ავტორი:

"ვეუბნები: ცოლი თუ არ მოგყავს, ვინმესთან გააჩინე, შვილიშვილი მინდა-მეთქი... " - როგორი ბავშვი იყო ზალიკო ბერგერი და რას უწუნებს დედა ერთადერთ შვილს

"ვეუბნები: ცოლი თუ არ მოგყავს, ვინმესთან გააჩინე, შვილიშვილი მინდა-მეთქი... " - როგორი ბავშვი იყო ზალიკო ბერგერი და რას უწუნებს დედა ერთადერთ შვილს

საკმარისია, დიზაინერი ზალიკო ბერგერი ტელეეკრანზე, ან სოციალურ ქსელში გამოჩნდეს - ყველა იღიმის და კარგ ხასიათზე დგება. უყვართ პოზიტიური და ეპატაჟური დიზაინერი და მისი იუმორი. უყვარდე ადამიანების უმრავლესობას - ეს ალბათ უნარია, რაც ზალიკო ბერგერს ნამდვილად აქვს.

ინტერვიუებში დედას ხშირად ახსენებს, რომელიც უზომოდ უყვარს. ზალიკო ბელა ვეფხვიაშვილის ერთადერთი შვილია. დედას მიაჩნია, რომ ისინი ერთმანეთს ხასიათით, კომუნიკაციის უნარით, იუმორით, სითამამით ჰგვანან. ერთდერთ რამეს, რასაც ქალბატონი ბელა პოპულარულ შვილს უწუნებს, AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბოლო დროს ზალიკომ თავისი ლაივ ვიდეოებით იმაზე მეტი გულშემატკივარი შეიძინა, ვიდრე ჰყავდა. როგორ უყურებთ მის აქტივობას სოციალურ ქსელში?

- დედა ვარ და როგორ შეიძლება, არ მომწონდეს, არ მიხაროდეს, მაგრამ ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს. ბევრს სვამს. ყველა ვიდეოში ჭიქა უჭირავს ხელში. ამას ძალიან კრიტიკულად ვუყურებ, სულ ვეუბნები, - ნასვამი ლაივებში რომ არ „შემოხვიდე“, არ შეიძლება-მეთქი? ადრე ასეთი რაღაცები არ ახასიათებდა. ამის გარდა უკვე გადაცემებშიც დაიწყო სმა.

ცოტა ხნის წინ მაია ასათიანთან ვნახე - ჭიქა ეჭირა ხელში, ია ფარულავას გადაცემაშიც ჭიქით იყო. რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა. რაც შეეხება მის პოპულარობას და ცნობადობას, დედა ვარ და მივესალმები, მიხარია, მაგრამ ვიმეორებ, თუ კრიტიკული თვალით შევხედავთ, უკეთესი იქნება, თავი ცოტა სხვა რაკურსით წარმოაჩინოს.

- ზალიკოს დიდი ხანია, ვიცნობ და ალკოჰოლი სულ უყვარდა...

- კი, რაც არასდროს მომწონდა და მსიამოვნებდა, თუმცა ამდენს არასდროს სვამდა... ვეუბნები, ევროპაში ხშირად რომ დადიხარ, ხომ აკვირდები და ხედავ ბარებში, კაფეებში თუ დისკოთეკებზე, ერთი ჭიქა უჭირავთ ხელში და დილამდე შეუძლიათ იმით ისიამოვნონ-მეთქი. რა აუცილებელია, მაინცდამაინც ეს ქართული ელემენტები ჩართოს ყოველი დალევისას, ხომ შეიძლება ისევე მოიქცეს, როგორც ისინი იქცევიან?! ამას რომ ვეუბნები, თავს მიქნევს, მეუბნება, რომ მართალი ვარ, მაგრამ ჩემს თხოვნას არ ასრულებს.

როდის დამიჯერებს და გააკეთებს ისე, როგორ მე ვეუბნები, არ ვიცი... არადა, დედის გულიდან გამოდინარე, ეს ყველაფერი ჩემზე მოქმედებს, გული მეკუმშება.

ვეუბნები, რომ გაიძახი - ბელას გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, მოვკვდებიო. შენი ამ საქციელით ბელას რომ კლავ, ვერ ხვდები? თუ გინდა, რომ მომკლა, რაც გინდა, ის ქენი-მეთქი. ვნახოთ, აბა, როდის შეასრულებს ჩემს თხოვნას.

- საერთოდ, პოზიტიური განწყობაა მის მიმართ, ბევრს უყვარს... როგორ ფიქრობთ, ადამიანების გულწრფელი სიყვარული როგორ მოიპოვა თქვენმა შვილმა, რით იზიდავს ადამიანებს?

- ეს ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ თამამია, თავისუფალი, იუმორით სავსე, ოჯახიც ასეთი მქონდა სულ - პოზიტიური. ბავშვობიდან აქტიური გახლდათ, მოსწავლეობისას „არტეკში“ იყო და იქიდან მეტად გახსნილი ჩამოვიდა - ალბათ მასზე ყველაფერმა იმოქმედა და ბევრი რამ განსაზღვრა.

მეც სულ იუმორით ვიყავი სავსე. მერე მეუღლე, და გარდამეცვალა, რამაც ცოტა შემცვალა... ჩემი და ("ქუჩის ბიჭი“ ზურა ხაჩიძის დედა, - ავტ) ტრაგიკულად დაიღუპა, გაზით გაიგუდა. თუმცა ხომ გეუბნებით, მანამდე მხიარული ადამიანი გახლდით, საზოგადოებაში თავიდანვე მიღებული, ყველას უხაროდა ჩემთან ყოფნა. ვფიქრობ, რომ ზალიკოს ჩემი გენეტიკა გამოჰყვა.

- ე.ი. ბავშვობაშიც აქტიური იყო...

- კი, ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი... უამრავ წიგნს კითხულობდა, როგორც კი წერა-კითხვა ისწავლა, ისეთ წიგნები აქვს წაკითხული, ზოგიერთს დღეს არც დაესიზმრება. მისი დაწყებითის მასწავლებელი, ქალბატონი როზა ინანიშვილი მეტყოდა ხოლმე: არაჩვეულებრივია, ჭკვიანი და განათლებული, ეს ცხოვრებაში აუცილებლად ბევრს მიაღწევსო. ამაზე მეცინებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მართლა განათლებული, მეცადინე, გონიერი და პასუხისმგებლიანი ბავშვი იყო. არ ყოფილა შემთხვევა, სკოლაში უსწავლელი წასულიყო და ამაში თვითონვე აქტიურობდა.

- როგორც ვიცი, უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. რატომ აარჩია ეს დარგი?

- სამსახიობო უნდოდა, მერე ფსიქოლოგიურზე ჩააბარა, მაგრამ პირველ წელიწადს 2 ქულა დააკლდა. შემდეგ წელს არც მომზადებულა, მასწავლებლებთან არ უვლია და ის, რაც გასულ წელს ჰქონდა ნასწავლი, გამოცდებზე იმ ცოდნით გავიდა. ყველაფერს ერთ კვირაში გადახედა და ფილოსოფია-სოციალოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. დამთავრების მერე ეცადა, თავისი სპეციალობით ემუშავა, მაგრამ 90-იან წლებში სამსახურის დაწყება შეუძლებელი იყო. წერდა სტატიებს ჟურნალებში, გაზეთებში, „რადიო 105“-ში დაიწყო მუშაობა, დიჯეი იყო და მისი ფსევდონიმი ბერგერიც იქიდან გაჩნდა...

- თუმცა მასობრივად ის, როგორც დიზაინერი, ისე გაიცნეს... ბავშვობაში ხატავდა?

- ხატავდა, 1995 წელს პირველი ავანგარდული მოდის ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა. ავანგარდული ნამუშევრები შექმნა და პირველი ადგილი დაიკავა იმ ჩვენებაზე. იქიდან დაიყო მისი დიზაინერობა, რაც ნელ-ნელა გააღრმავა, ბევრი დაინტერესდა მისი შეკერილი სამოსით, თავისი სახელოსნო ჰქონდა...

მოგვიანებით სტამბოლში წავიდა, სადაც 2 კვირის ნაცვლად 9 თვე დარჩა. რომ ჩამოვიდა, აქსესუარებზე გადავიდა, რაც ასევე ძალიან საინტერესო მიმართულება იყო... ახლა უკვე ნაკლებად მუშაობს ამ განხრებით, თუ ვინმე შეუკვეთავს, მხოლოდ მაშინ, ან როცა მუზა მოუვა...

- სულ ამას ამბობს: ბელა მეუბნება, ცოლი მოიყვანე, შვილიშვილი მინდაო... ასე ეუბნებით?

- დიახ. ძალიან მინდა, შვილიშვილი მყავდეს. ბოლოს იქამდე მივედი, რომ ცოლი თუ არ მოგყავს, იქნებ ვინმესთან გააჩინო, ვიცოდე, რომ შვილიშვილი მყავს-მეთქი. კიო, მეუბნება, მაგრამ როდის რა იქნება, არ ვიცი. ყველაფერზე ხომ გეუბნებით, კი-ს მეუბნება. მისი შედავება არაფერში და არასდროს მინახავს. უბოროტო ადამიანია, ცუდს არავის უსურვებს და ეტყვის. სულ პოზიტიურია. მოკლედ, ასეთია ზალიკო...

"ბევრმა მითრხა, რომ აქამდე ამინდის პროგნოზისთვის ასე არ უყურებია" - თათული ედიშერაშვილისა და თამუნა ნიკოლაძის დუეტმა ახალი ამპლუა მოირგო

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ Friends-ის მსახიობები დღეს?

ვარსკვლავები, რომლებმაც ქმრებს ღალატი აპატიეს