ავტორი:

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების კვალდაკვალ - AMBEBI.GE-ს რეპორტაჟი გერმანიიდან, ქართველების სასაფლაოდან

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების კვალდაკვალ - AMBEBI.GE-ს რეპორტაჟი გერმანიიდან, ქართველების სასაფლაოდან

AMBEBI.GE-სთვის, მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების თემაზე რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ოცნებადქცეული ჩანაფიქრის ასრულების დღეებიც დადგა - გერმანიას ვესტუმრე და ჩემს არაერთგზის რესპოდენტთან და უკვე მეგობართან, ქართველ ემიგრანტ მეგი სტემპენთან ერთად ქართველი ბიჭების საფლავებისკენ გავუყევი გზას...

ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, არაერთი ადამიანური ისტორია მოვისმინე, ადამიანები, რომელთაც, მამა, ბაბუა, ბიძა, ძმა ან მეუღლე ომში ჰყავდათ დაკარგული და მათ შესახებ არაფერი იცოდნენ, როდესაც მათი საფლავების ან უბრალოდ, დაღუპვის ადგილის შესახებ იგებდნენ, საოცარ ემოციას გამოხატავდნენ...

თუმცა, როდესაც გერმანიის ქალაქ ქემნიცთან ახლოს, ჰოენშტაინ ერნსთ ჰალის სასაფლაოზე რამდენიმე ასეული ადამიანის საფლავებში, რუსულ, უკრაინულ, პოლონურ და სხვა გვარებს შორის, ქართული გვარს-სახელები ამოვიკითხე, ვიგრძენი როგორ წამოვიდა გულიდან ემოციები და ყელში უთქმელ სიტყვებად გამეჭედა...

ეს ბიჭები გერმანელებმა, ფლოსენბურგის საკონცენტრაციო ბანაკის დაქვემდებარებაში მყოფ, ე.წ. გარე ტყვეთა ბანაკში წაასხეს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ტყვეებთან და დაპყრობილი ქვეყნებიდან წამოყვანილ მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად, ავტოსახელოსნოში ძალის გამოცლამდე ამუშავებდნენ... ზოგი იქვე, ავტონაწილების ქარხანაში იხოცებოდა, ზოგი ბანაკში ან ლაზარეთში, სადაც მხოლოდ “პროტოკოლის” გამო გადაჰყავდათ, რათა დოკუმენტებში ყოფილიყო მითითებული, რომ “მას შემდეგ, რაც სამხედრო ტყვე ცუდად გახდა, ლაზარეთში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც”.

იხილეთ ვიდეო: "ძალიან მიჭირს ემოციის გადმოცემა" - ჟურნალისტის ჩართვა გერმანიიდან, რომელმაც ოცნება აისრულა და დაკარგული ქართველების საფლავები მოინახულა

ნაცისტური გერმანია ცდილობდა დანარჩენი სამყაროსთვის ყველაფერი სხვანაირად, უფრო “ნათელ ფერებში” მიეწოდებინა, ამიტომაც, ასობით დაღუპული ადამიანის, სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს, საერთო საფლავებში ჩუმად მარხავდა...

1944 წლამდე, გარდაცვლილებს წმინდა ქრისტეფორეს სასაფლაოზე მარხავდნენ, შემდეგ, როდესაც ბანაკში სიკვდილიანობამ მასობრივი ხასიათი მიიღო, დაღუპულებს პირდაპირ ტყის ნაპირზე გაუთხარეს საერთო საფლავი... 1959 წელს, ტყის პირას საერთო სამარხებიდან 300 ადამიანი გადმოასვენეს და იმ ადგილს “ტყის საფლავები” უწოდეს.

ყველა რიგის თავში ქვის დაფებია განთავსებული, რომელზეც ტყვეთა გვარებია დატანილი და ყველა მათგანის გასწვრივ შესაბამისი ნომერია მითითებული, ამავე ნომერს საფლავის მწკრივში დალაგებულ ქვებზეც შეხვდებით, ამა თუ იმ ტყვის იდენტიფიკაციისთვის.

"როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, მივდივარ ჩემს ქარველ ბიჭებთან, სანთლებს ვუნთებ და ვეუბნები, რომ თითქმის საუკუნის შემდეგ, ისინი ისევ ახსოვთ საქართველოში, ისევ ეძებენ და მათ შესახებ მცირედ ინფორმაციასაც დიდი სიხარულით ხვდებიან" - ამბობს მეგი, რომელიც შორეულ გერმანიაში, ამ სასაფლაოზე მყოფი ბიჭების ერთადერთი ქართველი ჭირისუფალი მგონია...

მათ საფლავებზე, სიმბოლურად, საქართველოს დროშას ვდებთ, სანთლებს ვანთებთ და კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ თავიანთ მიწაზე ისინი არავის დავიწყებია, პირიქით, სულ უფრო მეტი ადამიანი გვეხმაურება და დახმარებას გვთხოვს მათ მოძებნაში...

იქიდან, დრეზდენის სასაფლაოზე მივდივართ, მასპინძლის თქმით, იქ რამდენიმე ათასი ადამიანია დასაფლავებული, სამხედრო ტყვეები, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც დრეზდენის საკონცენტრაციო ბანაკის არაადამიანურ პირობებში დაიღუპნენ, მათ შორის, ქალები და ბავშვები. ასევე ისინიც, ვინც უმძიმეს ყოფას სუიციდი არჩია - თვითმკვლელთა სასაფლაო ცალკეა...

არაერთი დაფაც შევამჩნიე, სადაც რამდენჯერმე ეწერა “უცნობი” (Неизвестный) რაც იმას ნიშნავს, რომ მწკრივში დასაფლავებული ვერც ერთი ადამიანის იდენტიფიცირება ვერ მოხდა... რატომღაც ყველა მათგანი ის ქართველი მეგონა, რომელსაც ოჯახი და ახლობლები დღემდე ეძებენ, თუმცა, არაერთი ძალისხმევის მიუხედავად, მათი იდენტიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა...

ქართველი მეომრების საფლავი დრეზდენის საგარნიზონო სასაფლაოზეა, რომელიც მთავარიდან ოდნავ ზემოთ მდებარეობს. იქ ჩვენი მასპინძლის ნაცნობები, ქართველი ემიგრანტები, რობერტ ბოჭორიშვილი და გია ცაავაც დაგვხვდნენ.

რობერტ ბოჭორიშვილის თქმით, 2000-იანი წლებიდან გერმანიაში ცხოვრობს, როცა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გაცვლითი სახელმწიფო პროგრამით, სწორედ დრეზდენში არსებულ სახმელეთო ჯარების ოფიცერთა სკოლაში მიავლინეს. სავარჯიშოდ ტყეში დადიოდნენ და გზად ამ სასაფლაოს გავლა უწევდა.

“ერთხელაც, გადავწყვიტეთ, შემოგვევლო - ვიფიქრეთ, ამდენი ქართველია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული და იქნებ ვინმე ქართველიც იყოსო... გზის პირასვე ვიპოვეთ უფროსი სერჟანტი, 22 წლის გორდელაძე და ისე შევყვირეთ, ვითომ ცოცხალი ქართველი გვეპოვა... იქვე, შორიახლოს, ვიპოვეთ, ჯანგულიაშვილი და კვაციგიშვილი... თუმცა, ძებნას არ ვწყვეტდით და მოგვიანებით კიდევ ერთი, კვაცაძეც ვიპოვეთ.

მას შემდეგ, ყოველი წლის აღდგომას ამოვდივართ, სანთლები ამოგვაქვს და ჭიქა ღვინით მოვიგონებთ, თითქოს აქ, ამ შორეულ მიწაზე, ჩვენს ბაბუებთან ამოვდივართ მონატრებული შვილიშვილები, მით უფრო, რომ მეც მყავს უგზო-უკვლოდ დაკარგული ბაბუა, რომლისგანაც ბოლო ცნობები კრასნოდარიდან მოვიდა. დღემდე ვეძებთ... შემდეგ გავიგეთ, რომ მეგი სტემპენმაც იპოვა ისინი და ქართულ მედიას გააცნო, რაც ძალიან გაგვიხარდა" - ამბობს ქართველი ემიგრანტი.

დრეზდენში დასაფლავებული ქართველები, უკვე ომის დასრულების შემდეგ წლებში, ტყვეთა ბანაკში, გაურკვეველი დიაგნოზით, სავარაუდოდ, საერთო სისუსტით დაიღუპნენ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გვარებს შორის ვიპოვეთ:

  • არტაშ კისიშვილი - დაბადებული 1907 წლის 18 დეკემბერს, გარდაიცვალა – 1944 წლის 6 ივლისს
  • შაქრო ყურეშიძე - დაბადებული 1908 წლის 5 ოქტომბერს, გარდაიცვალა - 1944 წლის 10 ივნისს
  • იოსებ ჩიგლაიძე (ან ჭიღლაიძე) - დაბადებული 1901 წლის 15 იანვარს, გარდაიცვალა – 1943 წლის 13 თებერვალს
  • კ.უ გორდელაძე, უფროსი სერჟანტი - დაბადებული 1925 წელს, დაიღუპა - 1947 წელს
  • გ.ა. კვაციგიშვილი, - დაბადებული 1923 წელს, დაიღუპა - 1945 წელს
  • ჯანგულიაშვილი ვ.ი
  • ც.ე. კაცაძე - დაბადებული 1922 წელს, დაიღუპა - 1946 წლის 4 მაისს.

პ.ს. დღეს, კიდევ ერთი ემოციური ეპიზოდი მელოდება წინ - ცაითჰაინში მივდივართ, სადაც 187 ქართველია დასაფლავებული. იმ ბანაკის გათავისუფლებიდან დღეს, 74 წელი შესრულდა და ამ დღესთან დაკავშირებით, გერმანიაში პირველად ჩამოვიდა ქართული დელეგაცია...

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს