ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომერი #5(101), რომელშიც წაიკითხავთ:

ქართველი იუნკრების შესანიშნავი ხუთეული

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში მარცხისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, მთავრობისა და სამხედრო ელიტის ნაწილთან ერთად, ემიგრაციაში სამხედრო სკოლის კურსანტები - იუნკრებიც წავიდნენ. ემიგრაციაში მყოფი მთავრობა ცდილობდა, ქართველი ოფიცრები და იუნკრები ევროპული სახელმწიფოების არმიებსა და სამხედრო სასწავლებლებში დაესაქმებინა.

1921 წლის ზაფხულის ბოლოს იუნკერთაგან შეირჩა ხუთი გამორჩეული კურსანტი: ივანე ვაჩნაძე, ნიკოლოზ თოხაძე, ალექსანდრე კინწურაშვილი, ალექსანდრე ჯინჭარაძე და გიორგი ოდიშელიძე. მათ სწავლა უნდა განეგრძოთ საფრანგეთში, სენ-მექსანის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელში. კურსანტებს რეკომენდაცია გაუწიეს და დახასიათება მისცა სამხედრო სკოლის უკანასკნელმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა (მოგვიანებით პოლონური არმიის გენერალი) ალექსანდრე ჩხეიძემ და ქართული არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ.

საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული ეს დახასიათებები საინტერესო უნდა იყოს იუნკერთა ისტორიით და კონკრეტულად ამ პირთა ისტორიით დაინტერესებულთათვის.

სტალინის ქალიშვილის გაქცევა სსრკ-დან

41 წლის ასაკში, ანუ ნახევარი ცხოვრების გავლის შემდეგ, სვეტლანა ალილუევამ საბჭოთა კავშირი დატოვა. ამერიკელები მას ისე შეხვდნენ, როგორც საბჭოთა კავშირიდან გაქცეულთა შორის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ადამიანს. სვეტლანა იოსებ სტალინის შვილი გახლდათ და მართლაც ასე იყო.

საბჭოთა კავშირში სვეტლანა ალილუევას ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. დედამ, ნადეჟდა ალილუევამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 30-იან წლებში წმენდას მისი მრავალი ნათესავი ემსხვერპლა. ტრაგიკული მოვლენები გაგრძელდა სტალინის სიკვდილის შემდეგაც. სვეტლანასთან ოფიციალური ხელმოწერის უფლება არ მისცეს ბრაჯეშ სინხს (ინდოელი პოლიტიკოსი, მოსკოვში მთარგმნელად მუშაობდა), თუმცა ქალს ნება დართეს, მისი ნეშტი ინდოეთში ჩაეტანა.

დელის აეროპორტში თვითმფრინავიდან სვეტლანა 1967 წლის 20 დეკემბერს ჩავიდა. საბჭოთა საელჩოში მას განუმარტეს, რომ დაკრძალვის ცერემონიალს ფარულად უნდა დასწრებოდა. ეკრძალებოდა მასმედიასთან ურთიერთობა, მოსკოვშიც დროულად უნდა დაბრუნებულიყო... სვეტლანამ ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა გადაწყვიტა, მისი აზრით, ტექსტი აპოლიტიკური იყო, თუმცა დიდ ინტერესს გამოიწვევდა. როცა პარიზელმა გამომცემელმა შეატყობინა, რომ ამგვარი წიგნის საზღვარგარეთ გამოცემა შესაძლებელი იქნებოდა, ალილუევამ აშშ-ის საელჩოში მისვლა გადაწყვიტა...

6 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დინ რასკმა საიდუმლო ტელეგრამა გაუგზავნა სსრკ-ში აშშ-ის ელჩს და აცნობა, რომ სტალინის ქალიშვილმა შეერთებულ შტატებს თავშესაფარი სთხოვა. ამერიკული დიპლომატიური მანქანა სრული დატვირთვით ამოქმდდდა.

ლეგენდარული მზვერავი ლოურენსი და არაბეთის აჯანყება

თომას ედვარდ ლოურენსი - დიდი ინგლისელი მზვერავი, ადამიანი-ლეგენდა, ავტორი გახმაურებული წიგნისა, რომელსაც ყველა ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები ეცნობოდნენ. ის უელსის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. სუსტი ბავშვს თანაკლასელები ხშირად სცემდნენ. ლოურენსი ამას მტკივნეულად განიცდიდა, მაგრამ არავის არაფერს ეუბნებოდა. დილაუთენია დგებოდა, დარბოდა, ვარჯიშობდა, ინგლისურ კრივს ეუფლებოდა. ნელ-ნელა მოქნილი და ძლიერი გახდა. «როცა გჩაგრავენ, თავი უნდა დაიცვა, ანუ ის უნდა სცემო, ვინც ჯგუფის ყოჩია», - წერდა შემდგომში ლოურენსი. მომავალი მზვერავი ასეც იქცეოდა...

აღმოსავლეთისადმი ინტერესი ლოურენსს სკოლაშივე გაუღვივდა. არაბული ენა და ისტორია დამოუკიდებლად შეისწავლა. ცხენზე ისე ვირტუოზულად იჯდა, ბევრ ბედუინს შეშურდებოდა... მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში თანამედროვე სირიის, ერაყის, საუდის არაბეთის, ლიბანის ტერიტორიებზე. არაბებს შორის უამრავი მეგობარი შეიძინა. ის ხომ მათ ენაზე ჩინებულად საუბრობდა, ცხენზეც ბედუინივით იჯდა. არაბებმა ლოურენსი თავისიანად მიიღეს.

ახლო აღმოსავლეთში იმხანად ოსმალეთი ბატონობდა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში ინგლისის წინააღმდეგ იბრძოდა. ინგლისის დაზვერვამაც ახლო აღმოსავლეთში ძირგამომთხრელი მუშაობა გაააქტიურა. ამაში ლოურენსმა განსაკუთრებული როლი ითამაშა. დაზვერვის სამსახურმა პრემიერს ამბიციური პროექტი წარუდგინა, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთში მასობრივი ანტიოსმალური პარტიზანული ომის გაშლას გულისხმობდა. სერ უინსტონ ჩერჩილმა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ლოურენსის ნახვა ისურვა. საუბარმა ორ საათზე მეტხანს გასტანა. ჩერჩილის დასკვნა მტკიცე იყო: «ლოურენსს ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ფანტასტიკური დავალების შესრულება შეუძლია! მას სრული კარტ-ბლანში უნდა მივცეთ».

ნოტრ-დამი ცეცხლის ალში - როგორ იგებოდა ყველაზე ცნობილი ტაძარი მსოფლიოში

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შპილი, რომელიც ხანძრისას ჩამოინგრა, შესაძლოა პირვანდელი სახით აღარ აღდგეს. ეს საერთაშორისო კონკურსის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. “საერთაშორისო კონკურსის საშუალებით ჩვენ დავადგენთ, საჭიროა თუ არა შპილის ზუსტი სახით აღდგენა თუ სჯობს, ტაძარს ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი შპილი დავაშენოთ”, - ამბობს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დიდი ნაწილი ძლიერმა ხანძარმა 15 აპრილს გაანადგურა. თუმცა, გადარჩა შენობის ძირითადი კონსტრუქცია, დასავლეთი ფასადის მრგვალი სარკმელი - ვარდული და ორი კოშკი. ცეცხლს გადაურჩა ნოტრ-დამის რელიკვიებიც.

ნოტრ-დამი აღმართულია კუნძულ სიტეზე პარიზის შუაგულში, მდინარე სენის ორ ტოტს შორის. ის აშენდა პარიზის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილას, რომელიც, თავის მხრივ, გალურ-რომაული იუპიტერის ტაძრის საძირკველზე აიგო. პირველი ქვა საძირკველში 1163 წელს ჩადეს. კედლები 1177 წლისთვის დასრულდა, მთავარი საკურთხეველი 1182 წელს აკურთხეს, 1196 წელს მთავარი ნავიც დასრულდა, 1240 და 1250 წლებში კი ორივე სამრეკლო. თუმცა, ტაძრის დასრულების თარიღი ოფიციალურად 1345 წელია.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

მოკლე ამბები. ნეკროპოლი ლიკიელი მდიდრებისთვის

ფოტოისტორია. ტყავის ჩაფხუტების პირამიდა

ახალი ამბები. “იმიტომ, რომ სახლია შენი!”

პირველი ქართული ორდენი. სამხედრო ჯილდოს თამარ მეფის გამოსახულებით გასცემდნენ I და II მსოფლიო ომების პერიოდში (დასასრული)

ეპისტოლარული მემკვიდრეობა. გრიგოლ რობაქიძის წერილები ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან

პირველი რესპუბლიკა. საბანკო-საფინანსო რეფორმები დამოუკიდებელ საქართველოში

პირველი რესპუბლიკა. ქალი დეპუტატები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ქართველები წმინდა მიწაზე. ჯვრის მონასტრის უკანასკნელი მეკლიტურები - პალესტინის მკვიდრები ქართველთა სავანის სამსახურში

დოკუმენტური მოთხრობა. როგორც მტკვრის ერთ წვეთს...

კინოს ისტორიიდან. “წითელი ეშმაკუნები” და საქართველო

ჯარისკაცის თავგადასავალი. 500 დღე და ღამე მტრის ზურგში

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს