ავტორი:

22 წლის ქართველი ინჟინერი, რომელმაც დნეპრზე 550 მეტრიანი ხიდი ხუთ დღეში ააგო – რა წერია ირაკლი ციციშვილზე გრიფით საიდუმლო მასალებში

22 წლის ქართველი ინჟინერი, რომელმაც დნეპრზე 550 მეტრიანი ხიდი ხუთ დღეში ააგო – რა წერია ირაკლი ციციშვილზე გრიფით საიდუმლო მასალებში

ქართველმა ინჟინერმა დნეპრზე ხიდი 5 დღის განმავლობაში ააგო... ხიდის სიგრძე 550 მეტრი იყო, ინჟინრის ასაკი- 22 წელი. ეს იყო ირაკლი ციციშვილი, რომელსაც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს. პოლიტოლოგი, ექპერტი ედიშერ ჯაფარიძე ლეგენდარულ ქართველ ინჟინერის შესახებ უფრო მეტ დეტალს გვიყვება:

- ირაკლი ციციშვილი 1918 (2001) წლის 17 დეკემბერს ქალაქ თბილისში დაიბადა... ირაკლი ბავშვობიდანვე არქიტეqტურისა და ხელოვნებათმცოდეობის ნიჭით გამოირჩეოდა. მთელი მისი შეგნებული სიცოცოხლე არქიტექტურას და სამშენებლო ხელოვნებას მიუძღვნა. მისი სახელი და დიდება კვლავ უკვდავყო დნეპრის ხიდის აგებამ! ამასთან დაკავშირებით მინდა მკითხველს გრიფით მოცული იმ საიდუმლო მასალების შესახებ ვუამბო, რომელიც არქივებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით შემოგვინახა.

ირაკლი ციციშვილი არქეოლოგიურ გათხრებზე, ვაშნარის ციხე-ქალაქში - 1948 წელი

გრიფით დაცულ საიდუმლო დოკუმენტებში, სადაც მოცემულია ბერიას დაცვის ყოფილი უფროსის რაფაელ სარქისოვის ჩანაწერები, ვკითხულობთ: "მეორე მსოფლიო ომის დროს მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში საბჭოთა არმია ფაშისტებს ძლიერ დარტყმებს აყენებდა, საქმე წინ მაინც ნელა მიიწევდა და მდინარე დნეპრის ფორსირებაც ჭიანურდებოდა. ამიტომ, სიტუაციის გასარკვევად სტალინმა ადგილზე ლავრენტი ბერია მიავლინა, მას მეც თან ვახლდი. დნეპრის ფორსირება პირველ უკრაინულ ფრონტს უნდა მოეხდინა, რომელსაც არმიის გენერალი ნიკოლაი ვატუტინი მეთაურობდა, სამხედრო საბჭოში კი ნიკიტა ხრუშჩოვი შედიოდა. ადგილზე რომ ჩავედით და სიტუაციას გავეცანით, აღმოჩნდა, რომ დნეპრზე ხიდის გადება ვერ ხერხდებოდა და ბერიას სწორედ ეს პრობლემა უნდა მოეგვარებინა.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა ბერია ფრონტზე ზეწოლისთვის მიავლინა, ბერია ძალიან კორექტული იყო და ვატუტინისგან მოხსენება შექმნილი ვითარების შესახებ მშვიდად მოისმინა. არმიის გენერალმა (ვატუტინმა) ლაპარაკი რომ დაასრულა, მოულოდნელად ხრუშჩოვი აყვირდა, ყველა გალანძღა, ბოლოს კი ასე დაასრულა – კარგი ინჟინრები არ გვყავს. მხდლები და მშიშრები არიან და ხიდს ვერ აშენებენ, რომ მდინარეზე ჯარი გადავიყვანოთო. ბერია ასეთ გამოხტომებს ვერ იტანდა, თუმცა მწვავე რეაქცია არ გამოუვლენია ხრუშჩოვის სიტყვებზე და უთხრა: ყველაფერს გავარკვევთ და დამნაშავეებს დავსჯითო. ამ სიტყვების მერე ბერიამ ხრუშჩოვს ხიდის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირის მასთან მოყვანა უბრძანა. აღმოჩნდა, რომ ის პირველი უკრაინული ფრონტის 38-ე არმიის, 268-ე ცალკეულ საინჟინრო ბატალიონის 22 წლის კაპიტანი, ეროვნებით ქართველი, ირაკლი ნიკოლოზის ძე ციციშვილი იყო.

ბერიამ ამ ულვაშა ქართველს რომ შეხედა, რომელიც მამაცურად გამოიყურებოდა და შიშის ნატამალიც არ ეტყობოდა, მიესალმა და რუსულად უთხრა: მომახსენეთ, რა ხდება! ციციშვილმა უთხრა, რომ ხიდის მშენებლობას ხელს ფაშისტების საავიაციო და საარტილერიო დაბომბვები უშლიდა, რომლის მოგერიებასაც თავდაცვის ძალები ვერ ახერხებდნენ. კაპიტანმა ასე დააბოლოვა თავისი მოხსენება: ამხანაგო ბერია, თავს არ ვზოგავთ. მე და ჩემი მებრძოლები ძლიერი ცეცხლის ქვეშ ვმუშაობთ და უკვე ოცი ჯარისკაცი დამეღუპა. მიუხედავად ამისა, ხიდი მაინც ვერ კეთდება. უფრო მეტი თავგანწირვაა საჭირო, - ჩაერთო ხრუშჩოვი. ბერია კი ჩაფიქრდა. ორიოდე წუთის შემდეგ კი ციციშვილს უკვე ქართულად უთხრა: სასწრაფოდ რამეა მოსაფიქრებელი, კაპიტანო, თორემ დრო არ ითმენს.

შევეცდებით, ამხანაგო ბერია. ხიდს ან ავაგებთ, ან ყველანი თავს შევწირავთ – თქვა ციციშვილმა. ბერია კიდევ ცოტა ჩაფიქრდა და ციციშვილს უთხრა: ასეთი თავგანწირვა უაზრობაა. რა იქნება, რომ ხიდი ღამღამობით ააშენოთ, თანაც წყლით რომ იყოს დაფარული, რათა ფაშისტებმა ვერ შენიშნონ. შესაძლებელია ასეთი რამ? ციციშვილს სახე გაუბრწყინდა და ეტყობოდა, რომ გონება გაუნათდა. ძლივს შეიკავა თავი, რომ ბერიასთვის მხარზე მეგობრულად არ დაეკრა ხელი, შემდეგ ბერიას გამოეჯგიმა და ქართულად უთხრა: ორიგინალური მიგნებაა, ამხანაგო ბერია და სავსებით შესაძლებელია. წყალქვეშ მოტივტივე ხიდს ავაშენებთ".

მართლაც, სულ რაღაც ხუთ დღეში ირაკლი ციციშვილმა და მისმა ჯარისკაცებმა დნეპრზე 550 მეტრის სიგრძის ხიდი ააგეს, რომელიც ტივტივებდა, 20 სანტიმეტრით წყალქვეშ იყო მოქცეული და 30 ტონას უძლებდა. მასზე რომ ტექნიკა და ჯარისკაცები გადადიოდნენ, ისე ჩანდა, თითქოს წყალზე მოძრაობდნენ. ამ ტექნიკურმა მიგნებამ დნეპრის ფორსირება და მთელი უკრაინის გათავისუფლება მოიტანა, ხოლო ირაკლი ციციშვილს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

1943 წლის ნოემბერში პირადად ბერიამ უსახსოვრა ოქროს ვარსკვლავი და ლენინის ორდენი ციციშვილს და დასძინა: "ყოჩაღ, თავადო, შენმა გმირობამ ქვეყანას დიდი გამარჯვება მოუტანაო...".

მაშ ასე, ზემო აღნიშნულიდან შეგვიძლია თამამად ვთქათ, რომ მდინარე დნეპრზე წყალქვშა ხიდის აგების ინიციატორი და ინსტრუქტორი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ირაკლი ციციშვილი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეზობელი ქვეყნების - რუსეთის, ბელორუსის და უკრაინის (ეს მდინარე ამ ქვეყნების ტერიტორიაზე მიედინება დღეს, რომელსაც სათავე აქვს რუსეთში და ჩაედინება შავი ზღვის დნეპრის ლიმანის ყურეში) გადარჩენასა და თავისუფლების მოპოვების საქმეში. სამწუხაროდ, ისტორიული გაკვეთილები გვიჩვენებს, რომ დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან და ამ შემთხვევაშიც ასეა.

საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი კვლევა ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

კორონავირუსის PCR კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტი 200 ლარად - დაკავებულია ერთი ადამიანი

350 ვაკანსია  97 436 მსურველზე - როგორ მიმდინარეობს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პროგრამა?