ავტორი:

BTU-ს 5 სტარტაპი, რომლითაც თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“დაინტერესდა

BTU-ს 5 სტარტაპი, რომლითაც თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“დაინტერესდა

ARC, Elyft, Multicart, Salone, FeelReality – ეს იმ სტარტაპების ჩამონათვალია, რომლითაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სტარტაპების დემო დღეზე თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ დაინტერესდა. „სპარკის“ ხელმძღვანელის, სანდრო კანდელაკის თქმით, მთავარი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც სტარტაპები შეირჩა, იდეის განხორციელებადობა, ბაზართან რელევანტურობა და ბიზნეს მოდელის ლოგიკურობა იყო.

BTU-ს ასოცირებული პროფესორისა და სტარტაპების დემო დღის ორგანიზატორის, თამთა გველესიანის თქმით, წელს 24–მა გუნდმა თავისი სტარტაპი შესაბამის ინდუსტრიაში მოღვაწე ორგანიზაციებს, პოტენციურ პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს წარუდგინა:

„დემო დღე უკვე მეოთხედ ჩატარდა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ იდეა ტექნოლოგიებთან იყოს კავშირში. წელს საკმაოდ მრავალფეროვანი იდეები იყო წარმოდგენილი: ტურისტული აპლიკაციები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის გამოყენებით განხორციელებადი იდეები და სხვა.“

BTU-ს პირველკურსელების მიერ წარდგენილი 24 სტარტაპიდან „სპარკის“ ხელმძღვანელმა სანდრო კანდელაკმა ხუთი შეარჩია:

ARC - მოწყობილობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მძღოლს მოსალოდნელი ავტოსაგზაო შემთხვევისგან იცავს;

Elyft - ლიფტის გადახდების ახლებური საშუალება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ლიფტით სარგებლობის საფასური ნებისმიერი საბანკო ბარათით გადაიხადოს;

Multicart - ჭკვიანი ურიკა, რომელიც მომხმარებელს სავაჭრო ცენტრში ვაჭრობის დროს შესაძენი საქონელის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და ბიუჯეტირებაში ეხმარება;

Salone - სილამაზის სალონეების და ესთეტიკური ცენტრების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს, მომხმარებელს უფრო კომფორტული სერვისები შესთავაზოს;

FeelReality – ვირტუალური რეალობის აპლიკაცია, რომელიც მუზეუმებს უფრო მეტად ინტერაქციულს ხდის.

სწორედ ეს უკანასკნელი გამოარჩია მერიის ბიზნეს აქსელერატორმა „სპარკმა“, რომელიც ახალგაზრდა სტარტაპერებს საჭირო ტექნიკით აღჭურვაში დაეხმარება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანის, ნინო ენუქიძის თქმით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტარტაპების დემო დღე ყოველი სემესტრის ბოლოს ტარდება:

„სტარტაპების დემო დღის მიზანია, უნივერსიტეტსა და ქვეყანაში სამეწარმეო ეკოსისტემის ჩამოყალიბება და განვითარება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი პირველივე კურსზე გადის მეწარმეობის კურსს, რომელიც სტუდენტს იდეის სტარტაპად, შემდეგ კი ბიზნესად გადაქცევაში ეხმარება. სტარტაპების დემო დღეს ძალიან ბევრი კომპანია ესწრება, შედეგად უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს საკუთარი სტარტაპის განვითარებასა და კომერციალიზაციაში,“ – აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

სტარტაპების დემო დღის ოფიციალური პარტნიორია თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ და საქართველოს ბანკი BOG Fintech-ი. ეს უკანასკნელი უახლოეს დღეებში 6 ფინტექის მიმართულების სტარტაპიდან ერთს შეარჩევს, რომელთანაც თანამშრომლობას გააგრძელებს.