ახალგაზრდა ნინუცა დარბაძეს სოციალურ ქსელში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მიუხედვად ცხოვრებაში გადატანილი უდიდესი სირთულეებისა, ის მუდმივად პოზიტივს და იუმორს ინარჩუნებს და კარგი განათლების წყალობით სულ ყურადღების ცენტრშია. ნინუცა წლების წინ 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. იმ დროს თავის გარდა სხეულის ვერც ერთ ნაწილს ვერ გრძნობდა. მთელი წელი მკურნალობას, ოპერაციებს და რეაბილიტაციას დაეთმო. შემდეგ იყო დეპრესია, პოსტტრავმული აშლილობები, თუმცა საბოლოოდ ძალები მოიკრიბა და პირველ რიგში, მშობლების დახმარებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ჩააბარა უნივერსიტეტში, ამჟამად ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს და სურს, საკუთარი გამოცდილებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს:
- ჩემი ოჯახი არის უდიდესი ძალა, რომელიც ყველაზე მძიმე მომენტებში გვერდით მიდგას. დღეს რომ მე ასეთი ბრძოლისუნარიანი ვარ, მათი დამსახურებაა! ერთი მთლიანობა ვართ, განსხვავებული გემოვნებით, ინტერესებით, აზრებითა და შეხედულებებით, ჩვენ ამ ერთმანეთის განსხვავებულობას პატივს ვცემთ. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი, ბევრი რამ ვისწავლე მათგან, განსაკუთრებით მაშინ დავაფასე, როდესაც დავინახე, რომ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რათა მე უკეთ ვყოფილიყავი. ყველანი ერთად გაერთიადნენ მშობლები, მათი და-ძმები და შვილები, მეგობრები, ნათესავები... და სწორედ მათი გვერდში დგომა დამეხმარა, რომ ისევ გამეღიმა, ისევ გამაგრძელებინა ცხოვრება, ვყოფილიყავი ისევ ისეთი, როგორიც ტრავმამდე ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ მარტო მე მქონდა ტრავმა, ეს ჩვენ ყველას შეგვეხო და ყველასთან გარკვეული კვალი დატოვა. საბოლოოდ უამრავი სირთულე ყველამ ერთად დავძლიეთ.
რაც შეეხება დედას და მამას, ისინი დღემდე ძალიან ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ მე ცხოვრების აქტიურ რეჟიმს არ ჩამოვრჩე. ვიცი ძალიან ზოგადად ჟღერს, გაჩდება კითხვები "რას შრომობენო", მაგრამ მართლა ერთი დღის განმავლობაში, იმდენ რამეს აკეთებენ ჩემთვის, რომ მე სიტყვებითაც ამის გადმოცემა მიჭირს. რა თქმა უნდა ყველა დეტალს ვერ ავღწერ, ისე როგორც ეს სინამდვილეში ჩანს! დილას დაახლოებით 1 საათი სჭირდება დედას, რომ მომაწესრიგოს, ჩამაცვას, გამომპრანჭოს, მერე მამა გამორბის სამსახურიდან, რომ უნივერსიტეტში წამიყვანოს, მანქანაში ჩემით ჩაჯდომა და გადმოჯდომა ჯერ ვერ ვისწავლე, ამიტომ მამა მიყვანს ხელში და ის აკეთებს ამას, სხვათაშორის ძალიან მსუბუქიც არ ვარ... საღამოს მავარჯიშებენ, იმ შემთხვევაშიც კი არ ამბობენ ჩემს ვარჯიშზე უარს, როცა ორივეს წელი ტკივა და ძლივს იხრებიან. თავს იმხნევებენ, რომ ჩემთვის ვარჯიში აუცილებელია და თავიანთ ტკივილს გვერდით გადადებენ ხოლმე. ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობას და ერთად ძალიან მხიარულები ვართ. სოციალურ ქსელში ჩემს პოსტებს ვინც თვალს ადევნებს, ჩემი ოჯახის შესახებ ბევრს გაიგებთ...
- როგორ აირჩიეთ პროფესია?
- ყოველთვის მინდოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი, ჩვეულებრივი არა, აი ისეთი ყველას რომ მოეწონებოდა, სასიამოვნო ხმის ტემბრით, გამართული საუბრით და კარგი ვიზუალით. სარკის წინაც ძალიან ბევრი მივარჯიშია, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია, ერთადერთი რაც ზუსტად ვიცოდი, რომ არ მინდოდა ეს იყო კაბინეტში ჯდომა. ჩემს მშობლებს ასეთი სამსახური აქვთ და ამიტომ მე აღარ მსურდა. სკოლიდან დაბრუნებული 7 საათამდე ყოველთვის მარტო ვიყავი და ყველაფრის კეთება მე მიწევდა. ამიტომ ერთი სული მქონდა, ჩემი მშობლები სამსახურიდან გამოეშვათ. იმ ზაფხულს, როცა უკვე სექტემბერში მეთორმეტე კლასში უნდა გადავსულიყავი, აივნიდან, 25 მეტრი სიმაღლიდან გადავარდი და თავის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი - სხეულის ვერც ერთ ნაწილს. მთელი წელი ჩემს მკურნალობას, ოპერაციებს, რეაბილიტაციას დაეთმო. დამეწყო გაუსაძლისი დეპრესია, ნევროზი, პოსტტრავმული აშლილობები და კიდევ ბევრი სხვა რამ. ვერ ვეგუებოდი, რომ ესეთი დამოუკიდებელი გოგო, სრულიად უსუსური გავხდი.
გამუდმებით მესმოდა ფრაზა, "შენ თავს შენ თვითონ უნდა დაეხმარო"... ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტე, დამემტკიცებინა, რომ მე ისევ ისეთი მაგარი გოგო ვარ და ცხოვრება გრძელდება, ოღონდ ჩემთვის უკეთ უნდა გაგრძელებულიყო, ვიდრე მანამდე იყო! ამიტომ ბოლო დღეს დავრეგისტრირდი ეროვნულ გამოცდებზე, მხოლოდ 1 თვე მოვემზადე და გავედი... პროფესია ფსიქოლოგია ავირჩიე, რადგან მანამდე ფსიქოლოგებთან ვიზიტების კარგი გამოცდილება მქონდა მიღებული, მომწონდა როცა ვხედავდი, როგორ გამოვყავდი მათ ნელ-ნელა დეპრესიიდან. იმ პერიოდში ყველა მე მეხმარებოდა, ამიტომ მჭირდებოდა ისეთი პროფესია, სადაც პირიქით მე დავეხმარებოდი, პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდგომ უკვე სხვებს... სანამ წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში ჩავირიცხებოდი, მანამდე დავიწყე ფსიქოლოგიის შესწავლა და სულ უფრო და უფრო ვინტერესდებოდი ამ საგნით. აღმოვაჩინე, რომ სასიამოვნო ხმის ტემბრი, გამართული საუბარი და დადებითი ვიზუალი, არა მხოლოდ ჟურნალისტებს უნდა ახასიათებდეთ, არამედ ფსიქოლოგებსაც. რამაც დამაჯერა, რომ ბავშობაში ტყუილად არ ვვარჯიშობდი, მე აქ უნდა ვყოფილიყავი, ზუსტად ამ პროფესიაში! ცხოვრება გრძელდება, არ დამელოდება მე როდის დავდგები, ამიტომ ძლიერი უნდა ვიყო, რომ გავაგრძელო!
ცალკე ძალაა, რომელიც მახსენებს, რომ ფიზიკურ მდგომარეობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი უფრო სხვა რამეებია და ამის მადლობელი ვარ, თუმცა ისეთებიც არსებობენ, რომლებსაც მხოლოდ მაშინ სურთ ჩემთან ერთად გასეირნება, როცა ფეხზე დავდგები და სიარულს ვისწავლი... თავიდან ცოტა გული მტკიოდა ამაზე, მაგრამ რას ვიზამთ, ყველანი განსხვავებულები ვართ, ვღებულობ ისეთებს, როგორებიც არიან.
ძალიან მიხარია, როცა ხალხისგან სითბოს ვგრძნობ და მამხნევებენ, თითქოს სტიმული მეძლევა, რომ უფრო და უფრო აქტიური გავხდე, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ჩემთვის შეზღუდული და შეუძლებელი არაფერია. სასიამოვნოა, როდესაც ადამიანს ისეთი მოსწონხარ, როგორიც ხარ.