ავტორი:

"არასდროს ვიცი, როდის მოვა სახლში, თუმცა ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს" - პოლიციელების შვილების ემოციური ინტერვიუ

"არასდროს ვიცი, როდის მოვა სახლში, თუმცა ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს" - პოლიციელების შვილების ემოციური ინტერვიუ

გზა, რომელსაც პოლიციელი გადის, იმაზე რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ბევრი მათგანის უკან მეუღლეები, შვილები დგანან, რომელთაც მშობლები გადატვირთული გრაფიკის გამო სულ ენატრებათ.

AMBEBI.GE შეეცდება პოლიციელების ოჯახები შიგნიდან დაგანახოთ. ჩვენი რესპოდენტები სამართალდამცველების შვილები არიან. ინტერვიუ მშობლების გაუფრთხილებლად ჩავწერეთ და ეს მათთვის ერთგვარი სურპრიზი იქნება.

ნია ჯიქია, 13 წლის - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებლების გალაქტიონ ჯიქიას და ნინო ვეკუას შვილი:

- დედიკოც და მამიკოც პოლიციაში მუშაობენ. ადვილი არ არის, მაგრამ არ ვნერვიულობ, თუნდაც იმიტომ, რომ ამით ვერაფერს შევცვლი. ორივე ჩემს ქვეყანას, მის სიმშვიდეს და მოქალაქეების უსაფრთხოებას ემსახურება, რათა ყველა ადამიანმა თავის სახლში მშვიდად დაიძინოს, თუმცა ძალიან ხშირად თავად არ სძინავთ თავიანთ სახლებში. დიახ, ამაყი ვარ, რომ ორი ასეთი ადამიანი მყავს სახლში, რომელიც ჩვენს სიმშვიდეზე ზრუნავს...

- როდესაც სახლში არ არიან, ნერვიულობთ?

- შეთანხმებული არიან ისე, რომ რომელიმე მათგანი აუცილებლად სახლშია, ჩემთან და ჩემს და-ძმასთან... თუმცა, ზოგჯერ მენატრება, რომ ორივე ერთად ვნახო სახლში. მე დედმამიშვილებში ყველაზე უფროსი ვარ და რადგან დედიკოს ასეთი სამსახური აქვს, სახლის საქმეებში, დალაგებაში ვეხმარები. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ როგორღაც დროს ვპოულობ და ვეხმარები... შეიძლება დედიკოს ამის გაკეთება არც გაუჭირდეს, მაგრამ თუნდაც მცირედით მინდა ვაგრძნობინო, რომ მე მესმის მისი, მისი პროფესიის სირთულის. უფრო მეტად პატივს ვცემ მას და მიყვარს, თუნდაც იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემზე კი არა, ათასობით ადამიანის სიმშვიდეზე ზრუნავს, თან ისე, რომ მისი პროფესიის რისკებიც ესმის. ისიც მიხარია, რომ დედიკო და მამიკო ისე შეთანხმებულად აკეთებენ ყველაფერს, რომ ჩვენ მათი ყურადღება და მზრუნველობა არ მოგვაკლდეს. ერთი ასეთი ამბავი მახსოვს, დაახლოებით 6 წლის ვიქნებოდი, რაღაც განგაში იყო, ჩემი მშობლები სამსახურში გამოიძახეს. მაშინ ჩემი და-ძმა დაბადებულები არ იყვნენ. ჩემს ძმაზე 6 წლით უფროსი ვარ... დედიკოს და მამიკოს მეგობარმა მანქანით გამოგვიარა, ჩამაცვეს და მანქანაში ჩამსვეს. არ მახსოვს სად წავედით, ალბათ ბებოსთან უნდა წავეყვანეთ. ეს კადრი დამრჩა და კიდევ ის, რომ ბავშვურად ვთხოვე ღმერთს, მალე და ჯანმრთელები დამიბრუნე-მეთქი... კიდევ ერთი სიტყვა მახსოვს, განგაში და რაც შეიძლება სწრაფად წავიდნენ სამსახურში.

- ნია, დღეს პოლიციის დღეა. რას უსურვებდით მათ?

- ყველა პოლიციელს გამძლეობას ვუსურვებ, რადგან ეს მათ ძალიან სჭირდებათ. ეს არის ადამიანი, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს, შეიძლება სახლში ვერც მივიდეს, მაგრამ საქმის დროს ამაზე არც ფიქრობს... მამა 19 წელია პოლიციაშია, დედა - 16. ახალბედა პოლიციელს ვუსურვებ გამძლეობას, კიდევ სიმშვიდესა და წარმატებას... ადრე მეც ვფიქრობდი ამ პროფესიაზე, ფორმაც კი მქონდა, შემდეგ აზრი შემეცვალა და ამ ეტაპზე, რა გზას ავირჩევ, ჯერ არ ვიცი.

ნია ჯიქია და მისი მშობლები

რომა მამსირაშვილი, 16 წლის - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის მანუჩარ მამსირაშვილის შვილი:

- პოლიციელობა ჩვენი ოჯახური პროფესიაა. ბაბუაც პოლიციელი იყო. ერთხელ ახალი წლის წინა დღეები ყოფილა, სახლში მოსულს იქაურობა გაძარცვული დახვდა... მძარცველებს ცხელ კვალზე გაჰყოლია, ისინი სადარბაზოს ცოტა ქვემოთ, გზაზე დახვდნენ და ჩაცხრილეს. ადგილზე დაიღუპა... მაშინ მამამ დაიფიცა, რომ ამ პროფესიას გაყვებოდა და დამნაშავეების წინააღმდეგ იბრძოლებდა და ასე ჩაიცვა ფორმა.

- დამნაშავეები დააკავეს?

- არ ვიცი, ეს ამბავი გლდანში, წლების წინ მოხდა... მე ძალიან მიყვარს მამაჩემის პროფესია. უკანონობას ვერ იტანს და მეც ასე ვარ... ჩემს გარშემო, თუნდაც ქუჩაში, როდესაც უსამართლობა ხდება, ან კანონდარღვევა, ამას ვერ ვეგუები. საბედნიეროდ, ჩემი მეგობრებიც ასე არიან და ყველანი ცდილობენ, წესრიგი დაიცვან...

- როგორც ვხვდები, თქვენც პოლიციელობას აპირებთ...

- დიახ, ასეა. მინდა მამისა და ბაბუის გზას გავყვე. ამ პროფესიას ოჯახშიც პატივს სცემენ. მამაჩემი ბავშვობიდან მიხსნის კანონის მნიშვნელობას და მეუბნება, რომ თუ კანონი არ იქნება დაცული, ქვეყანა ვერ განვითარდება. თუმცა, ასევე ამბობს, რომ ძალიან რთული და რისკიანი გზაა. ვიცი რომ ასეა, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია.

მანუჩარ და რომა მამსირაშვილები

დაჩი ჭაღიაშვილი, 11 წლის - სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსის ბესო ჭაღიაშვილის შვილი:

- მამაჩემი ემსახურება დიდ ოჯახს, ჩვენს სამშობლოს, რომელიც თითოეული ჩვენგანის პატარ-პატარა ოჯახებისგან შედგება... ყველა ოჯახის სიმშვიდეს იცავს. ღამე სამსახურში ყოფნა ხშირად უწევს... ეს არ მიყვარს, რადგან მაშინ ცოტა ვნერვიულობ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეგიონში გადაიყვანეს. ნინოწმინდაშია და ყოველ ღამე მუშაობს... როდესაც აქეთ იყო, მის მოსვლამდე ფანჯარასთან ვიდექი და ისე ველოდებოდი... ახლა კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ მოდის, მაგრამ მაშინაც საქმეებზე დადის. როდესაც სცალია, ვსეირნობთ. ხანდახან მიყვება თავის სამსახურზე, შენ რომ მშვიდად გეძინოს, იმიტომ ვმუშაობო. ახლა მეც მინდა პოლიციელი გამოვიდე. იარაღიც მიყვარს და ფორმაც. სკოლას რომ დავამთავრებ, მერე არ ვიცი... ყველა პოლიციელს ჯანმრთელობას, წინსვლას და სახლში მალე დაბრუნებას ვუსურვებ...

