ავტორი:

გაციფრულებული ზეზვა და მზია – BTU-ს სტუდენტებმა დმანისის მუზეუმისთვის ინოვაციური პლატფორმა შექმნეს

გაციფრულებული ზეზვა და მზია – BTU-ს სტუდენტებმა დმანისის მუზეუმისთვის ინოვაციური პლატფორმა შექმნეს

გაციფრულებული ზეზვა და მზია, რომლებთან ერთადაც მალე ფოტოს გადაღებასაც შეძლებთ – ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ პროექტისა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.

აპლიკაცია, რომელიც საშუალებას იძლევა დამთვალიერებელი პირველ ევროპელებს გაფართოებულ და ვირტუალურ რეალობაში გაეცნოს, BTU-ის სტუდენტებმა დმანისის მუზეუმში წარადგინეს. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა ანდრო რურუამ აღნიშნა, ეს არ არის პირველი პროექტი, რომელიც საქართველოს მუზეუმებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა:

„პროექტის პირველ ეტაპზე ქართველი მხატვრების ნახატები გავაციფრულეთ, ამჯერად კი – პირველი ევროპელები. ჩვენი სტუდენტების მიერ გაკეთებული აპლიკაცია კარგი პრეცედენტია, თუ როგორ შეიძლება შეერწყას ერთმანეთს ისტორიული მასალა და ინოვაციური ტექნოლოგიები“, – აღნიშნა ანდრო რურუამ.

აპლიკაციის დეველოპერების თქმით, ამ პროექტზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა:

„აპლიკაციაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის IT ჯგუფმა და ორმა სტუდენტმა ვიმუშავეთ. ძალიან ბევრი დეტალი იყო გასათვალისწინებელი: ადამიანის კანის ფერი, სტრუქტურა, თვალები... შემდეგ კი უკვე შექმნილი მოდელების აპლიკაციაში ჩატვირთვა. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციას აქვს იატაკის ამოცნობის ფუნქცია, შედეგად მოდელი უფრო რეალურია,“ – აღნიშნა ბინზესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა, ოთარ ტერტერაშვილმა.

აპლიკაციით სარგებლობა ტურისტებს უკვე შეუძლიათ. როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმა ახალი მნახველების მოზიდვასაც შეაუწყობს ხელს:

„მეცნიერული ცოდნის წარდგენისთვის სხვადასხვა საშუალებას მივმართავთ ხოლმე, როგორც ტრადიციულს, ისე თანამედროვეს. ამ შემთხვევაში, ციფრული ტექნოლოგიები გამოვიყენეთ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს ახალი ფორმით ახალი მნახველები მოვიზიდოთ. ჩვენი მიზანია, არამხოლოდ შევისწავლოთ, არამედ სხვადასხვა ფორმით გავაცნოთ დამთვალიერებელს საქართველოს არქეოლოგიური და ისტორიული მასალა,“ – აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.

პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თავად გამოეცადათ აპლიკაცია და გაციფრულებულ პირველ ევროპელებთან ერთად ფოტოც გადაეღოთ. ერთ–ერთი პირველი, ვინც აპლიკაცია გამოსცადა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ფატმასერენიაზგანი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აღმოჩნდნენ.

„ძალიან ვაფასებ საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენებას. აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როგორც ტურიზმის განვითარებისთვის, ასევე, ჩვენთვისაც, დიპლომატებისთვის. აპლიკაციის საშუალებით შეგიძლია უძველესი ადამიანები და ცხოველები ნახო, შორეულ წარსულში იმოგზაურო. მსგავსი რამ სხვაგან არსად მინახავს, უნიკალური იდეაა, ამიტომ ორმაგად დასაფასებელია,“ – აღნიშნა ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის შემქმნელები ზეზვასადა მზიას გარდა, პრეისტორიული ცხოველებისა და ნივთების გაციფრულებასაც აპირებენ. ამასთანავე, როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანმა, ნინო ენუქიძემ აღნიშნა, აპლიკაციის საშუალებით დამთვალიერებელს შეუძლია ზეზვა და მზიას შესახებ აუდიო და ტექსტური ინფორმაციის ნახვა.

„ერთგვარი ვირტუალური ტური განხორცილდება, რაც არამხოლოდ საქართველოსთვის იქნება უნიკალური და გამორჩეული, არამედ მსოფლიოსთვისაც, რადგან ვიზიტორს ვირტუალურ ტურს ძალიან ცოტა მუზეუმი სთავაზობს. თანამშრომლობას ვიწყებთ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტთან, ვესმისტერისსაერთაშორისოუნივერსიტეტთან და ვგეგმავთ მომავალი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქსელისთვის სრული ციფრული პლატფორმა შევქმნათ,“ – აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

არტეფაქტების ერთიანი ვიზუალიზაცია, მათი პირვანდელი მდებარეობების შესაბამისად, საქართველოს სამუზეუმო სივრცისთვის უპრეცედენტოა და დამთვალიერებელს მუზეუმში ვიზიტისას სრულიად ახალ, განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი