ავტორი:

ისტორიული დღე - პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა

ისტორიული დღე - პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

ახლად ნაკურთხ ტაძარში 7 ბავშვი მონათლეს. შვიდივე ჩვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ნათლული იქნება.

ნათლობა საზეიმო წირვის პარალელურად, ტაძრის სპეციალურ სანათლავში გაიმართა. მონათლულებს შორისაა ძალოსანის, ლაშა ტალახაძის შვილი. ნათლობის ცერემონიალი არქიმანდრიტმა ეგნატემ და დეკანოზმა შალვამ ჩაატარა.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2002 წლიდან მიმდინარეობს. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით, ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება.

შემდეგი ეტაპი მონასტრისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებს.

მთელი ერი მოხარულია, რომ დღევანდელი დღე იქნება წილხვედრი, საქართველო იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი - მოხარული ვარ, რომ ამას ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იზიარებს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ გამართულ ცერემონიალზე განაცხადა.

“თვით განგებამ ინება, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ყოფილიყო. როცა მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მონაწილეობა მიიღო ღვთიმშობელმა დედამ. მას წილად ხვდა ივერია და იმ დღიდან საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთან არის“, - ბრძანა ილია მეორემ.

"გუშინ მოხდა ტერორისტული აქტი, შემთხვევით გადავრჩით სიკვდილს..." - რა მოთხოვნები აქვთ თელავში გამართული აქციის მონაწილეებს?

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში?

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა