეგმა წარადგინონ. დარეგისტრირებული კანდიდატებიდან შერჩეული სტარტაპები „სილიკონ ვადის“ ენჯელ ინვესტორებს შეხვდებიან. პარტნიორობის პირობები ყველა შერჩეულ კანდიდატთან ინდივიდუალურად იქნებაგანხილული.

გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის ფარგლებში.

პროექტში ჩართულია ისრაელის ტექჰაბი საქართველოში, რომელიც შერჩეულ სტარტაპებს უზრუნველყოფს დეველოპერების და ტექნოლოგიების მთავარი მენეჯერის სერვისებით 5 თვის განმავლობაში, აგრეთვე ფასდაკლებული სერვისებით ვებდიზაინის, სტრატეგიული კონსულტაციის, მარკეტინგული კონსულტაციის, ფინანსური და მენეჯერული კონსულტაციის, ლეგალური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც ჯამში 30,000$-ის ღირებულებას შეადგენს.

რაც შეეხება „ისრაელის სილიკონ ვადის“, რომელიც ქართველ სტარტაპერებს დააფინანსებს, ეს არის მაღალტექნოლოგიური სივრცე ისრაელში, რომლის ფარგლებშიც არაერთი მაღალგანვითარებული ტექნოლოგიური კომპანია შეიქმნა. მას ხშირად ადარებენ „სილიკონ ველს“ კალიფორნიაში. „ვადი“ არაბული სიტყვაა და „ველს“ ნიშნავს. სწორედ „სილიკონ ვადი“ არის იმის მიზეზი, რომ ისრაელს მსოფლიოს მასშტაბით „სტარტაპერ ქვეყნად“ მოიხსენიებენ. ისრაელმა ტექნოლოგიების მხრივ განვითარება 1960-იანი წლებიდან დაიწყო. პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც შექმნა კვლევისა და განვითარების ცენტრი ისრაელში იყო „მოტოროლა“, ამის შემდეგ კი ყველაფერი ნელ-ნელა წინ წავიდა. დღეს აქ ისეთი კომპანიები ატარებენ კვლევებს და მოღვაწობენ, როგორებიცაა Intel, IBM, Google, Facebook, Hewlett-Packard, Philips, Cisco Systems, Oracle Corporation, SAP, BMC Software, Microsoft, Motorola, CA და სხვა. ამჯერად „სილიკონ ვადის“ ინვეტსორები მრავალმილიონიან ინვესტიციას ქართველ სტარტაპერებს გამოუყოფენ.

პროექტში მონაწილეობისა და დაფინანსების მისაღებად რეგისტრაციის ბოლო ვადა 30 აპრილია, ხოლო გლობალური სტარტაპ ფონდის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ინვესტორები კი შეხვდებიან ფინალურ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრებენ. დღის ბოლოს გამოვლინდებიან გამარჯვებული სტარტაპები, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი