ავტორი:

"ზოგიერთი ამ ასაკში ჯერ კიდევ ეზოში თამაშობს" - როგორ აფასებენ ფსიქოლოგები და უფლებადამცველები აღაიანში მომხდარ ტრაგედიას

"ზოგიერთი ამ ასაკში ჯერ კიდევ ეზოში თამაშობს" - როგორ აფასებენ ფსიქოლოგები და უფლებადამცველები აღაიანში მომხდარ ტრაგედიას

სოფელ აღაიანში 16 წლის ბავშვი, რომელიც ამავდროულად დედა იყო, საკუთარი 7 თვის შვილის მკვლელი გახდა. პოლიციელებმა დანაშაულის ადგილიდან მიმალული არასრულწლოვანი დედა ცხელ კვალზე დააკავეს, გოგონამ კი საკუთარი შვილის მკვლელობა აღიარა და სამართალდამცველებს საქმის დეტალები გაანდო. არასრულწლოვანს, სულ მცირე, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ისტორია, რომელმაც თავისი უმძიმესი სცენარით მთელი საქართველო შეძრა, მოკლედ სწორედ ასე ჟღერს. დანაშაული სახეზეა, დამნაშავე კი ცნობილი და დაპატიმრებული.

მაგრამ არის თუ არა 16 წლის გოგონა ამ ისტორიის ერთადერთი დამნაშავე და აქვს თუ არა ამ მედალს მეორე მხარეც?! - ფსიქოლოგებმა, უფლებადამცველებმა და განათლების ექსპერტებმა ამ ტრაგიკულ ისტორიაში ბევრი სხვა კომპლექსური პრობლემაც დაინახეს, რომელიც არც ამ არასრულწლოვანი გოგონათი დაწყებულა და, სავარაუდოდ, არც მისით დასრულდება.

ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა უწყების მხრიდან 16 წელს მიუღწეველი გოგონას ე.წ ქორწინების იგნორირებისა და მრავალი სხვა ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი სოციალურ ქსელში წამოჭრა, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი აღმოჩნდა. ანა არგანაშვილი გოგონას ახლობლებსა და ყველა შესაბამის უწყებას ერთ კითხვას უსვამს - რატომ არ ჰქონდათ მათ დროული და ადეკვატური რეაქცია?

„16 წლის ბავშვის მშობელი რას ამბობს, არასრულწლოვანი ბავშვი რატომ ცხოვრობდა უცხო კაცთან? მეურვე სად იყო? მისი კანონიერი წარმომადგენელი? ვინ იღებდა ამ ბავშვთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას? როგორ ემსახურებოდა არასრულწლოვანს მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე ადმინისტრაციული ორგანოები და ოფიციალური დაწესებულებები? სოციალური სამსახური როგორ ამონიტორინგებდა უცხო ადამიანთან მცხოვრებ ბავშვს? სკოლა როგორ აქცევდა ყურადღებას? სამშობიარო? პედიატრი? მეან-გინეკოლოგი? ექთანი? თერაპევტი? ბავშვს ვინ გაუკეთა იმუნიზაცია? დარაჯი? მძღოლი? გვერდით მაღაზიის გამყიდველი? მასწავლებელი? დირექტორი? სასწავლო ნაწილი? და მილიონი სხვა ადამიანი... ყველამ გააკეთა სავალდებულო შეტყობინება სექსუალურ ძალადობაზე (16 წლის ქვემოთ ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარება), რომლის შეუტყობინებლობაც კანონის დარღვევაა? გაინაწილეთ ახლა პასუხისმგებლობა სამართლიანად, რამდენმა ასეულმა ადამიანმა იცოდა, რომ ბავშვის უფლებები დაირღვა ყველაზე მძიმე ფორმით და რა რისკები ახლავს ამას თან? რამდენი ათასი ბავშვია ამავე მდგომარეობაში და თვალს ხუჭავთ?!", - დაწერა ანა არგანაშვილმა.

უფლებადამცველმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ 16 წელს მიუღწეველ ადამიანთან სექსუალური კავშირი სრულწლოვანი ადამიანის მხრიდან არის სექსუალური ძალადობა, რომელსაც საქართველოში ხშირად ადრეული ქორწინების სტატუსით ფუთავენ და თვალს ხუჭავენ - ივიწყებენ, იმის ანაცვლად, რომ ამასთან დაკავშირებით ადეკვატური რეაქცია ჰქონდეთ, იმის ნაცვლად, რომ მსგავს მდგომარეობაში მყოფ ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობდნენ.

„რეაგირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ანუ ბავშვები სექსუალური ძალადობის გამო არ უნდა დარჩნენ დაზარალებულები. არამარტო ამ საქმეზე, ზოგადად, დაახლოებით, 10 წელია ვსაუბრობთ, მაგრამ სახალხო დამცველის ანგარიშში ძალიან ხშირად წერია, რომ უწყებამ იცის, არასრულწლოვანთან სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ, თუმცა რეაგირება არ ხდება. სხვადასხვა ხვრელებს პოულობენ, მაგალითად, ამბობენ, რომ სოციალურმა სამსახურმა იცის და აცხადებს, რომ ბავშვი უბრალოდ ცხოვრობს, რომ არ არის ადრეული ქორწინება და სხვადასხვა ნონსენსი. ეს არის ძალიან ტრაგიკული, როდესაც ჩვენ სერიოზულად არ ვუყურებთ ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობას და ამას ქორწინებას ვუწოდებთ, რასაც არაფერი არ აქვს საერთო ქორწინებასთან.

ყველა ძალადობას აქვს გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე და როდესაც სექსუალურ ძალადობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება. დღეს საქართველოში ბავშვთა დაცვის სამსახურს, რომელიც არის სოციალური სამსახური, არ ჰყავს ფსიქოლოგები, არ აქვს ეს სერვისი", - ამბობს ანა არგანაშვილი.

ის ამ თემასთან დაკავშირებულ პრობლემათა ვრცელ სიას ასახელებს, რომელიც კანონის უხეში დარღვევით იწყება და ბავშვისთვის განათლების უფლების წართმევით სრულდება: "წარმოიდგინეთ, ბავშვები ხდებიან სხვა ბავშვების მშობლები და ბავშვს არ აქვს სხვა ბავშვის მშობლობის რესურსი".

როგორც ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე აღნიშნავს, 16 წელს მიუღწეველი გოგონას ორგანიზმი და, ხშირ შემთხვევაში, ფსიქიკა მზად არ არის დედობისთვის. ფსიქოლოგის თქმით, ადრეული ქორწინების მსხვერპლი ბავშვების ორგანიზმს ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებაც არ აქვს დასრულებული, ამიტომ ისეთი სტრესი, როგორიც ორსულობაა, ხშირად ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უქმნის თავად ორსულებსაც და იშვიათად სრულდება ჯანმრთელი ბავშვის დაბადებით.

ამას ემატება სხვა ფსიქოლოგიური პრობლემებიც - ჩნდება ზედმეტი პასუხისმგებლობა - ღამის თევიდან დაწყებული, ზრუნვით, კვებითა და ათასი სხვა რაღაცით დამთავრებული, რომელიც, რა თქმა უნდა, ზედმეტი ტვირთია 16 წელს მიუღწეველი გოგოსთვის, ზოგიერთი ამ ასაკში ჯერ კიდევ ეზოში თამაშობს. ხშირად ასეთი გოგოების მეუღლეები ასევე მცირე ასაკისანი არიან. მათაც უჭირთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, აშინებთ მათ და, როგორც წესი, იკარგებიან, ქრებიან გოგონას ცხოვრებიდან. ყოველივე ამას თან ერთვის სწავლის ფაქტორიც - ვეღარ ახერხებს ქალი კარგი კი არა, მინიმალური განათლების მიღებასაც, ნაადრევად უწევს სამსახურის ძებნა იმისთვის, რომ ბავშვი არჩინოს (თუ სხვა ვინმე ზურგს არ უმაგრებს)", - ამბობს ფსიქოლოგი.

ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორები და ოჯახის თანადგომა, თუმცა ფსიქოლოგი ისეთ შემთხვევებსაც იხსენებს, როდესაც ადრეულ ასაკში დაოჯახებული ბავშვების მშობლებს პროტესტი უჩნდებათ და ამ "სირცხვილის" თავიდან ასაცილებლად მათ სახლიდან უშვებენ და ალალბედზე ტოვებენ.

„ხშირად ასეთი თინეიჯერი ორსულები რჩებიან მარტო საკუთარ პრობლემასთან და იმას, რაც ბუნებრივად სანერვიულოა და შფოთვასთან არის დაკავშირებული, ემატება საზოგადოებისგან იზოლაცია და საკუთარ პრობლემასთან მარტო დარჩენა. შესაბამისად, პოსტსამშობიარო დეპრესიები, ხშირად არა, მაგრამ მაინც იჩენს ხოლმე თავს. თავს იჩენს, იმიტომ რომ ქალი აღმოჩნდება ხოლმე აბსოლუტურად შეცვლილი რეალობის წინაშე, რომლისთვისაც მზად არ ყოფილა. შეცვლილ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ქალს გვერდით არ ჰყავს პარტნიორი, მეუღლე, ვინც გაიზიარებს ამ შეცვლილ რეალობას, დაეხმარება, გვერდით დაუდგება და მორალურად თანაუგრძნობს.

ჩამოთვლილი ფაქტორები თუ არ კმაყოფილდება, ხშირად იჩენს თავს პოსტსამშობიარო დეპრესია, რომელიც ზოგჯერ საკმაოდ მძიმე ფორმებითაც მიმდინარეობს. ასეთ დროს ქალი არის დათრგუნული, ცუდ ხასიათზე, შეიძლება ჰქონდეს ძილისა და კვებითი დარღვევები, არ უხარია არაფერი, სამყაროს ხედავს მუქ ფერებში, ჰგონია, რომ სულ ასე იქნება და არასდროს აღარაფერი შეიცვლება, ფიქრობს, რომ რაღაც ზედმეტი პასუხისმგებლობა აიღო, რომელსაც თავს ვერ ართმევს", - განმარტავს ირინა ტაბუციძე.

სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის, თათული თოდუას თქმით, სწორედ მშობიარობის შემდეგი ფსიქიკური აშლილობის, დეპრესიისა და ფსიქოზის დროს ქალების 4% ჩადის ინფანტიციდს - 1 წლამდე ასაკის ბავშვების მკვლელობას.

„აღმოჩნდა, რომ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მეუღლეებს შორის უთანხმოება, ცუდი სოციალური მხარდაჭერა, გაურკვევლობის გრძნობა მშობლობის ფენომენის მიმართ, ქალს მიდრეკილს ხდის ამ სახის ფსიქიკური აშლილობისადმი. ახლა წარმოვიდგინოთ 16 წლის ბავშვი, რომელსაც ამ ასაკში უკვე ჰყავდა 7 თვის შვილი", - წერს სოციალურ ქსელში თათული თოდუა.

არის თუ არა ბავშვებისთვის სექსუალური განათლების მიცემა ბევრი მსგავსი პრობლემის პრევენციის შესაძლებლობა? - ამ კითხვით განათლების საკითხების მკვლევარს სიმონ ჯანაშიას მივმართეთ.

„სექსუალური განათლების დანერგვა იწყება ხოლმე იმ საზოგადოებებში, სადაც ხშირია ხოლმე როგორც ნაადრევი ქორწინების შემთხვევები, ასევე ნაადრევი ორსულობის ფაქტები და სადაც მწვავედ დგას ოჯახური ძალადობის პრობლემები. საქართველოში ყველა ეს პრობლემა გვაქვს, ამიტომაც მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი იყოს სექსუალური განათლება. ეს ხელს უწყობს ასეთი პრობლემების შემცირებას. თუმცა, რა თქმა უნდა, სკოლა ბოლომდე ვერ გადაჭრის ამ საკითხებს, რადგან ყოველივეს თან ერთვის სხვადასხვა სოციალური პრობლემაც. მაგალითად, სხვადასხვა თემში ადრეული გათხოვება ერთგვარი ტრადიციაა, ან მათთვის, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს, რიგ შემთხვევაში, ეს სოციალური პრობლემების გადაჭრის გზაა - ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე უყურებენ ამ საკითხს. ამიტომ მხოლოდ სკოლა ვერ დაძლევს ამ პრობლემას, უბრალოდ შეუძლია იმოქმედოს ამ პრობლემის შემცირებაზე", - ამბობს სიმონ ჯანაშია.

განათლების საკითხების მკვლევარის თქმით, სექსუალური განათლება, პირველ ყოვლისა, ჯანმრთელობის საკითხებსა და ნაადრევი ან დაუცველი სექსუალური ურთიერთობების საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, შემდეგ კი მის მნიშვნელობაზე საზოგადოებაში, ასევე მოლოდინებსა და აღქმებზე. ჯანაშიას თქმით, სექსუალური განათლების კურსში ისეთი მნიშვნელოვანი რამის სწავლაც შეიძლება, როგორიც ოჯახის დაგეგმვა, ოჯახური ცხოვრება და ბავშვის აღზრდაა. თუმცა ამ კურსს საქართველოში ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ამიტომ მოზარდებს მათთვის მნიშვნელოვანი ინფორაციის მიღება კუსტარულად და ხშირად დამახინჯებული ფორმით უწევთ, რაც საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე ჩატარებულ ექსპრიმენტებსა და საბოლოოდ, ფატალურ შედეგებს არ გამორიცხავს.

ამგვარად, ეს ტრაგიკული ისტორია უკვე დიდი ხანია, გასცდა ერთი დამნაშავისა და ერთი დანაშაულის ფარგლებს. მედალს ბევრი მხარე აღმოაჩნდა, რაც სამოქალქო ცნობიერების დეფიციტს, განათლების პრობლემებსა და ისეთი კომპლექსური საკითხების უგულებელყოფას გულისხმობს, როგორიც ადრეული ქორწინება, მშობიარობის შემდგომი დეპრესიული მდგომარეობა და ინფანტიციდია.

"დამწვარია ერთი სახლი... გარდაცვლილია მამაკაცი" - რას ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში თამარაშვილის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარზე

ხანძარი თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში - ნაპოვნია ერთი ცხედარი

"კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით დახმარების პაკეტი 2021 წელსაც გაგრძელდება" - ფინანსთან მინისტრის განცხადება