ავტორი:

რას იყენებდნენ ჩვენი წინაპრები მაცივრის გამოგონებამდე და როგორ ინახავდნენ პროდუქტებს

რას იყენებდნენ ჩვენი წინაპრები მაცივრის გამოგონებამდე და როგორ ინახავდნენ პროდუქტებს

თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია მაცივრის გარეშე, მაგრამ ძველად არც ელექტროენერგია იყო და არც მაცივარი. როგორ ახერხებდნენ ჩვენი წინაპრები გარკვეული პროდუქტების მცირე დროით მაინც შენახვას, ან ცხელ ზაფხულში წყლისა და ღვინის გაციებას, ამ თემაზე პროფესორი, ეთნოგრაფი როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრება:

"თითქმის XX საუკუნის 70-იან წლებამდე თბილისის ქუჩებში, ნაყინის გამყიდველებს სანაყინე ყუთში ყინული ეყარათ. მაღაზიები და სასადილოებიც დიდი ყინულის ლოდით მარაგდებოდა. ის ყინული დიდ მაცივრებში იყო გაკეთებული... შუა საუკუნეების თბილისელებიც იყენებდნენ ყინულს, თოვლს, მაგრამ საინტერესოა, როგორ? XIX საუკუნის ავტორები მიუთითებენ თბილისური სიცხისა და მტვერის შესახებ, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ თბილისში ყოფნა იმ დროს არც თუ საშიში იყო, რადგან მცხოვრებთ გრილი სარდაფები ეხმარებოდათ და ზამთარში მომარაგებული ყინული. როგორც მამისა ბერძენიშვილმა გაარკვია, ძველად თბილისურ სახლებს საყინულეებიც ჰქონია - ეს იყო ღრმად ამოთხრილი სარდაფები. საყინულეები ჰქონია ქვეშ ფართო დუქნებსაც. სიონი-ანჩისხატის რიგზე ამილახვრიანთ სამსართულიანი სასახლე მდგარა, რომელსაც ასევე მიწაში საყინულე არსებობდა", - გვიყვება ეთნოგრაფი.

მაგრამ როგორ ინახავდნენ იქ ყინულს? ამაზე ასეთ ინფორმაციას გვაწვდის ბატონი როლანდი: "ცნობილია, რომ კახეთის მეფემ ლევანმა დღევანდელ საინგილოში - ფიფინეთში პირველად დაასახლა ლეკები, რომ სამეფო კარისთვის კავკასიის მთებიდან ყინული ეზიდათ. თბილისელებს კი ამ მხრივ დედაქალაქის სანახების მოსახლეობა ამარაგებდა - ისინი ყინულისა და თოვლის შენახვას მისდევდნენ, რასაც საკმაოდ დიდი ხნის ტრადიცია ჰქონდა. თბილისის სანახებიდან შემოტანილი თოვლ-ყინულით მარაგდებოდა თბილისის დუქნები, რითაც აციებდნენ - ღვინოს, ხორცეულს, თევზეულს და სხვადასხვა საჭმელ-სანოვაგეს", - აღნიშნავს პროფესორი.

თურმე თოვლ-ყინულის შენახვის რამდენიმე საშუალება არსებობდა. ესენი იყო ორმო-თხრილები, „კლდე-ნაკვეთები“, საყინულე სარდაფები, „ჩავარდნილი ადგილები“, საოჯახო მოთხოვნილებებისთვის თუ შედარებით პატარა ორმო-თხრილებს თხრიდნენ (20კვ/მ), საბაზრო დანიშნულების ყინულისთვის ისეთი თხრილები და მიწისქვეშა ნაგებობები კეთდებოდა, რომლებიც 200-300 ურემ ყინულს იტევდა. „კლდე-ნაკვეთები“ უმთავრესად მდინარეებისა და ტბების მახლობლად კეთდებოდა. საამისოდ ჩრდილოეთ მხარეს საკმაო მოცულობის ფლატეს გამოანგრევდნენ და წინა მხარეს კედელს ამოუშენებდნენ. ნაგებობას ცალ მხარეზე სათვალურს უტოვებდნენ, საიდანაც ყინულის ჩაწყობა ხდებოდა. საყინულე სარდაფები მთლიანად მიწაში იყო გაკეთებული. ნაგებობა ქვითკირით იყო აშენებული. მისი თაღიანი კედლები მიწის პირამდე ამოდიოდა. მომდევნო მეთოდის არსი კი შემდეგში მდგომარეობდა: ჩავარდნილი დ მყუდრო ჩრდილო ადგილებში ნაბუქის დადების შემთხვევაში, ხალხი ზემოდან ბზეს, ჩალას, სიმინდის ფუჩეჩსაც დააყრიდა. შემდეგ კი ნახევარი მეტრიდან ერთ მეტრ სიმაღლეზე მიწას აყრიდნენ. თოვლი და ყინული ასე ზაფხულამდე ინახებოდა. ორმო-თხრილებში ყინულს ფენებადაც აწყობდნენ. ძირზე ჯერ ნახერხსა და ბზეს გაშლიდნენ, შემდეგ ყინულს აწყობდნენ გარკვეულ სიმაღლეზე. აქ თავსდებოდა რვა ურმამდე ყინული. შემდეგ კიდევ ბზესა და ჩალას აყრიდნენ, ისევ ყინულს და ა.შ. ზემოდან კი, მიწით ბლომად ფარავდნენ. ყინულის მოჭრა კოლექტიურად ხდებოდა. ყინულის მოსაჭრელად 10-დან 20-მდე ურმით მიდიოდნენ. ყინულს ტბებზე და მდინარეებზე ჭრიდნენ. მოსაჭრელად ბლაგვ ცულს ხმარობდნენ. ყინულს ოთხკუთხედად ჭრიდნენ, რომლის სიგრძე ნახევარი მეტრი იყო.

"ყინულის მოსაჭრელად დიდი ურმებით მიდიოდნენ, მაგრამ თბილისში გასაყიდად პატარა ურმებით მოჰქონდათ (ამ ურემზე დიდ ურემზე მოთავსებული ყინულის მესამედი ეტეოდა). თბილისის სანახებში ყინულის მოსაჭრელი ადგილები იყო: ლისის ტბა, დიდვარცლის ტბა, მლაშე ტბა, დიდგორწინა ტბა, შიოს ტბა, მუხადგვერდის ტბა, ძეგვის ტბა, ჩახერგილის ტბა და ასევე მდინარეები. დიღმელებისა და ლისელების გარდა, აღნიშნულ საქმიანობას მისდევდნენ - კოჯრელები, წყნეთელები, შინდელები. ყინულის შენახვის ტრადიცია და შემდეგ თბილისში გასაყიდად გატანა საქალაქო ცხოვრების მაღალი დონის მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ, სანახებში მდებარე სოფლების მკვიდრთა ნაწილისთვის კი, შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა", - აღნიშნავს როლანდ თოფჩიშვილი.

როგორც ვხედავთ, ვიდრე ჩვენში ელექტროენერგიას და მაცივარს "დაუმეგობრდებოდნენ", საკმაოდ რთულად ხდებოდა პროდუქტების გაციება. ამისთვის ჩვენს წინაპრებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი