ავტორი:

რას გულისხმობს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გაფართოებული ვალდებულება, რომელიც მწარმოებლებს დეკემბრიდან ექნებათ?

რას გულისხმობს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გაფართოებული ვალდებულება, რომელიც მწარმოებლებს დეკემბრიდან ექნებათ?

საწარმოო ნარჩენები დედამიწის უდიდესი დამაბინძურებელია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით, 100 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ფილტვის კიბოთი გარდაცვალების რისკი 20%-ით მეტია იმ ადამიანებში, ვინც დაბინძურებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს ვიდრე მათ შემთხვევაში, ვინც შედარებით ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე არიან დასახლებულები.

დღეს, მიწისა და წყლის ყველაზე პრობლემატურ დამაბინძურებლად პლასტიკის პარკები, ბოთლები, საბურავები, სიგარეტის ნამწვავები და მსგავსი ხშირად მოხმარებადი პროდუქტებია მიჩნეული. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, პლასტიკის პარკებით დაღუპული ვეშაპების შესახებ ინფორმაცია თითქმის რამდენიმე თვეში ერთხელ ვრცელდება. ასევე, იღუპებიან მცირე ზომის თევზებიც, ვეღარ ხარობენ წყალმცენარეები, საზღვაო ეკოსისტემის განადგურებაში კი მთავარი დამნაშავე ჩვენ - ადამიანები ვართ.

მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენებით დაბინძურების მიმართულებით მდგომარეობა უკვე კრიტიკულად დამძიმდა და განვითარებულმა ქვეყნებმა გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად მუშაობა დაიწყეს, სასურველი შედეგები ჯერჯერობით, მიღწეული მაინც არ არის.

ნარჩენების მართვის პროცესში საქართველო მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებთან ერთად უკვე წლებია, ჩაერთო. წლიდან წლამდე, ევროკავშირთან ერთად მუშავდება ახალი რეგულაციები, რომელიც გარემოზე ზრუნვას ემსახურება. მაგალითად, 2019 წლის 1-ლი აპრილიდან პლასტიკის ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით, ყველა სისქის პლასტიკის პასრკი აიკრძალა.

მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან საქართველოს კანინის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ ვალდებულებების შესაბამისად, ძალაში შედის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს ბიზნეს-ოპერატორები (მწარმოებლები და ბაზარზე განმართავსებელი იურიდიული პირები, მათ შორის, იმპორტიორები) ვალდებულნი იქნებიან, უზრუნველყონ მათ მიერ საქართველოს ბაზარზე განთავსებული პროდუქციისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა, (მათ შორის რეციკლირება) და გარემოსთან უსაფრთხო განთავსება.

მწარმოებლის გაფართოერბული ვალდებულება ეხება ნარჩენების შემდეგ ნაკადებს: შეფუთვისა და შესაფუთი მასალის ნარჩენებს, ბატარეებსა და აკუმულატორებს, ნარჩენ ზეთებს, გამოყენებულ საბურავებს, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენებსა და ხმარებიდან ამოღებულ სატრანსპორტო საშუალებებს.

აღნიშნულ ვალდებულებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გამართა შეხვედრები. ბოლო ასეთი შეხვედრა გაიმართა 25 აპრილს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. არნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებს კიდევ ერთხელ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებულ ტექნიკური რეგლამენტის პროექტებს, რომლებიც შემუშავდა სამინისტროში მიმდინარე ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან. აღსანიშნავია, რომ კანონქვემდებარე აქტებთან დაკავშირებით, პრეზენტაციას 150-ე მეტი პირი დაესწრო.

ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით გადასადგმელი სამომავლო ნაბიჯები.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალ კონცეფციას წარმოადგენს და მის დასანერგად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და საზოგადოებისა და კერძო სექტორის ცნობიერების სათანადო დონე.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც პირველად შვედეთში, თომას ლინდკვისტის მიერ შვედეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთან წარდგენილ 1990 წლის ანგარიშში წარმოადგინეს, არაერთ გარემოსდაცვის აქტივობას მოიცავს. უფრო კონკრეტულად, ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და რესურსად გამოყენებას, მათი ხელასახლი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის სხვა ფორმების დანერგვას, ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობის შემცირებას, სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო დამუშავებას, რესურსებისა და ღირებული მეორადი ნედლეულის გამოყენებას, სხვადასხვა პროდუქციის სასიცოცხლო ციკლში ჩართული ყველა ოპერატორის საქმიანობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, პროდუქციის უკეთესი დიზაინის შექმნას, ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას და ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ხატია წილოსანის განცხადებით, ნარჩენების დამუშავება შესაძლებელია იყოს განახლებული წყარო იმისთვის, რომ პოზიტიური შედეგები მიიღოს როგორც ბიზნესმა, ისე სახელმწიფომ.

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ ითვალისწინებს სპეციფიური ნარჩენების იმგვარად შეგროვებას, რომ მწარმოებლებმა, ასევე, იმპორტიორებმა და ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელმა პირებმა თვითონ უზრუნველყონ სპეციფიური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება. თავისთავად ცხადია, ჩვენ 2 წლის განმავლობაში აქტიური კომუნიკაციების გვქონდა ბიზნესთან და მათი ჩართულობით, მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა კანონქვემდებარე აქტები, რომელიც შესაბამისობაშია „ნარჩენების მართვის კოდექსთან“ და შესაბამის ევროდირექტივებთან და ემსახურება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეყანაში დანერგვას. ეს პრინციპი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში და მათ უკვე 20-წლიანი გამოცდილება აქვთ დაგროვილი, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების სწორად მართვა და განსაკუთრებით, სპეციფიკური ნარჩენების ნაკადების სწორად შეგროვება და მათი იმგვარად დამუშავება, რომ არ დაიკარგოს ის სიკეთე, რომელიც შეიძლება, ნარჩენების მეორადი გადამუშავების შედეგად მიღებული“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხებში ექსპერტის ხათუნა გოგალაძის განმარტებით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება არის სისტემა, რომელიც მეწარმეებისგან და არამარტო მათგან, მოითხოვს გარკვეული პასუხისმგებლობის აღებას ნარჩენებზე, რომლებიც მათ მიერ წარმოებული პროდუქტიდან წარმოიქმნება.

„ეს არის სისტემა, რომლის საშუალებითაც ხელი შეეწყობა ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებას, მათ გადამუშავებას, რესურსის რესურსად გამოვლენას, ხელახლა გამოყენებას და მათ რაც შეიძლება მცირე რაოდენობით, უსაფრთხოდ განთავსებას ნაგავსაყრელებზე. შესაბამისად, ეს არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც კარგად არის აპრობირებული და დანერგილი ევროპის და არამარტო ევროპის ქვეყნებში და ამის საქართველოში დანერგვას 2019 წლიდან. დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ საკანონმდებლო აქტების წარმოდგენა, რომელიც შემუშავდა და რომელიც ხელს შეუწყობს იმ გარკვეული ნარჩენების ნაკადების მართვას საქართველოში, რომელიც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეშ ექცევა“, - აღნიშნა ექსპერტმა გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხებში.

მწარმოებლების გაფართოებულ ვალებულებასთან დაკავშირებით ისაუბრა ალექსანდრე დარასმაც, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრი და ატაშეა, ასევე, კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორის პოზიციას იკავებს.

„საქართველოში გარემოს დაცვითი რისკების შესამცირებლად ძალიან ბევრი რამ შეიძლება, გაკეთდეს და სწორედ ამასთან დაკავშირებით ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფცია გავრცელდეს, რათა დავაფიქროთ მწარმოებელი.

უკვე წელიწადნახევარია, ამ პროექტის ფარგლებში ჩამოყვანილი გვყავს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობს. მათ შორის, ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებების საკითხებზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფრის გამჭვირვალეობა აუცილებელია, ვაწყობთ დღევანდელის მსგავს შეხვედრებს, რათა კერძო სექტორმაც დაინახოს, რა კეთდება, თავიდანვე ჩაერთოს და ეს ყველასთვის მომგებიანი იყოს“, - განმარტა მან.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, საქართველოში დაახლოებით, 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება, რომელიც 1000-მდე სახიფათო და არასახიფათო ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ როგორც მეწარმეების, ისე ყველა ჩვენგანის მიერ გარემოზე ზრუნვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი