ავტორი:

რატომ მივიდა ცნობილი კულინარი "მასტერშეფში" და რით აპირებს ჟიურის გაოცებას - "მინდა, კერძების მომზადებისას დედის და ბებიის სახელები გამოვიყენო"

რატომ მივიდა ცნობილი კულინარი "მასტერშეფში" და რით აპირებს ჟიურის გაოცებას - "მინდა, კერძების მომზადებისას დედის და ბებიის სახელები გამოვიყენო"

43 წლის ნინო ბარათაშვილის, იგივე შაინინას რეცეპტები პოპულარული 2 წლის წინ, სატელევიზიო გადაცემის მეშვეობით გახდა. ცნობადობა და ინტერესი იმდენად მაღალი იყო, რომ შაინინამ "ფეისბუქზე" გადმოინაცვლა და მისი გვერდის მომხმარებლები ახალ რეცეპტებს ყოველდღიურად ელოდებიან.

ნინომ გადაწყვიტა, შაინინას რეცეპტები მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული ტელეშოუს ქართულ ანალოგში "მასტერშეფში" მიეტანა და ყველაზე კომპეტენტური და პროფესიონალი ჟიურისთვის ლევან კობიაშვილისთვის, კონსტანტინე თედელურისა და კუკა ნაჭებიასთვის წარედგინა.

ალბათ, მაყურებელმაც შაინინასთან ერთად განიცადა და ინერვიულა, როცა ჟიურის წევრები მის მომზადებულ "გიზგიზას" მკაცრი სახეებით სინჯავდნენ და რეაქციასაც არ გამოხატავდნენ. საბოლოოდ, შაინინამ და "გიზგიზამ" წინასაფარი დაიმსახურეს და გადაცემის ყველაზე მხიარულ და პოზიტიურ მონაწილეს მალე შემდეგ ტურში შევხვდებით.

შაინინამ კულინარიული გამოცდილებისა და "მასტერშეფისადმი" მისი ინტერესის შესახებ AMBEBI.GE-ს უამბო:

- თქვენი "შაინინას რეცეპტები" ძალიან პოპულარულია. ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც თქვენ შესახებ არ იცის. მოგვიყევით, კულინარიის მიმართ ინტერესისა და შაინინას რეცეპტების შესახებ....

- დიდ ხანია, კულინარია მაინტერესებს. დედაჩემიც და ბებიაჩემიც ძალიან კარგი კულინარები იყვნენ, ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდათ. მე მაინც ბებიაჩემს გამოვყოფდი, რადგან განსაკუთრებული სამზარეულო ჰქონდა. ბებიაჩემმა იცოდა ის ძველი კერძები, რომელსაც პირადად ჩემთვის ყოველდღიურად ვიყენებ და ვაპირებ, რომ თუ ამის საშუალება მომეცა, "მასტერშეფშიც" გამოვიყენო. შეიძლება, ეს კერძები ცოტა მოდერნიზებული იყოს, მაგრამ ძირითადი ბაზა მაინც ბებიაჩემის სახელს ატარებს.

დედაჩემსაც ჰქონდა თავისი საფირმო კერძები როგორც ცომეულის მიმართულებით, ისე ცხელი ძირითადი კერძები და ვფიქრობ, რომ "მასტერშეფის" კონკურსში მის კერძებსაც აუცლებლად მოვუძებნი ადგილს. მე ოჯახში პირველი შვილი და შვილიშვილი ვიყავი და ორივე მიიჩნევდა, რომ ინფორმაცია და ცოდნა, რომელსაც ფლობდნენ აუცილებლად ჩემში უნდა დატეულიყო. აქედან გამომდინარე, ყოველთვის მქონდა ინფორმაციის ძალიან დიდი ნაკადი, რომლის დამახსოვრებასაც მაქსიმალურად ვცდილობდი. ჩემი მხრიდან, ორივეს გარდაცვალების შემდეგ მათ მიმართ გარკვეული ძღვენი იყო, როცა დედაჩემისა და ბებიაჩემის რეცეპტები ერთ-ერთი ძალიან ცნობლი კულინარის ოლია ჰერკულესის წიგნში აღმოჩნდა.

რაც შეეხება "შაინინას რეცეპტებს", ეს გვერდი არსებობს მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "დღის შოუს" კულინარიული ნაწილის წამყვანი გავხდი. რეალურად, ეს სახელი - შაინინაც მაშინ აფეთქდა და მთელ საქართველოს მოედო, თუმცა ეს სტუდენტობის პირველივე დღეებიდან ჩემი ფსევდონიმი იყო. "შაინინას რეცეპტებს" 35 000 ერთგული მომხმარებელი ჰყავს და ისინი მსგავსად სხვადასხვა უცხოური კულინარიული გვერდებისა სიახლეებს ყოველდღე ეცნობიან.

შაინინა არის გოგო, რომელსაც ძალიან უყვარს სამზარეულო, სიახლეები, გამოწვევები და არასდროს არ ეშინია ახალი თაობის. ვფიქრობ, რომ მე ვარ ის ბედნიერი შემთხვევა, რომელსაც არც აღმავალი და არც დაღმავალი მიმართულებით ხიდჩატეხილობის პრობლემა არ ჰქონია არც მამებთან და არც შვილებთან. ასე რომ ვფიქრობ, "მასტერშეფის" შემთხვევაში ჩემი პერსონა საინტერესო იქნება, გავითვალისწინებ და გამოვიყენებ ახალ თანამედროვე მიმდინარეობებს როგორც სამზარეულოში, ასევე კერძების მოდერნიზებაში. ბუნებრივია, იმ ძველ ინფორმაციასა და რეცეპტებს, რომელსაც ბებიაჩემისგან და ასევე, ბევრი უცნობი ადამიანისგან ათწლეულების განმავლობაში ვისმენდი, გამოვიყენებ. პირველი კერძიდან, რომელიც მოვამზადე, 40 წელი გავიდა, შესაბამისად, შემიძლია, ვთქვა, რომ საკმაოდ სტაჟიანი მზარეული ვარ.

- რაც შეეხება კერძს, რომელიც "მასტერშეფში" მოამზადეთ, რატომ გადაწყვიტეთ, ჟიურისთვის "გიზგიზა" წარგედგინათ?

- აქამდე არ მომცემია საშუალება, მაგრამ აუცილებლად ვეცდები, ყველა კერძს, რომელსაც ჟიურის "სამსჯავროზე" გავიტან, თავისი სახელი დავარქვა. ვფიქრობ, რომ ეს სახელები ადამიანის მეხსიერებაში ძალიან ღრმად იბეჭდება და ზუსტად ამის მაგალითი შეიძლება იყოს ჩემი "გიზგიზა" - მექსიკურ მოტივებზე შექმნილი სუპი, რომელმაც ჩემ მიერ დარქმეული სახელის გამო ქართული ხასიათი მიიღო და რეალურად, ქართულ სუპად იქცა.

შეიძლება ითქვას, რომ კერძი "გიზგიზა" ჩემი თილისმაა, რადგან "დღის შოუს" კულინარიული ნაწილის კონკურსში სწორედ ეს კერძი მოვამზადე. "გიზგიზა" გახდა გამარჯვებული, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ ეს სუპი პირდაპირ ეთერშიც მოვამზადე და მაყურებლის მხრიდან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

როდესაც "მასტერშეფში" გასაუბრებაზე მივედი და მკითხეს თუ რას გავაკეთებდი, პირველი, რაც გამახსენდა, "გიზგიზა" იყო. ვფიქრობ, რომ ჟიურის კერძი მოეწონა, რადგან წინსაფარი დავიმსახურე, თუმცა მღელვარება და სტრესი ძალან მაღალი ხარისხის იყო. რეალურად, ჟიურის სამივე წევრი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილზე შემხვედრია, ზოგი მათგანი ჩემი რესპონდენტი ყოფილა, მე მათ მიმართ ნელ-თბილი ურთიერთობა და ნაცნობობა ყოველთვის მქონდა. თუმცა როდესაც "სამსჯავროზე" გადიხარ როგორც მზარეული და ჟიურის სამივე წევრი ძალიან შემდგარი და წარმატებული კულინარია, პასუხისმგებლობა ძალიან მაღალი ხარისხისაა. მქონდა ისტერიული შიში, ორი დღე და ღამე არ მეძინა ამ კონკურსის შემდეგ, რადგან ბოლო წამამდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჟიურის წევრებს მოვხიბლავდი.

- კერძის გასინჯვის შემდეგ, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან კობიაშვილმა გითხრათ, რომ ის თქვენგან უფრო მეტს ელოდა. თქვენ როგორ მიიღეთ მისი ეს ფრაზა?

