ავტორი:

ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად „სილიკონ ველი თბილისში“ - როგორ უნდა მოიპოვონ სტარტაპებმა 30 000$-ის ოდენობით დაფინანსება?

ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად „სილიკონ ველი თბილისში“ - როგორ უნდა მოიპოვონ სტარტაპებმა 30 000$-ის ოდენობით დაფინანსება?

ბოლო პერიოდში, საქართველოში სტარტაპების ბუმია, იქნება ეს ელექტრონული კომერციის, აგროსექტორის, ხელოვნური ინტელექტისა თუ გართობის მიმართულებით.

ყველა სტარტაპი ცდილობს, ინოვაციური იყოს და ამავდროულად, პროდუქტი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს მოარგოს. დღეს, სტარტაპებისთვის ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი შესაძლებლობა ჩნდება, რადგან უცხოელი ინვესტორები ჩვენი ქვეყნის ბაზრის მიმართ ინტერესს გამოხატავენ.

„სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში, სადაც „ბიზნესისა და ტექნოლოგიების“ უნივერსიტეტი მდებარეობს, სტარტაპებისთვის ხელშეწყობის პროგრამა დაარსების დღიდან დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს. თითქმის ერთწლიანი მუშაობის შედეგად კი „სილიკონ ველის“ ადმინისტრაციამ მიაღწია, რომ საქართველოში ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ჩამოსულიყვნენ.

სტარტაპების შესარჩევი კონკურსი „გლობალური სტარტაპ ფონდის“ ოფიციალური გახსნით დაიწყო. ფონდი ყოველწლიურად, ქართული სტარტაპების დაფინანსებას და საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციას განახორციელებს. ფონდის პრეზენტაციას ისრაელის მოწინავე ტექ კომპანიების დამფუძნებლები და ინვესტორები, ისრაელის საელჩო საქართველოში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ქართველი მეწარმეები და სტარტაპები და სხვა მრავალი სტუმარი დაესწრო.

100-მდე დარეგისტრირებული სტარტაპიდან, შერჩეულ 10-ს მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდნენ ინვესტორებს და შემდგომი თანამშრომლობის პირობებზე ესაუბრათ. 10 სტარტაპის წარმომადგენელმა საკუთარი წამოწყების პრეზენტაცია ჩაატარა, ინვესტორებს კი საშუალება მიეცათ, მათგან საუკეთესო შეერჩიათ. წარმატებულ ინვესტორებს შორის იმყოფებოდა ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმის Wix.com-ის წარმომადგენელი, ბოაზ ინბალი, რომელმაც აუდიტორიას კომპანიის მოკლე ისტორია და განვითარების გზები გააცნო.

„გლობალური განათლების ფონდის“ გახსნა ჩვენი ქვეყნის სტარტაპ-ეკოსისტემისთვის და ტექნოლოგიების სფეროს განვითარების მიმართულებით დადებითად შეაფასა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. მან ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ფონდის გახსნის დღე იქნება დასაწყისი იმ გლბალური პროექტებისა, რომელიც შეიძლება, საქართველოში დაიბადოს, ერთობლივ თანამშრომლობაში გაფართოვდეს და გლობალურ ბაზარზე გავიდეს.

„ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დაახლოებით, 1 წლის წინ ფუნქციონირება დაიწყო ისრაელის ტექნოლოგიურმა ჰაბმა და ვფიქრობ, ეს ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წარმატებული პროექტი იქნება, რადგან ეს არის საუკეთესო ნიმუში, როგორ შეიძლება, ქართველი ახალგაზრდები გადამზადდნენ, მიიღონ ყველაზე თანამედროვე ცოდნა ტექნოლოგიების სფეროში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასაქმდნენ ისეთ საერთაშორისო, გლობალურ პროექტებში, რომელშიც დღეს ათეულობით ადამიანი უკვე ჩართულია.

ახლა იწყება უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელშიც იგლისხმება ერთობლივი სტარტაპ ფონდის დაარსება, რაც ჩვენი ახალგაზრდების, სტარტაპების დაფინანსებისთვის არის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული იდეების, ქართული ბიზნეს პროექტების გატანა გლობალურ ბაზარზე. ასეთი პროექტების განხორციელება თავისთავად წარმოუდგენელია საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფონდი ფუძნდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფუძნდება ისრაელის მხარესთან, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი, როგორ შეიძლება ხდებოდეს იდეების კომერციალიზაცია და იდეები იქცეს მსოფლიო იდეებად, რომლის უამრავი მაგალითი არსებობს“, - აღნიშნა მან.

ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორების მიერ, კაპიტალის ინვესტირება განხორციელდება ნებისმიერ ეტაპზე მყოფ სტარტაპში, რომელიც მუშაობს აქტუალური ტექტრენდების ინდუსტრიაში: ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მედია, ელექტრონული კომერცია, მობილური აპლიკაციები, ფინტექი, P2P პლატფორმები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, თამაშების ინდუსტრია, ნივთების ინტერნეტი IoT, ბლოკჩეინი. განიხილება აგრეთვე სხვა ინდუსტრიებში არსებული, გამორჩეული და ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებიც.

გლობალური სტარტაპ ფონდის, ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის, „ბენიშ ჯგუფის“ დამფუძნებელი, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში განმარტავს, რომ საქართველოში დიდი ინტელექტუალური რესურსია, თუმცა ქვეყანას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების ნაკლებობა აქვს. მისი თქმით, ინვესტორები ისრაელიდან საქართველოში სტარტაპებს დაეხმარებიან, თავიანთი ინტელექტუალური რესურსი სწორად გამოიყენონ და ინოვაციური იდეები განავითარონ.

„ჩვენ შეგვიძლია, ქართულ სტარტაპებს დავეხმაროთ არამარტო ფინანსებით, არამედ ცოდნითა და გამოცდილებით, ჩვენი საბოლოო შედეგი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ დაფინანსება“, - აღნიშნა მან.

ფონდის პრეზენტაცია „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ ჩატარდა, რომელიც სტარტაპების მიმართულებით რამდენიმე პროექტს ახორციელებს. უნივერსიტეტის რექტორის, ანდრო რურუას ინფორმაციით, „ბიზნესის და ტექნოლოგიების“ უნივერსიტეტი პროექტის ფარგლებში განათლების კომპონენტის მიწოდებას ახორციელებს.

„100 სტარტაპიდან შევარჩიეთ 10, რომლებმაც თავიანთი იდეები წარუდგინეს პოტენციურ ინვესტორებს. ამის შემდეგ ინვესტორები თვითონვე შეარჩევენ სტარტაპებს. მთავარი არის ის, რომ ეს პროექტი სტარტაპებისთვის ფინანსებზე წვდომას გულისხმობს და არის კომეციალიზაციის პოტენციალი არამხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზარზე“, - აღნიშნა ანდრო რურუამ.„გლობალური სტარტაპ ფონდის“ მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის შესაბამისად, 650 000 ლარის ფარგლებში.

ინოვაციებისა და ტექნლოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის შეფასებით, „გლობალური სტარტაპ ფონდის“ გახსნის ღონისძიება ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც ბოლო წლებში ჩატარებულა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ სტარტაპებისა და ინოვაციების მიმართულებით განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ინვესტიციებს კერძო კაპიტალი აკლდათ, თუმცა ფონდის გახსნის შემდეგ მისი შევსების შესაძლებლობა გაჩნდება.

„ინოვაციური ეკოსისტემა საქართველოში ყოველწლიურად ვითარდება და ახლა უკვე იმ სტადიაზე ვართ, რომელზეც ქართული სტარტაპების უმეტესობა კერძო ინვესტიციებისთვის მზად არის. ასევე, აღსანიშნავია გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი პროგრამა, რომელიც 650 000 ლარამდე სახელმწიფო გრანტის შესაძლებლობას აძლევს იმ სტარტაპებს, რომელიც კერძო ინვესტიციას ზუსტად იგივე ოდენობით მოიპოვებს. სახელმწიფოს ეს პროგრამაც ნიშანი იყო უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში არსებობს საინტერესო ბაზარი და აქ ფულის ჩადება არამხოლოდ ტრადიციულ, არამედ ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ბიზნესში ღირს“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ყველაზე მნიშნველოვანი, რაც ღონისძიებაზე გახდა ცნობილი არის ის, რომ გლობალურ სტარტაპ ფონდს მხარს უჭერს ისრაელის ტექჰაბი საქართველოში, რომელიც შერჩეული სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს 30,000$-ს ღირებულების საკონსულტაციო და ტექსერვისებს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის