ავტორი:

"ტუტანხამონს თაფლი ჩააყოლეს... მტკიცდება, რომ ჩვენთან უფრო ადრე ჩაატანეს მიცვალებულს თაფლი" - ქართული თაფლი 8 000 წლისაა?

"ტუტანხამონს თაფლი ჩააყოლეს... მტკიცდება, რომ ჩვენთან უფრო ადრე ჩაატანეს მიცვალებულს თაფლი" - ქართული თაფლი 8 000 წლისაა?

როდესაც საქართველოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობა დაიწყო, მილსადენს სამხრეთ საქართველოში, ბორჯომის მიდამოებში უნდა გაევლო... მილსადენის მშენებლობის დროს სოფელ საკირესთან არქეოლოგებმა კოდიანას ყორღანი აღმოაჩინეს, რომელიც ადრე ბრინჯაოს ხანისაა, ანუ დაახლოებით 5 500 წლის წინანდელი.

ყორღანში ნაპოვნი იყო ადამიანის ძვლები, ჩონჩხი ქალს ეკუთვნოდა. ასევე აღმოჩნდა სამი ჭურჭელი, ორი თიხის და ერთი ხის. ჭურჭლის შიგთავსი გამოიკვლიეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალინოლოგიურ ლაბოტარორიაში. კვლეგა პალინოლოგმა, პროფესორმა ელისო ყვავაძემ ჩაატარა, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს, რა დადასტურდა ამ და სხვა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენების შედეგად:

"მოგეხსენებათ, თაფლი არის თაფლოვანი მცენარეების გროვა. ფუტკარი ეწვევა იმ მცენარეს, რომელსაც ტკბილი და არომატული ნექტარი აქვს. იგი აგროვებს ამ მცენარეების ყვავილის მტვერს, მერე აკეთებს გუნდებს, გუნდებს დებს თავის უკანა თათების ნაკეცში ანუ კალათებში და მიაქვს თავის სკაში, სადაც შემდგომ თაფლს აწარმოებს და დამშეულ შვილებსაც ასაზრდოებს. თაფლოვანი მცენარეებიის რაოდენობა და მათი დიდი კონცენტრაცია თაფლის ხარისხის ძალიან კარგი მაჩვენებელია! მცენარეთა მტვრის კომპლექსი გვიჩვენებს იგი ველური ფუტკრის უნდა ყოფილიყო თუ მოშინაურებულისა.

შულავერის გორის ნამოსახლარის ზედა ფენაში ნაპოვნ კერამიკის ანაფხეკში აღმოჩენილი:ფუტკრის ბუსუსები; ფუტკრის კლანჭი; თაფლოვანი მცენარეთა მტვერი

ჭურჭელში აღმოჩენილი მასალა ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა, რადგან სამივეში საუკეთესო თაფლი იყო მოთავსებული. ოღონდ სხვდასახვა მცენარეთა ყვავილის მტვრის შემადგენლობით. ერთი იყო ცაცხვის თაფლი, სადაც ცაცხვის მტვერი დომინირებდა.

მეორე ჭურჭელში მდელოს თაფლი იყო, მესამეში აღმოჩენილი თაფლი კი ადასტურებს, რომ იქ კულტურული მარცვლოვნები დომინირებდა. მაგალითად, ხორბალი. ასევე, სამივე ჭურჭელში იყო იმ მცენარეთა მტვერი, რომელიც ეზოებში, ბილიკის პირებზე და სანაგვეებზე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სკები ეზოებში, ან სახლის მიდამოებში იდგა.

არქეოლოგებმა დიდი კამათი გამართეს, შეიძლება ტყეშია და ველური ფუტკრის იყოსო, მაგრამ არ არის ეს ველური ფუტკრის თაფლი. მაშინ იქ არ იქნებოდა არც ხორბალი, არც ხვართქლას, მატიტელას, ჭინჭრის და მრავალძარღვას მტვრის მარცვლები, რომლებიც ადამიანის საცხოვრებელთან და ხორბლეულის ყანებში იზღდება. ამ კვლევების მიხედვით დასტურდება რომ საკირეში მეფუტკრეობა ნამდვილად იყო განვითარებული.

გადაჭრილი გორა, მარნეული

შემდეგი კვლევები უკვე ნეოლითურ ხანის ძეგლებზე დავიწყეთ. ეს ის დროა, როცა ადამიანი დაჯდა მიწაზე, მუდმივი საცხოვრებელი სახლიც აიშენა და მცენარეებისა და ცხოველების მოშინაურება დაიწყო. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ეს მოხდა დაახლოებით 9 000-8 000 წლის წინ. მარნეულის ახლოს ეს ძეგლებია - გადაჭრილი გორა, შულავერის გორა, იმირის გორა.