- ეს იყო სიგნალი იმისა, რომ ბევრად უფრო მეტი უნდა შევთავაზო ჟიურისაც და მაყურებელსაც. ანუ ის დონე, რომელიც მე ამ ეტაპზე მაქვს, არ არის საკმარისი, რომ "მასტერშეფში" ერთ-ერთი კონკურსანტი ვიყო. ამიტომ სანამ შემდეგი ტურები დაიწყება, ყოველდღიურად ვზივარ და ვმეცადინეობ. გადმოლაგებული მაქვს ყველა ქართველი ავტორის წიგნი, ვეცნობი კულინარიის ევროპულ და მსოფლიო მიმდინარეობსაც და ვმეცადინეობ კერძის გაფორმების მიმათულებით. მინდა, გავალამაზო და მოვკაზმო ჩემო კერძები, რათა თვალისთვის სასიამოვნო სანახავი იყოს და მაყურებელსაც არ გაუჩნდეს იმის შეგრძნება, რომ მათ მეტის მოლოდინი ჰქონდათ.

- რაც შეეხება "მასტერშეფის" შემდეგ ეტაპს, როგორ კერძს შესთავაზებთ ჟიურის?

- ძალიან მინდა, კერძების მომზადებისას დედაჩემისა და ბებიაჩემის სახელები გამოვიყენო. ნაფიქრი მაქვს რამდენიმე კერძზე. ზოგადად, კერძები ხომ სუპებად, ძირითად კერძებად, საკონდიტრო ნაწარმად, ცხობის მიმართულებად იყოფა. ყველა მიმართულებით პატარა ჩონჩხები მაქვს გამზადებული. როცა ჟიური იტყვის, რომ გაქვთ ეს ინგრედიენტები და მათი მეშვეობით ეს კონკრეტული კერძი უნდა მოამზადოთ, ამისთვის სარეზერვო ჩანახატები მაქვს.

ერთ-ერთი ასეთი სარეზერვო ჩანახატი ჩემი მხრიდან არის "ფეფუცა". ამ სახელს ბებიაჩემს ეძახდნენ, თუმცა ქეთევანი ერქვა. სახელი ფეფუცა ძალიან მეტკბილება. ბებიაჩემი სუპებისა და შეჭამანდების დედოფალი იყო. მე მისი ხარჩოს სუპი გამისინჯავს, ეს არის თონის პურისგან დამზადებული კერძი, ასევე, გამისინჯავს ტყლაპის სუპი და ვფიქრობ, რომ თუ ოდესმე რომელიმე ტურში, სუპი მოვიდა, ბებიაჩემის პატივსაცემად ასეთი კერძი მოვამზადო. თუ იქნება ფქვილეულის ნაწარმი, დედაჩემის ხორცისა და ტარხუნის ცნობილ ღვეზელებს მოვამზადებ და დავარქმევ ანიას - მის სახელს. თუ ძალიან გამიმართლა და ვფიქრობ, რომ ამის მცირე შანსი არ მაქვს, აუცილებლად მოვამზადებ "შაინინას სადილს" და ასე თანდათან, სახელებით უკვდავვყოფ ჩემს კერძებს "მასტერშეფის" ეთერში.

- რას მოგცემთ "მასტერშეფი" და მიხვედით თუ არა ამ პროექტში გამარჯვებისთვის?

- წინსაფრის აღებიდან დაახლოებით, 4 დღის შემდეგ გავარკვიე, რა იყო "მასტერშეფის" მთავარი პრიზი. ისეთი შოკი მივიღე, რომ ყველგან გადავრეკე და ვიკითხე, მართლა m2-ის ბინა იყო თუ არა საჩუქრად, რადგან ამ მიმართულებით კონკურსში ძალიან გაუთვიცნობიერებლად მივედი, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო მთავარი პრიზი, მე ამაზეც თანახმა ვიქნებოდი.

ჩემთვის, კულინარია დიდი სიამოვნებაა, ეს არის ხალისი და საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნა. რეალურად, რაც უფრო დიდხანს მექნება საშუალება, რომ ეს სიამოვნება მივიღო, და ჟიურის და მაყურებელსაც მივანიჭო, უფრო უკეთესაცდ ვიქნები, თუნდაც მთავარი პრიზის მფლობელი არ ვიყო. არ ვიცი, ეს რამდენად არაამბიციურად ან ამბიციურად ჩანს, მაგრამ რეალურად, მე საბრძოლველად არ ვარ მოსული, მოვედი იმისთვის, რომ ვისიამოვნო და სხვებსაც მივანიჭო სიამოვნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი