ავტორი:

ობლობაში გაზრდილი ქართველის მიერ აშენებული სავანე ბულგარეთში - "გრიგოლს ალაყაფის კარი დავით აღმაშენებელმა აჩუქა"

ობლობაში გაზრდილი ქართველის მიერ აშენებული სავანე ბულგარეთში - "გრიგოლს ალაყაფის კარი დავით აღმაშენებელმა აჩუქა"

უძველესი თრაკიის მიწა-წყალზე, თანამედროვე ბულგარეთის სამხრეთში, როდოპის მთის კალთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, პეტრიწონის ქართველთა სავანე მდებარეობს, რომელიც რილის მონასტრის შემდეგ უდიდესი და უძველესი მართლმადიდებლური მონასტერია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ცოტამ თუ იცის, რომ სავანე, რომელსაც წელიწადში 3-4 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს, საუკუნეების წინ ქართველმა შექმნა და გააშენა. სავანის დამაარსებელი წარმოშობით ტაოელი გრიგოლ ბაკურიანის ძე იყო. მის შესახებ საინტერესო ცნობებს პოლიტოლოგი და ექსპერტი ედიშერ ჯაფარიძე გვაწვდის:

- პეტრიწონის სავანის დამაარსებელი და აღმშენებელი ბიზანტიის კეისრის ალექსი კომნენის კარზე დაახლოებული მე-11 საუკუნის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, დასავლეთის ჯარების მთავარსარდალი ტაოელი გრიგოლ ბაკურიანის ძე იყო. ქართული სავანის ასაშენებლად საგანგებოდ შეარჩია თავისი კუთვნილი სოფელი პეტრიწონი, რომელიც ბუნების მრავალი სიკეთით უხვად იყო დაჯილდოებული. გრიგოლმა ძმასთან, აბასთან ერთად 1083 წელს ბულგარეთში (მაშინ ბიზანტიის შემადგენლობაში შედიოდა) ააშენა პეტრიწონის სავანე, 1084 წელს კი სავანეს ტიპიკონი შეუდგინა. იგი განკუთვნილი იყო მხოლოდ ქართველი ბერებისათვის და იქ ლოცვა-ვედრება მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა აღევლინათ. გრიგოლის მამა, ერისთავთერისთავი ბაკურიანი, ბაგრატიონთა დიდებულ გვარს ეკუთვნოდა. მას და მის ძმას, ხვასროვანს, ტაოში დიდი მამულები ჰქონდათ. ბაკურიანს რამდენიმე ასული და ორი ვაჟი, გრიგოლი და აბასი ჰყავდა. გრიგოლის მამა ადრე გარდაიცვალა.

დედამ მთელი ქონება თავის ქალიშვილებს მზითევში გაატანა, გრიგოლს და აბასს კი არაფერი დაუტოვა. ობლობაში დარჩენილ ძმებს თავად მოუხდათ ცხოვრებაში გზის გაკვალვა, თუმცა მათი ნიჭის წყალობით ბიზანტიის სახელმწიფო სამსახურში მალევე დაწინაურდნენ. გრიგოლი თავდაპირველად ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციების ჯარების მხედარმთავარი იყო, ასევე სხვადასხვა დროს მშობლიურ საქართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა.

გრიგოლ ბაკურიანმა დიდი როლი ითამაშა ბიზანტიის იმპერატორის ალექსის გამეფებაში, რომელმაც კომნენოსთა დინასტიას დაუდო საფუძველი. მადლიერმა იმპერატორმა მას დასავლეთის ანუ ევროპაში იმპერიის ჯარების მთავარსარდლის თანამდებობა უბოძა. იმ პერიოდისათვის გრიგოლს სევასტოსის (პატიოსანი) წოდებაც ჰქონდა მინიჭებული.

- როგორ დააარსა პეტრიწონის სავანე?

- გრიგოლს სოფელი პეტრიწონი ბიზანტიის კეისარმა ალექსი კომნენმა თავისი მეფობის დროს აჩუქა. მორწმუნე ქართველმა სარდალმა უფლის სადიდებლად და თავისი სულის საცხონებლად პეტრიწონის სავანე დააარსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიუძღვნა. მანვე შეუდგინა ქართველთა მონასტერს ტიპიკონი ანუ წესდება, რომელიც 36 მუხლისაგან შედგება. მასში მითითებული იყო, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ და ემართათ მონასტერი.

ტიპიკონი შედგენილია ორ ენაზე - ქართულად და ბერძნულად. ქართულად იმიტომ, რომ ქართველ ბერებს წელიწადში რამდენჯერმე ხმამაღლა წაეკითხათ და მოცემული განაწესის მიხედვით ემოქმედათ. ბერძნული კი სახელმწიფო ენა იყო და იურიდიული ძალაც ბერძნულ ტექსტს ენიჭებოდა.

გრიგოლის და იმპერატორ ალექსის ძალისხმევით პეტრიწონის სავანეს სტავროპეგიულობის ხარისხი ებოძა, რაც მას განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებდა. კერძოდ, მონასტერი ყოველგვარი გადასახადებისაგან თავისუფლდებოდა. გრიგოლის ნათესავებს და ახლობლებს მონასტრის საქმეებში ჩარევა და მისი ქონებიდან რაიმე წილის მოთხოვნა ეკრძალებოდათ. კონსტანტინოპოლის შემდეგ იმპერიაში პეტრიწონის სავანე ერთ-ერთ უმძლავრეს ცენტრს წამოადგენდა.

უცხოელი ისტორიკოსების ცნობით, ქართველი მეფეები ხშირად სტუმრობდნენ გრიგოლ ბაკურიანს, მათ შორის აღმაშენებელი და თვით თამარიც. ამას მოწმობს გურიის ერთ-ერთ სოფელში, მეწიეთში აღმოჩენილი "მარხვანი", სადაც დავით მეფე აღმაშენებელთან, დედოფალ თამართან, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებთან ერთად გრიგოლ ბაკურიანის-ძეც არის მოხსენიებული. აქვე უნდა ვთქვა, რომ მონასტრის ალაყაფის კარი დავით აღმაშენებელმა აჩუქა.

მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ თანამედროვე ბულგარეთში დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს პეტრიწონის სავანე, რომელიც რეაბილიტირებულია და მთავარ საკურორტო ცენტრადაა ქცეული. წელიწადში იქ 3-4 მილიონი ვიზიტორი ჩადის.

პეტრიწონის მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს ერთი დიდი ტაძარი - ღვთისმშობლის სახელზე და ორი პატარა - წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის სახელზე. ასევე, მოგვიანებით აშენებულია წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. ტაძრები მოხატულია ქართველი მხატვრის იოანე ივეროპულოსის (ივერიელის) მიერ, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში მოღვაწეობდა.

მონასტერში დღემდეა დასვენებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ქართული ხატი. გადმოცემით, ეს ხატი ლუკა მახარებლის დაწერილია და საქართველოდანაა ჩამობრძანებული. ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად გადარჩა დამანგრეველი ხანძრის დროს. იგი გადაურჩა თურქთა შემოსევასაც.

დღეს მთავარი ტაძრის გუმბათზეა აღმართული ერთი მეტრი სიგრძის მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელსაც ლამაზი ქართული ასომთავრული წარწერა ამშვენებს "იესუს ქრისტეს ძლევაი". 1999 წლამდე მონასტერში დაცული იყო წიგნი, სადაც ამ ხატის სასწაულების შესახებ იყო მოთხრობილი. სამწუხაროდ, ეს წიგნი მონასტერში გაჩენილი ხანძრის დროს დაიწვა.

პეტრიწონის მონასტერი დღეს ყველაზე დიდი ტაძარია ევროპის მართმადიდებელ ლავრათა შორის, რომელიც ერთმორწმუნე ბულგარული და ქართული კულტურის უნიკალურ სიმბოლოს წარმოადგენს.