ავტორი:

რატომ აქვთ ქართველებს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია?

რატომ აქვთ ქართველებს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია?

NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 39 %-ს საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგია აქვს და მის დაშლას უარყოფით მოვლენად აფასებს. ამაში კარგი მხოლოდ ის არის, რომ გასულ წელთან შედარებით მაჩვენებელი 3%-ითაა შემცირებული.

კვლევა დიდ ქალაქებში ჩატარდა: თბილისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და გორში.

AMBEBI.GE-მ თემასთან დაკავშირებით მცირე ქუჩის გამოკითხვაც ჩაატარა, რომლის დროსაც მოქალაქეებს ვკითხეთ, დადებით მოვლენად აფასებენ საბჭოთა კავშირის დაშლას თუ უარყოფითად, და თუ უარყოფითად აფასებენ, რა ენატრებათ მასში. პასუხები კი ასეთი იყო:

“ხალხი შიმშილობს ახლა და მაშინ სტუმარი რომ მოგივიდოდა, 40 კაცს გაუმასპინძლდებოდი“

"სოფლის მეურნეობა მუშაობდა, ფაბრიკა-ქარხანები მუშაობდა, ხალხი დასაქმებული იყო - ახლა ვინ არის დასაქმებული? სად რა კეთდება? არაფერი! მე მილიციაში ვმუშაობდი, ბირჟაზე ვიჭერდი ხალხს, მიმყავდა და ქარხანაში ვასაქმებდი ძალით"

"კარგად ვცხოვრობდი მაშინ, ახლა ვეღარ ვცხოვრობ“

"საბჭოთა კავშირის დროს ხომ რუსთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, უბრალოდ ამას მივტირი"

რა თქმა უნდა, იყო საპირისპირო პასუხებიც: "ვინც 21-ე საუკუნეში კიდევ საბჭოთა კავშირს მისტირის, ეს უკვე კლინიკაა", "ვისაც ენატრება, ეგენი ურევენ ახალგაზრდობას წყობას. ახალგაზრდა რომ ხარ, ყველაფერი მოგწონს, რაც ახალგაზრდობაშია. მე პირადად მგონია, რომ მაშინ კარგი იყო ბავშვობა და ახალგაზრდობა მეტი არაფერი" - გვითხრეს რესპონდენტებმა.

თუ რატომ "მისტირის" საზოგადოების ნაწილი საბჭოთა კავშირს, ამ საკითხზე ისტორიკოსებსა და ექსპერტებს მივმართეთ, რომლებსაც 39%-იანი მაჩვენებელი არ გაჰკვირვებიათ. როგორც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, საბჭოეთის მონატრება კონკრეტული თაობის ადამიანებს ახასიათებთ და ზოგადი არ არის:

"მოულოდნელი არ არის საბჭოთა პერიოდის მიმართ ნოსტალგია რომ არსებობს, თუმცა ეს ძირითადად არის უფროსი თაობის ნოსტალგია და მათი ნოსტალგიის საგანი არის გვიანი საბჭოთა წლები. ეს ადამიანები რეალურად არ მოსწრებიან საბჭოთა რეჟიმის ყველაზე მძიმე პერიოდს - სტალინურ ხანას. მათი მახსოვრობა იწყება 40-50-იანი წლებიდან და ძირითადი ნოსტალგიის საგანი არის ის გარემო, სადაც სოციალიზაცია გაიარეს - ეს იყო შედარებით მშვიდი პერიოდი, მეტ-ნაკლებად ყველას ჰქონდა ელემენტარული ცხოვრების პირობები...

90-იანებში ამ ყველაფრის ერთიანად გაქრობა და კოლაფსი, გახდა საფუძველი რომ საზოგადოების დიდ მასებს რაღაცნაირად გადაეფასებინა ეს დამოკიდებულება და ნოსტალგია გასჩენოდა ძველი, წყნარი დროის მიმართ. რეალურად, ტრფობის და მონატრების საგანი არის უძრაობის პერიოდი, როდესაც არ შიოდათ. ეს არის თაობა რომელიც დღევანდელობასთან ვერ ინტეგრირდა, მათ ახალგაზრდობის წლები აქვთ გაიდეალებული, რომელიც საბჭოთა წყობასთან ასოცირდება", - განმარტავს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი.

სტაბილურობა, თანასწორობა, დასაქმების მაღალი დონე, ჯანდაცვის კარგი სისტემა, შემოსავლის მუდმივი წყარო - ამ მთავარ ფაქტორებს უკავშირებს საპენსიო ასაკის ადამიანებში საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიას რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვალერი ჩეჩელაშვილი:

"მთავარი იყო სტაბილურობის განცდა. საბჭოთა კავშირი იყო ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელშიც მართვის გარანტიების დიდი წილი სახელმწიფოს საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული. ყველამ იცოდა, რომ პატარა, მაგრამ გარანტირებული პენსია ექნებოდა; შეზღუდული, მაგრამ რაღაც სოციალური უფლებები ექნებოდა. იყო სტაბილურობა, იყო უსაფრთხოების მეტი შეგრძნება, თუმცა დღევანდელ საქართველოსთან შედარებით არ მგონია ეს მართალი იყოს.

ეკონომიკური მდგომარეობის ფაქტორიც იყო, თანასწორობა სოციალურ ფენებს შორის. ახლა ხედავთ როგორი ტენდენციაა, რომელიც ღრმავდება ბოლო 8 წლის განმავლობაში - მდიდრები ხდებიან უფრო მდიდრები და მცირე და საშუალო ფენაში უფრო მეტად ჭირს თავის გატანა. უმუშევრობის დონე მაღალია, გადახდისუნარიანობა დაქვეითებულია. ეკონომიკური სიდუხჭირე მატულობს, ხალხში ფული აღარ არის, ამიტომ ყოველივე ეს განაპირობებს ასეთ დამოკიდებულებას", - განმარტავს ვალერი ჩეჩელაშვილი.

"ეს არის საბჭოთა კავშირში დაბადებული მშობლებიდან გადმოყოლილი ის უნარ-ჩვევები, რომლებიც პირველ რიგში ნიშნავს ინიციატივის ნაკლებობას, დამოკიდებულებას მთავრობაზე, თუ როგორ უნდა წავიდეს შენი ცხოვრება, უმოქმედობას.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბჭოთა თაობას გადმოჰყვა, თუმცა ამავე დროს, ახალ თაობას აქვს შესაძლებლობა ნახოს ევროპა, იცხოვროს იმ ცხოვრების წესით, რომელიც მათზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა. თუმცა, რთულია გარდამავალი პერიოდი“ - ამბობს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი.

საბჭოთა ნოსტალგიების მიუხედავად, საქართველო მაინც აგრძელებს დასავლეთისკენ სწრაფვას, თუმცა NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევამ ამ კუთხითაც აჩვენა პრობლემები - იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს, 2018 წლის დეკემბრის შემდეგ 6%-ით შემცირდა, ხოლო 9-დან 13%-მდეა გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. მოწინააღმდეგეთა 39%-მა კი უარის მთავარ მიზეზად რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების შიში დაასახელა.

ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ ამ უარყოფითი ტენდენციის მთავარი მიზეზი ხელისუფლების უმოქმედობაა, გამოსავალი კი ის არის, რომ მოსახლეობამ ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების სიკეთეები საკუთარ ჯიბეზე აღიქვას.

„ხელისუფლებამ ვერ გაამართლა ის იმედები, რომლებიც ხალხს ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ არ მოიტანა კეთილდღეობის შესაბამისი ზრდა ევროკავშირთან დადებულმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ.

სამწუხაროდ, ჩვენი ექსპორტი რუსეთისა და ევრაზიული კავშირის ქვეყნებში იზრდება უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე ევროკავშირში და სხვათა შორის, ეს ტენდენცია უკანასკნელი 2 წელია გამოჩნდა. აქედან მე ვაკეთებ დასკვნას, რომ ჩვენ ვერ ვიყენებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც არის შექმნილი ძალიან კარგი ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით. შესაბამისად, ეს აისახა ამ ცუდ ტენდენციაშიც“, - განმარტავს "რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