ავტორი:

"ეს იყო საუკეთესო წუთები ჩემს ცხოვრებაში..." - გაიცანით, ქართველი ბიჭუნა უკრაინული "ვოისიდან", რომელიც ინტერნეტვარსკვლავად იქცა

"ეს იყო საუკეთესო წუთები ჩემს ცხოვრებაში..." - გაიცანით, ქართველი ბიჭუნა უკრაინული "ვოისიდან", რომელიც ინტერნეტვარსკვლავად იქცა

ლექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ „ვოისში“ თავისი ნამღერით ჟიური აღტაცებისგან აატირა და მაყურებელი გააოცა. ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ინტერნეტმომხმარებლები აღფრთოვანებით აზიარებენ. ამის ფონზე ალბათ ყველას გვაინტერესებს, - ვინ არის ბიჭუნა, რომელმაც ადამიანებში ამდენი დადებითი ემოცია გამოიწვია.

AMBEBI.GE ალექსანდრე ზაზარაშვილს დაუკავშირდა.

ის წარმოშობით გორიდანაა, მაგრამ მშობლებთან და უფროს დასთან ერთად, სოფელ რუისში ცხოვრობს. 12 წლის ბიჭი რუისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა. როგორც შევიტყვეთ, არ არის ცუდი მოსწავლე. ნიჭიერია, ბეჯითი და ყოველთვის კარგ ნიშნებს იმსახურებს.

„ოჯახში ჩვენთან ერთად ბაბუაც ცხოვრობს, ბებია კი იტალიაში სამუშაოდ არის წასული, რომ წარმატების მიღწევაში ყველანაირად დამეხმაროს,“ - გვიყვება ალექსანდრე.

გულიკო ეგნატაშვილი, ბიჭუნას დედა:

„4 წლისა უკვე მღეროდა და ჩვენთან სოფელში ხალხური გუნდში მივიყვანე. მასწავლებელმა შეამჩნია, რომ გამორჩეული ხმა ჰქონდა. 5 წლისა ანაკლიაში კონკურსზე წაიყვანეს და „ლაზიკას ვარსკვლავი“ გახდა, კონკურსის გამარჯვებული აღმოჩნდა. ლაურეატის წოდება მიენიჭა. იმღერა ქართული სიმღერა „ლალე“... მერე სოფლის გუნდში მითხრეს, - ძალიან ნიჭიერი ბავშვია, ჩვენს ძალებს აღემატება მასთან მუშაობა და მირჩიეს, გორში ნანა სამხარაძესთან მიიყვანეთო. მივიყვანე. პედაგოგი ამეცადინებდა, სხვადასხვა კონკურსზეც (ესპანეთი, ბულგარეთი, იტალია) დაჰყავდა, საიდანაც გრან-პრით ბრუნდებოდა. უკრაინაშიც არაერთ კონკურსზეა ნამყოფი და ყველგან ასევე გან-პრი აქვს მოპოვებული“.

როგორც ქალბატონი გულიკო გვიყვება, ალექსანდრე საოპერო ჟანრსაც მღერის და ამ მიმართულებით არანაკლები წარმატება აქვს. „მომავლის ვარსკვლავებიდან“ იტალიაში გააგზავნეს, სადაც გაიმარჯვა და როსინის აკადემიის სტიპენდიანტი გახდა. ამავე დროს საქართველოშიც გაუმარჯვია, - ამერიკელებს ერთი ბავშვი უნდა წაეყვანათ, ჩამოსულები იყვნენ. ალექსადრე შეურჩევიათ და უახლოეს მომავალში „კარნეგი ჰოლში“ იმღერებს.

ალექსანდრე აღნიშნავს, რომ სიმღერის პარალელურად ძალიან მოსწონს მსახიობობა და რეჟისორობა. ცოტა ხანში მისი მონაწილეობით ნიკოლოზ ბაღაშვილის ფილმი „მოჟღურტულე ბეღურები“ გამოვა. „ხორბლის გამყიდველი ვარ და ჩემი ოცნება სიმღერაა. მოქმედება ომის პერიოდში ხდება, ყველა გაჭირვებულია, სიმღერისთვის ვის სცალია? მაგრამ ჩემი გმირი ხორბალს იმისთვის ყიდის, რომ ფული დააგროვოს და იტალიაში წავიდეს,“ - გვიყვება ბიჭუნა.

ხოლო კითხვაზე - როგორ აღმოჩნდა ალექსანდრე უკრაინულ „ვოისში“? - ამაზე თავად ასე გვპასუხობს:

„ამ პროექტის წინა სეზონებს სულ ვუყურებდი, მაგრამ მასში მონაწილეობის შიში მქონდა, რადგანაც ქართველი ვიყავი, თუმცა იქ ბევრი არაუკრაინელიც აღწევდა წარმატებას. ალბათ ამან უფრო გამათამამა და სტიმული მომცა. მოკლედ, მინდოდა, მეც დავმდგარიყავი იმ სცენაზე, გამეგო და შემეგრძნო, რას ნიშნავდა, - შენს ნამღერზე ჟიურის წევრები რომ შემობრუნდებიან. ვაღიარებ, ამის გამოცდა გულით მინდოდა“.

- და რა განიცადე, როდესაც ისინი არა მარტო შემოაბრუნე, აატირე კიდეც?

- ვიდეოშიც ჩანს, მოვკვდი ტირილით... ხალხი ფეხზე რომ წამოდგა, ტაშს უკრავდა, ყველა ბრავოს ყვიროდა, უზომოდ მიხაროდა... ეს იყო ყველაზე კარგი მომენტი მთელ ჩემს ცხოვრებაში.

- ახლა რა მოლოდინი გაქვს?

- რინგი 23 ივნისს მელის. იმაზე კარგად მინდა, ვიმღერო, ისე, როგორც არასდროს. ტურებში წინ უნდა წავიდე, ისეთი სიმღერები შევასრულო, რაც ჩემია და სიამოვნებას მომიტანს. მოკლედ, რაც უფრო მეტჯერ ვიდგები სცენაზე, მეტი გამოსვლა მექნება და მეტად დავამახსოვრდები მაყურებელს, ამას რა სჯობია?

- რას გვეტყვი ადამიანზე, რომელიც შენ გვერდით იდგა სცენაზე?

- მამაჩემის ნამდვილი ძმა არ არის, მაგრამ ჩემთვის ძიასავით არის. უზომოდ კარგი ადამიანია და ჩემს წარმატებაში დიდი როლი აქვს. ხომ ხედავთ, ჩემთვის მნიშველოვან დღეს ჩემ გვერდით იდგა.

ამასთან, მთელი ჩემი ოჯახი და ნათესავები მხარში ძალიან მიდგანან. დეიდებიდან - ეკას, ჩემი არც ერთი ვიდეო არ გამორჩება და შესაბამისად, ავრცელებს კიდეც სოციალურ ქსელში, მაკამ კი, სულ იცის, - ვინ რა კომენტარი დამიწერა, ვის როგორ ვუყვარვარ - ჩემი პიარმენეჯერები არიან.

- ალექსანდრე, რომ გაიმარჯვო, ამაზე არ ფიქრობ?

- რომ გავიმარჯვო, შეიძლება, გავაფრინო... თუ ეგ მოხდა, პირველი თქვენთან მოვალ!

- წარმატებას გისურვებ, პირობა არ უნდა დაარღვიო და უკვე გამარჯვებულს გელოდები...