ავტორი:

"მშობლები მეხმარებოდნენ... ძიძის ყოლის საშუალება არ გვქონდა" - რატომ "აწვალებდა" პეტრე კოლხს ცოლი და როგორია 6 შვილის დედობა

"მშობლები მეხმარებოდნენ... ძიძის ყოლის საშუალება არ გვქონდა" - რატომ "აწვალებდა" პეტრე კოლხს ცოლი და როგორია 6 შვილის დედობა

ნინო ვეკუას მეუღლე საზოგადოების ინტერესის სფეროში დიდი ხანია მოექცა - ის მოძღვარია და საკუთარი აზრისა და პოზიციის თამამად გამოხატვის გამო, ზოგჯერ სკანდალურადაც მოიხსენიებენ.

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, იგივე პეტრე კოლხი სოციალურ ქსელშიც აქტიურია, ჰყავს მრევლი, უამრავი გულშემატკივარი, მკითხველი, მაგრამ მავანს მისგან ლირიკული პოეზია ეხამუშება...

მამა პეტრეს და ნინო ვეკუას 6 შვილი ჰყავთ. ნინო პროფესიით ფილოლოგია და შვილების აღზრდის პარალელურად, მოსწავლეებზეც ყოველდღიურად ზრუნავს.

AMBEBI.GE ამჯერად სასულიერო პირის მეუღლის ცხოვრებით დაინტერესდა - ქალბატონი ნინო ვეკუა გულწრფელი რესპონდენტი აღმოჩნდა, გულახდილად გვიამბო მათი ოჯახის ამბავი და საკუთარი თვალითაც დაგვანახა ცნობილი მეორე ნახევარი.

- როდის და როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე, პეტრე კვარაცხელია, დღეს უკვე პეტრე კოლხი?

- ეს იყო ოცი წლის წინ - ორივენი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდით. ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ ერთმანეთს არავინ გვაცნობდა. ხშირად მხვდებოდა ჩემს აუდიტორიასთან, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.

ერთხელაც შემთხვევით შევხვდით ქუჩაში: „მე თქვენ გიცნობთ - მითხრა. მეც შორიდან გიცნობთ-მეთქი. არა, მე ახლოდან გიცნობთ, სამყაროს დასაბამისას გაგიცანი და მას მერე გეძებო. - დარწმუნებული ხართ, რომ მე მეძებთ-მეთქი? - გამეცინა. დარწმუნებული ვარ, სწორედ შენ გეძებდი და გიპოვეო... მე კი სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ შენ გელოდებოდი-მეთქი, მისი პასუხი კი ასეთი იყო: "ჩვენ ღმერთმა ერთმანეთისთვის გაგვაჩინა და ამაში ჩემი სიყვარული დაგარწმუნებსო".

იმ დღიდან გასაქანს არ მაძლევდა - აჩრდილივით ყველგან თან დამყვებოდა. ყოველდღე მიგზავნიდა ლექსებს და წერილებს. უცნობ სტუდენტებს ატანდა თავისი ხელით დაკრეფილ თაიგულებს. ყოველ შესვენებაზე აუდიტორიის კარებთან მხვდებოდა.

მივდიოდი და უკან მომყვებოდა. ვუბრაზდებოდი, მაგრამ ნაბიჯითაც არ მშორდებოდა. მიღიმოდა და საოცარი სიყვარულით მიყურებდა. მზერას ვარიდებდი, ვეჩხუბებოდი, ასე რატომ მიყურებ-მეთქი. - მიყვარხარო, იღიმებოდა. გიჟი ხარ-მეთქი, - ვეტყოდი და გაწითლებული ვტრიალდებოდი. მგონი, ძალიან რომანტიკაში გადავვარდი, მაგრამ მართლა ასე იყო...

- რატომ აწვალებდით, არ მოგწონდათ?

- ახლა კი ვხვდები, რომ ძალიან ვაწვალებდი, მაგრამ ამას სპეციალურად არ ვაკეთებდი. ცივად იმიტომ ვექცეოდი, რომ ტკივილისგან ვიცავდი თავს. სიყვარულზე ვოცნებობდი და ამავდროულად, მისი მეშინოდა. ვიცოდი ჩემი გულის ამბავი, თუ შევიყვარებდი, ეს სიყვარული სამუდამო იქნებოდა, ამიტომ შეცდომის უფლება არ მქონდა.

- რომ გაიცანით ეკლესიური იყო?

- რომ გავიცანი, ეკლესიურად ცხოვრობდა, მარხვას იცავდა, წირვა-ლოცვას არ აცდენდა. ყოველთვის ძალიან უყვარდა ხეტიალი - ეკლესია-მონასტრების მოლოცვა. როცა მღვდლობა გადაწყვიტა, მე ხელი არ შემიშლია, თუმცა, ვთხოვე, რომ არ ეჩქარა გადაწყვეტილების მიღება და ამხელა პასუხისმგებლობის აღება.

- ე.ი. ლექსებს მაშინაც წერდა... პეტრე კოლხი დღეს დეკანოზია, პოეტი, წიგნების ავტორი, სამეცნიერო ხარისხიც აქვს, არის მეუღლე, მამა… საზოგადოების ნაწილი იმას უწუნებს, ერთ-ერთი აარჩიოს - იყოს პოეტი, ან მღვდელი, თითქოს ვერ ეგუებიან მოძღვრის პოეტობას. რას იტყვით თქვენ?

- საზოგადოების ერთ ნაწილს აბრკოლებს მღვდლის პოეტობა, მაგრამ მეორე ნაწილი მის პოეზიაშიც ღმერთს ხედავს. იყო პოეტი და ამავე დროს ღვთისმსახური, ეს ხომ უდიდესი მისტიკაა... ზოგისთვის მღვდლობა წესებისა და დოგმების განუხრელად დაცვაა, ზოგისთვის კი შემოქმედება. უფალი ზოგს ერთ ტალანტს აძლევს, ზოგს - ათს. ვისაც მეტი ეძლევა, მას მეტიც მოეთხოვება. პოეზიის ნიჭიც და მღვდელმსახურებაც ღვთაებრივი მადლია.

განა შეიძლება, მორწმუნე ადამიანმა უარი თქვას ღვთის მადლზე?! ეს ხომ მკრეხელობა და უმადურობა იქნება. ეს მადლი ჯვარიცაა, ძალიან მძიმე და საპასუხისმგებლო, რომლის ტარებაშიც ისევ უფალი ეხმარება თავის რჩეულს. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ პოეზია "აბელის" და "ამების" გარითმვაა?!

სასულიერო პირის ერთ-ერთი მთავარი მისია ღვთის სიტყვის გავრცელებაა. მოძღვარი ყველგან და ყოველთვის უნდა ცდილობდეს "სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს" არა მარტო ქადაგებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავისი ცხოვრების წესით. მისი ცხოვრებისეული კრედო უნდა იყოს - "სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი". ცნობილი პატერიკია ერთ წმინდა მამაზე, რომელმაც ეშმაკი გამოიყენა იერუსალიმის სიწმინდეების მოსალოცად. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ სოციალური ქსელი სიკეთისა და სიყვარულის საქადაგებლად?

სასულიერო პირი საზოგადოების ნაწილია და, არამც თუ უფლება აქვს, არამედ მოვალეცაა, აქტიურად იდგეს ერის ზნეობრივი ღირებულებების სადარაჯოზე.

- რთულია პეტრე კოლხის მეუღლეობა?

- დიახ!

- ფილოლოგი ხართ, 6 შვილისა და დიდი ოჯახის დიასახლისობის ფონზე, როგორც ვიცი, ბევრ რამეს ასწრებთ, ხართ წარმატებული თქვენს საქმიანობაში. როგორ ახერხებთ?

- მიყვარს საქმე, რომელსაც ვემსახურები. მარიამი (უფროსი გოგონა) რომ შემეძინა, ბაკალავრიატს ვამთავრებდი. მაგისტრატურაზე სწავლისას უკვე დაჩი მყავდა. ვაჩე რომ მეყოლა, მამაო ახალი ნაკურთხი იყო. მალე რატი და ანდრიაც შემოგვემატნენ, მერე სოფია-სერაფიტა გაჩნდა. მშობლები ძალიან მეხმარებოდნენ ფიზიკურად თუ მატერიალურად. მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი.

ძიძის აყვანის საშუალება არ მქონდა, მაგრამ მეგობრები ძალიან მედგნენ მხარში. ხან ერთს მოჰყავდა ბაღიდან ერთი ბავშვი, ხან - მეორეს გამოჰყავდა სკოლიდან მეორე. თვითონ თუ ვერ ახერხებდნენ, მათ ქმრებს მოჰყავდათ. მთელი ცხოვრება ამ ადამიანების მადლიერი ვიქნები, ისინი ჩემი და ჩემი შვილების ანგელოზები არიან. ორი პატარა სახლში მყავდა, ორი ბაღში და ორი სკოლაში. მამაო მაშინ ეპარქიაში მსახურობდა და კვირაობით არ იყო სახლში. მაგ პერიოდში მამაც დამეღუპა... ეს ურთულესი პერიოდი დედაჩემმა და მეგობრებმა გადამატანინეს.

- შვილები ვახსენეთ და მართლაც 6 შვილის დედობა დღეს გმირობაა...

- თუ ექვსი შვილის დედობას გმირობად მიიჩნევთ, ამ გმირობის ლომის წილი მათ ეკუთვნით: უანგარო, კეთილ და გულისხმიერ ადამიანებს. მადლობა უფალს, რომ ასეთი ადამიანები მყავს გვერდით.

სამწუხაროდ, საქართველოში სათანადო ყურადღება არ ექცევა დემოგრაფიულ პრობლემას, არადა, ლამის გადაშენების პირას ვართ. გარდა მატერიალური სიდუხჭირისა, რაც ერის გამრავლების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, საქმე გვაქვს მენტალურ პრობლემასთან: მრავალშვილიანობა არაპრესტიჟული და "არამოდურია“. მართალია, პატრიარქის ძალისხმევით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. ვფიქრობ, სახელმწიფომ ბევრად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას მრავალშვილიანობის პოპულარიზაციისთვის.

სოფია რომ ბაღში მივიყვანე, დოქტორანტურაში ჩავაბარე, პარალელურად, აბიტურიენტებს ვამზადებდი. თავიდან ჩემს ჯგუფელებს ის უკვირდათ, ექვსი შვილის დედას დოქტორანტურაში რა გინდაო, მერე ის - ექვსი შვილის დედამ ამდენი როდის და როგორ წაიკითხეო.

მას შემდეგ, რაც წერა-კითხვა ვისწავლე, წიგნი ჩემი ნაწილი გახდა. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა: მოთხრობებს, ნოველებს, რომანებს. ქართველ თუ უცხოელ მწერლებს, სუსტებს თუ გენიოსებს. ვკითხულობდი ყველგან: მეტროში, სამარშუტო ტაქსიში, სახლში. ვკითხულობდი, როგორც კი დროს ვიხელთებდი: ბავშვის ძუძუთი კვებისას, ეზოში ეტლით სეირნობისას, ბლინების კეთებისას...

ამასწინათ ერთმა აბიტურიენტმა მითხრა, თქვენზე მოთხრობა უნდა დავწეროო: „ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. არ ვიცი, რას დაწერს (იმედია, ბატონ გურამს არ ეწყინება...), მაგრამ სათაური სწორად შეარჩია. ლიტერატურა მართლაც ძალიან მიყვარს და ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებსაც გადავდო ეს სიყვარული.

- რა განიცადეთ მაშინ, როდესაც ინტერნეტით თქვენი უფროსი გოგონა დამცირების ობიექტი გახდა?

- ზოგადად, ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ვარ. არ ვიცი, უცებ საიდან მოვიდა ჩემში საოცარი ძალა, აგრესიისთვის სიმშვიდით მეპასუხა და, რაც მთავარია, ეს განწყობა მარიამისთვისაც გადამედო. ისედაც ურთულესი პერიოდი ჰქონდა, გარდატეხის ასაკში იყო, ამ დროს ტრაგიკულად დაეღუპა საუკეთესო მეგობარი. ბავშვი სულიერ კრიზისს განიცდიდა და ამ დროს სოციალურ ქსელში მის ფოტოებს დააფრიალებდნენ საშინელი კომენტარებით.

ეს აგრესია მიმართული იყო არა მარიამის, არამედ მამაოს წინააღმდეგ და არავინ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ბავშვის ფსიქიკაზე.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თუნდაც ერთი სიტყვით თუ კომენტარით გამოხატა სითბო და თანაგრძნობა. მათი თითოეული სიტყვა სიბნელეში შემოჭრილი მზის სხივივით გვეიმედებოდა. ვამაყობ მარიამით, არა მხოლოდ როგორც შვილით, არამედ, როგორც პიროვნებით. პატარა ასაკში ბევრი სირთულის და ტკივილის დაძლევა მოუხდა. ძალიან ძლიერი და ემპათიურია.

მარკესი ამბობდა: "ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უყუროს მეორე ადამიანს, როდესაც წამოდგომაში ეხმარებაო". ვფიქრობ, სხვის ცხოვრებაში ჩვენი ჩარევა, მხოლოდ სიკეთის ქმნით უნდა შემოიფარგლებოდეს და არა ჭკუის სწავლებით. შევეცადოთ ქრისტეს სიტყვების აღსრულებას "ითხოვე და მოგეცემაო". ვითხოვოთ გული წმინდა და სული წრფელი და გავცეთ მეტი სიკეთე, მეტი სიყვარული!

"არ მინდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ შესაძლოა უამრავ ადამიანს მცდარი წარმოდგენა შევუქმნა" - ნუგზარ წიკლაური "მწვანე სკოლის" მის ოჯახთან კავშირზე

"ამ სისტემის დედაც" - წარწერა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (ფოტო)

შეხლა-შემოხლა ილიაუნისთან - ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