დაჩი ჭაღიაშვილი მამასთან და დასთან ერთად

ნინი ანანიაშვილი, 11 წლის - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის კოტე ანანიაშვილის შვილი

- მამიკოს ხშირად ვერ ვხედავ და სულ მენატრება. როდესაც სახლში მოდის, ვცდილობ, გავამხნევო და ვეუბნები, რომ ვგულშემატკივრობ. მერე ერთად ვთამაშობთ... ცუდი ის არის, რომ თითქმის არასდროს ვიცი, როდის მოვა, თუმცა ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს და ეს ცუდია... ვერ ვიტყვი, რომ მისი სამსახური მიყვარს, უფრო ვნერვიულობ, მაგრამ ვცდილობ, ეს არ ვაგრძნობინო... ისიც მეკითხება სკოლაში რა ხდება, როგორ ვსწავლობ, გაკვეთილებზე, კლასელებზე, მეგობრებზე.

- ალბათ გეკითხება, შენ ვინ უნდა გამოხვიდე...

- დიახ, მაგრამ პოლიციელობა არ მინდა, თუმცა, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას ავირჩევ... ყველა პოლიციელს ვუსურვებ, მშვიდობას და კიდევ ვისურვებ, ქვეყანაში ნაკლები დანაშაული ხდებოდეს, ან სულ არ ხდებოდეს. ალბათ მე რომ ვნერვიულობ, ისე ნერვიულობენ სხვა პოლიციელების შვილებიც თავიანთ მამებზე.

კოტე ანანიაშვილი შვილებთან ერთად

ნინა ცოცხალაშვილი, 11 წლის - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის გიორგი ცოცხალაშვილის შვილი:

- პოლიციელებს ძალიან რთული განრიგი აქვთ. ქუჩაში რომ ვნახულობ პოლიციელებს, ვფიქრობ, რომ ისინი ოჯახთან შეხვედრას ვერ ახერხებენ და შვილები სულ ენატრებათ. მე მიყვარს მამიკოს სამსახური, მაგრამ ცუდია, რომ სულ მენატრება და ხშირად ვერ ვნახულობ. ზოგჯერ არის, რომ ველოდები, მაგრამ ვერ მოდის. მაშინ დედიკო მეუბნება, რომ როდესაც გავიღვიძებ, მამიკო სახლში დამხვდება, მაგრამ ზოგჯერ არც მაშინ მხვდება... ზოგჯერ მისთვის სათქმელს ვაგროვებ და ვინიშნავ, რომ არ დამავიწყდეს და როდესაც მოდის, ვუყვები...

- რას უყვები ხოლმე?

- რაღაც-რაღაცეებს, სიმღერებზე, მომღერლებზე... დიდი რომ გავიზრდები, რომ ექიმი ან მომღერალი გამოვიდე. რამდენჯერმე კონცერტი მქონდა და მამიკოც დაესწრო, ძალიან მოსწონს ჩემი სიმღერა. ხანდახან კინოსა და თეატრში მეპატიჟება... მინდა მასთან უფრო მეტი დრო გავატარო. იგივეს ვუსურვებდი სხვა პოლიციელების შვილებსაც.

გიორგი ცოცხალაშვილი ოჯახით

ე.წ. კომენდანტის საათი ერთი საათით შემცირდა

რა უნდა გაითვალისწინო სწრაფი სესხის აღებამდე?

ზუმერში ტოპ|ქარდით შოპინგისას ნივთის ღირებულება 6 თვეზე ნაწილდება