ავტორი:

არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე, რომელსაც 17 წელია იძიებენ - რა კავშირი აქვს აფრასიძეებთან მარიამ გოგინაშვილის გაუჩინარებას

არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე, რომელსაც 17 წელია იძიებენ - რა კავშირი აქვს აფრასიძეებთან მარიამ გოგინაშვილის გაუჩინარებას

2002 წლის 24 ივლისს 15 წლის მარიამ გოგინაშვილი წყნეთიდან გაიტაცეს. მომხდარიდან ორ დღეში ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უკვე მეჩვიდმეტე წელია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეს იძიებს. მსოფლიოს მასშტაბით უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ სხვა ბავშვებთან ერთად, ინტერპოლი დღემდე ეძებს მარიამ გოგინაშვილს.

საქმესთან დაკავშირებით AMBEBI.GE-მ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა უწყებაში მხოლოდ ის განგვიცხადეს, რომ მოზარდის გატაცების საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2002 წლის ივლისის თვეში, დაბა წყნეთიდან არასრულწლოვანის - მარიამ გოგინაშვილის, გამოძიებით დაუდგენელი პირ(ებ)ის მიერ გატაცების ფაქტზე, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში კვლავ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის No090050026 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და "თ" ქვეპუნქტებით", - ნათქვამია უწყების მიერ AMBEBI.GE- სთვის გამოგზავნილ წერილში.

არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე იმ პერიოდში ძალზედ გახმაურებული იყო და იმდენად აქტიურად შუქდებოდა მედიით, რომ შესაძლოა, საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე ახსოვდეს საქმის დეტალები.

ბურუსით მოცულ საქმეს ერთადერთი თვითმხილველი ჰყავდა: მზესუმზირის გამყიდველი ქალი. ის ამბობდა, რომ ბავშვი, რომელიც წყნეთში, საკუთარ უბანში მდებარე მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად წავიდა, გამტაცებლებს საკუთარი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. ამ ფაქტმა საქმის მოწმეს გაუჩინა ეჭვი, რომ დამნაშავეები ბავშისთვის უცხოები არ იყვნენ. გამოძებისთვის მიცემულ ჩვენებაში, ფაქტის შემსწრე ქალმა აღნიშნა, რომ ბავშვს მათი დანახვა გაუხარდა კიდეც. თუმცა მან ვერ გაიხსენა ავტომობილის ნომერი და ვერც კრიმინალების სახე აღიდგინა.

მოზარდის გატაცებიდან მეორე დღეს გამტაცებლები ტელეფონით დაუკავშირდნენ გოგინაშვილის მამას და გოგონას გათავისუფლების სანაცვლოდ 100 000 დოლარი მოითხოვეს. მოლაპარაკებების შედეგად, თანხა 70 ათას დოლარამდე შემცირდა. გოგონას მამამ 27 ივლისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დათქმულ ადგილზე ფული მიიტანა, თუმცა დამნაშავეებმა პირობა არ შეასრულეს, მძევალი არ გაათავისუფლეს და მას შემდეგ გატაცებულის ოჯახსაც აღარ დაკავშირებიან.

როგორც ცნობილია, მარიამ გოგინაშვილის მამა მხედრიონელი იყო, იმ დროისთვის ძალოვან სტრუქტურებში გავლენიან პოზიციაზე მუშობდა და მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი ჰქონდა. მაშინ გამოითქვა ვარაუდი, თითქოს ბავშვის გატაცება მის მხედრიონელ მამაზე შურისძიებას უკავშირდებოდა.

გავრცელებული ვერსიით, გაუჩინარებული გოგონას მამამ ორჯერ გადაუხადა სოლიდური თანხა გამტაცებლებს. თუმცა სინამდვილეში სულ სხვა პირები სარგებლობდნენ მომხდარით და რეალური გამტაცებლები ოჯახთან კონტაქტზე არც არასოდეს გამოსულან.

კულუარულად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, გოგინაშვილი თითქოსდა ძმებმა აფრასიძეებმა გაიტაცეს. 2006 წელს საგამოძიებო ორგანოებმა აფრასიძეების საქმისა და კახა კალაძის ძმის, ლევან კალაძის გატაცების კონტექსტში მარიამ გოგინაშვილის გატაცების ვერსია ოფიციალურად გამოთქვეს.

სვანეთში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა განაცხადეს, რომ სამარხში აღმოჩენილი რვა გვამი აფრასიძეების მოქმედების შედეგი იყო. მაშინვე გავრცელდა ვერსია, რომ ერთ-ერთი მათგანი მარიამ გოგინაშვილის გვამი იყო. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უარყო ეს ინფორმაცია - დადგინდა, რომ ეს ცხედრები 19-ე საუკუნის დროინდელი იყო. მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ წინა ხელისუფლება ამით აფრასიძეების ოჯახში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციის გამართლებას ცდილობდა. ამ ვარაუდის მართებულობა გაამყარა საქმის კიდევ ერთმა უმნიშვნელოვანესმა გარემოებამ, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი.

აფრასიძეების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვლადიმერ მურავიოვი, რომელიც აფრასიძეების ოჯახში მუშად მუშაობდა, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით ნახა გაუჩინარებული გოგონა სვანეთში, აფრასიძეების სახლში. 2006 წელს შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ხსნის ნანახს ვლადიმერ მურავიოვი. უწყებამ გაავრცელა ვიდეოჩვენებაც - ვიდეოში მურავიოვი ყვება: "ოქტომბერი ან ნოემბერი იყო, დავინახე ბიჭი, რომელიც იქ შეჰყავდათ, შევიტანე შეშა, დავინახე ბიჭი, რომელიც ტელევიზორს უყურებდა, იქვე დავინახე გოგოც, მოგვიანებით გავიგე, რომ ეს გოგო მოტაცებული იყო".

მაშინ მურავიოვის ადვოკატი, მარინა ტაბატაძე ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა კალაძე და გოგინაშვილი ფოტოებზე ამოიცნო და დაადასტურა, რომ ისინი აფრასიძის სახლში ნახა.

მას შემდეგ, რაც "ვარდების ხელისფლება" შეიცვალა, მურავიოვმა სამართალდამცავ უწყებას აღიარებითი ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ თავის დროზე იცრუა, როცა თქვა, რომ გოგინაშვილი და კალაძე აფრასიძეებთან ნახა. მისი თქმით, ასეთი შინაარსის ჩვენების მიცემა მას პირადად ადეიშვილმა მოსთხოვა და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მოკვლით დაემუქრა.

"ადეიშვილის მეშვიდე საპყრობილეში შევხვდი, როდესაც უფროსთან კაბინეტში შემიყვანეს, პირდაპირ მითხრა - უნდა თქვა ის, რაც გამოძებას სჭირდება და ციხიდან გასვლის შანსი გექნება, თუ არადა, ციხეში დალპებიო - ეს მისი სიტყვებია. ღამის 12 საათზე საკნიდან გამომიყვანეს, ძველი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მეშვიდე სართულზე ამიყვანეს და მაიძულებდნენ, უნდა თქვა, რომ გოგინაშვილი და კალაძე ნახე აფრასიძესთანო, თვითონ კი მაგ ოჯახში მძევალი იყავიო. როცა დენზე შემაერთეს, მითხრეს, რომ ზოგმა ვერ გაუძლო და ფანჯრიდან გადახტაო. ამით მიმანიშნეს, რომ ფანჯრიდან გადამაგდებდნენ და ვერავინ ვერაფერს დაამტკიცებდა", - განაცხადა ვლადიმერ მურავიოვმა.

AMBEBI.GE დაუკავშირდა საქმის მაშინდელ გამომძიებელს ვალერი ლაცუზბაის, თუმცა მან გამოძიების ინეტერესებიდან გამომდინარე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მარიამ გოგინაშვილის საქმეს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბათო საღინაძეც იძიებდა. ბათო საღინაძე, რომელმაც ლევან კალაძის მკვლელობის საქმის დოკუმენტების გაყალბებასა და გამოძიების არაობიექტურად წარმართვის ბრალდებით, უკანონოდ მოიხადა 7-წლიანი სასჯელი (ევროსასამართლომ დაადგინა, რომ იგი უსამართლოდ იხდიდა სასჯელს), ამბობდა, რომ მარიამ გოგინაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა. AMBEBI.GE ბათო საღინაძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში გატაცებული გოგონას საქმე გაიხსენა.

ბათო საღინაძე:

- მე უკვე პენსიაზე ვიყავი გასული და ბიზნესსაქმიანობას ვეწეოდი, როდესაც ჩემთან მოვიდა კახა კალაძე და მისი მამა. მათ მთხოვეს, რომ ჩავრთულიყავი ლევან კალაძის საქმის გამოძიების პროცესში. უცხოელი, უმაღლესი დონის პროფესიონალები იყვნენ ჩამოსული საქართველოში და თქვეს, რომ კალაძის საქმე ვერ გაიხსნება, რადგან არანაირი კვალი და ხელჩასაჭიდი არ არსებობსო. ამან კიდევ უფრო წამახალისა და ჩავერთე საქმეში. დავიწყე გამოძიება. ძიების პროცესში მოწმის სახით ვლადიმერ მურავიოვი გამოჩნდა. ვესაუბრე მას და ამის შემდეგ ასეთი ფაქტი მოხდა - ჩემთან მოვიდა ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელი და მითხრა: პატიმრები თურმე ჟურნალ "სარკეს" ათვალიერებდნენ, სტატია ყოფილა მარიამზე პირველ გვერდზე მისივე ფოტოთი და რომ დაუნახავს მურავიოვს, წამოუყვირია, ეს გოგო ვიცი, აფრასიძეებთან ჰყავდათ მოყვანილი და იქ ცხოვრობდა გარკვეული ხანიო. ეს რომ გავიგე, მოვატანინე მარიამის საქმე და ასე ჩავერთე გოგონას საქმის გამოძიებაში.

აქტიურად ვხვდებოდი მის მამას, რომელმაც ჩემთან საუბარში გამოთქვა ეჭვი, თუ ვის შეიძლებოდა გაეტაცებინა მისი შვილი. ის იყო პოლიციის პოლკოვნიკი და მისსავე თანამშრომელთან ჰქონდა მტრული ურთიერთობა. ეს ადამიანი დამუქრებია მარიამის მამას, რომ გაგამწარებო. ერთადერთი შვილი ჰყავდა მშობლებს, როგორც ვიცი, აყვანილი ჰყავდათ, მაგრამ მათი გაზრდილი იყო და ძალიან უყვარდათ. მურავიოვი დეტალურად მოყვა, როგორ მიიყვანეს აფრასიძეებთან მარიამი. მაშინ გამოსასყიდის სანაცვლოდ გატაცებები ძალიან გავრცელებული იყო. კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ჩართული ამ საქმეებში. აფრასიძეები ძალიან დაახლოებული იყვნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან და სვანეთში, როგორც მიუვალ ადგილას, აფრასიძეების სახლში ხდებოდა გატაცებულების დროებით გაჩერება.

საქმიდან გამოიკვეთა, რომ ომეხ აფრასიძეს ძალიან მოსწონებია მარიამი და უთქვამს, რომ გოგონას შეშვებოდნენ. ამ ვერსიაზე ვმუშაობდი, ვაპირებდი ომეხთან დაკავშრებას, თუმცა ჩემზე დაიწყო ზეწოლები და როგორც კალაძის ძმის, ისე მარიამ გოგინაშვილის საქმის გამოძიება შეჩერდა, გაიყინა. შემდეგ ამოწყვიტეს აფრასიძეები, ხოლო მე დამიჭირეს. ციხეში ჩემთან იყო მოსული ადვოკატი ზურაბ თოდუა, რომელმაც მითხრა, ძალიან სანდო კაცისგან გავიგე, მარიამი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაუყვანიათ და იქ შვილიც კი გაუჩენიაო. ეს იყო და ეს. ეს საქმე გაიყინა და არავის არაფერი მოუკითხავს. მურავიოვმა კი საკუთარი ჩვენება უარყო და თქვა, რომ გოგინაშვილი არ უნახავს აფრასიძეებთან. მე არ ვიცი, რატომ მოიქცა ასე, შეიძლება ციხიდან გამოსვლის მიზნითაც გააკეთა ეს.

საზარელი დანაშაული სამეგრელოში - დაკავებულია 60 წლის მამაკაცი, რომელიც 19 წლის შშმ პირს 2 თვე აუპატიურებდა

"არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა" - პროკურატურა

ბათუმში, კაფეს დაცვის თანამშრომლის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული კორპუსის მეორე სართულიდან გადახტა - მაშველებმა მისი გადარჩენა შეძლეს