2007 წლიდან გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე მუდმივი გათხრები ტარდება, მასალა კი ინტერდისციპლინარული მეთოდებით ისწავლება. ძალზედ საინტერესოა, რომ შულავერის გორაზე როგორც თიხის ჭურჭელში, ასევე კერას ძირზე, თაფლის ნაშთი აღმოჩნდა. მაშასადამე, ჩვენ აღმოვაჩინეთ 8 000 წლის წინანდელი თაფლი, რომელიც უდავოდ მეფუტკრეობის შედეგი იყო!

იქაც იყო უამრავი ხორბლის მტვრის მარცვლები და ეზოს სარეველების მტვერი. რაც ყველაზე საინტერესოა ვაზის მტვერიც ვიპოვეთ თაფლში. თურმე, ვაზიც უყვარს ფუტკარს და მიდის ნექტრის შესაგროვებლად. არსებობს ლიტერატურა ამის შესახებ... სწორედ რომ გადაჭრილი გორასა და შულავერის გორას მასალაზე აღმოჩნდა, რომ 8 000 წლის წინ აქ მევენახეობა და მეღვინეობა არსებობდა!

ეს მსოფლიოში სენსაციური აღმოჩენაა, რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველოში პირველებმა მოვაშინაურეთ ვაზი და პირველებმა დავწურეთ ღვინო. მანამდე მეცნიერებაში არსებობდა სულ სხვა აზრი. ცნობილი იყო, რომ ღვინის სამშობლო ირანი უნდა ყოფილიყო. ირანში პირველი ღვინის კვალი აღმოაჩინეს ჭურჭელში, რომელიც თარიღდებოდა 7 000 წლით. ჩვენთან კი ღვინის ჭურჭელი თარიღდება 8000 წლით. კვლევები როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნების ლაბორატორიებში ჩატარდა, მათი მეცნიერებების მონაწილეობით.

სადაც ღვინის ჭურჭელი აღმოჩნდა, იგივე ფენების სხვა ჭურჭელში ვნახეთ თაფლის კვალიც. იყო თიხის ჭურჭელში და ასევე კერაში... შულავერის გორაზე მცხოვრები ადამიანი, როგორც ჩანს საჭმელს ამზადებდა და თაფლი ქურაში ჩაეღვარა... დასტურდება რომ ნეოლითურ ხანაში ადამიანი შულავერის გორაზე მისდევდა მეფუტკრეობას. მეხორბლეობა უკვე დაწყებული იყო, ახლო აღმოსავლეთში ცოტა ადრე მოაშინაურეს და ხორბალი ცალკე ისტორიაა...

რაც შეეხება ვაზს და მეფუტკრეობას, მეცნიერები ვთვლით რომ ყველაზე ადრინდელი კერა საქართველო უნდა ყოფილიყო. უტყუარია, რომ ვაზი მსოფლიოში ნამდვილად წავიდა საქართველოდან და შესაძლებელია, რომ მეფუტკრეობაც აქედან წავიდა, როგორც კულტურა.

- ყორღანში ნაპოვნი ქალის ჩონჩხი, ნიშნავს რომ მეფუტკრე ქალი იყო?

- დიახ, საკირეში აღმოჩენილ ყორღანში დასაფლავებული ქალი იყო... სამ ჭურჭელში აღმოჩენილი სხვადასხვა თაფლის მიხედვით ჩანდა, რომ მეფუტკრე იყო და თავის მომზადებული თაფლი ჩაატანეს. ვიცით რომ, ღვინოსაც ატანდნენ საფლავში და ასე შემდეგ... თუმცა, სამი სხვადასხვა თაფლი რომ ჩაეტანებინათ, ასეთი შემთხვევა სხვაგან არ ყოფილა და ამიტომაც აქვს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება.

ტუტანხამონს (ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი ძვ. წ. 1347-ძვ. წ. 1337 წლებში) თაფლი ჩაატანეს (პირამიდების კვლევების დროს, საარხში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თაფლის ჭურჭლები, რომლებიც დაახლოებით 3000 წლით თარიღდება, ავტ), ჩვენთან კი მტკიცდება რომ კიდევ უფრო ადრე ჩაატანეს მიცვალებულს თაფლი. თუ არ არის განვითარებული დარგი, ისე ტრადიცია ვერ დაინერგება... მიცვალებულს გამორჩეულს, საუკეთესოს ატანდნენ, ზოგჯერ სარიტუალოდაც კი ამზადებდნენ, რადგან მას ის სჭირდებოდა საიქიო ცხოვრებისთვის. ეს ამტკიცებს, რომ რელიგიაც კი მაღალ დონეზე იყო...

"ბებია გრძნობდა... არ წახვიდეო, აფრთხილებდა" - ვინ არიან ყვარელში ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

ძუძუს კიბოთი დაავადებული  პაციენტების მხარდასაჭერად,  სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გაერთიანდნენ

სოფო კილაძეზე ქმარი ფსიქოლოგიურად ძალადობდა -  დეპუტატის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერი გასცეს