ავტორი:

"მხოლოდ ერთ დღეს, 19 პირი არ გაუშვეს..." - რატომ ამოწმებენ ქუთაისის აეროპორტში ვენის მგზავრებს უცხოელი მესაზღვრეები

"მხოლოდ ერთ დღეს, 19 პირი არ გაუშვეს..." - რატომ ამოწმებენ ქუთაისის აეროპორტში ვენის მგზავრებს უცხოელი მესაზღვრეები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთმა მგზავრმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც ვენაში მიმავალ რეისზე არსებული სიტუაციაა ასახული. ფოტო 27 აპრილსაა გადაღებული და ქართველი მგზავრის თქმით, ვენის კონტროლმა ქუთაისის აეროპორტამდეც მოაღწია, თვითმფრინავში ასვლამდე მგზავრებს საბუთები და ფული შეუმოწმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ წასვლამდე ორმაგი კონტროლის გავლა უწევთ.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რატომ ამოწმებენ ქართველ მგზავრებს ქვეყნიდან გამგზავრებამდე უცხოელი მესაზღვრეები. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განგვიმარტეს, ქუთაისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) წარმომადგენლები უმოწმებენ დოკუმენტებსა და ფულს.

FRONTEX ევროკავშირის ორგანიზაციაა, რომლის სათაო ოფისი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარეობს. სააგენტოს მთავარი ფუნქცია ევროკავშირის ტერიტორიაზე საზღვრის კონტროლია. გარდა ამისა, FRONTEX-ი აკვირდება საზღვრებზე კრიმინალური აქტივობების ტენდენციასა და მიგრაციას და აანალიზებს ამ მონაცემებს. სააგენტო საზღვარზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგს ეწევა და მიღებულ ინფორმაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აწვდის. ორგანიზაციის საქმიანობა ევროკავშირის ქვეყნებს გარე საზღვრებზე არსებული გამოწვევებისა და მიგრაციის კონტროლში ეხმარება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, FRONTEX-ის წარმომადგენლები ქუთაისის აეროპორტში დაახლოებით ერთი თვეა დგანან.

"ამ ეტაპზე მოთხოვნაა, რომ იდგნენ ვენის რეისზე, რადგან საქართველოს ბევრ მოქალაქეს საბუთები არ ჰქონდა წესრიგში. მაგალითად, დაახლოებით, ერთი თვის წინ მხოლოდ ერთ დღეს, 19 პირი არ გაუშვეს.

FRONTEX-ის წარმომადგენლები ვენამ მოითხოვა: ჩვენთან ქართველები ბევრი დარღვევით ჩამოდიან და თქვენივე საზღვრიდან გაცხრილეთ და არა ჩვენგანო. ჯერჯერობით, დგანან და როდემდე იდგებიან, არ ვიცით“ - განუმარტეს AMBEBI.GE-ს აეროპორტების გაერთიანებაში.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, მესაზღვრეების მიერ ვენის რეისზე წამსვლელთა შემოწმება ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ქვეყნის, ავსტრიის მოთხოვნაა, სხვა ევროპულ ქვეყნებს კი მგზავრებისთვის დოკუმენტაციისა და თანხის შემოწმების მოთხოვნა არ წამოუყენებიათ.