რადიოჰოლდინგი "ფორტუნა" წელს უკვე მეექვსედ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალს "ოქროს ტალღას" წარმოგიდგენთ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმრო "ვინდჰემ გრანდში" პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც რადიოჰოლდინგ "ფორტუნას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თათა სადრაძე, კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი, თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და სასტუმრო "ვინდჰემ გრანდის“ გენერალური მენეჯერი მედეა კობახიძე დაესწრნენ.
კონკურსის მთავარი მიზანია ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და ამ სფეროში ჩართული ადამიანების წახალისება. "ოქროს ტალღა 2019" 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში სულ 15 ჯილდო გაიცემა, მათ შორისაა მთავარი პრიზი "წლის სიმღერა". „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაში გამარჯვებულს ინტერნეტით ხმის მიცემის საშუალებით საზოგადოება ირჩევს, დანარჩენ ნომინაციებში გამარჯვებულებს კი კომპეტენტური ჟიურის წევრები ავლენენ, რადიოჰოლდინგ "ფორტუნას" მუსიკალურ ხელმძღვანელებთან ერთად სპეციალურად დაწესებული კრიტერიუმების შესაბამისად.
წლევანდელი "ოქროს ტალღა" ლეგენდარულ ჯგუფ "ქუინს" ეძღვნება. გალაკონცერტის სპეციალური სტუმარია კანადელი მომღერალი - მარკ მარტელი, რომელიც ფრედი მერკურის სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა. მარკ მარტელმა 2018 წლის ყველაზე წარმატებული მუსიკალური ფილმის "ბოჰემური რაფსოდიის" რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა, მას „ქუინთან“ კიდევ ერთი პროექტი აკავშირებს - "ქუინ ექსტრავაგანზა". ტურნესთვის ის თავად ჯგუფის წევრებმა შეარჩიეს. „ოქროს ტალღაზე“ მარკ მარტელი "ქუინის" ყველაზე ცნობილ სიმღერებს შეასრულებს.
"ოქროს ტალღა" 2014 წლიდან რადიოჰოლდინგ "ფორტუნას" ორგანიზებით იმართება. მთავარი ჯილდოს "წლის სიმღერის" ნომინაციაში გამარჯვებულები, სხვადასხვა დროს გახდნენ ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე, ნიაზ დიასამიძე, სტეფანე მღებრიშვილი და ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე.
„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდჰემ გრანდი“ ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური „ომეგა ემბეერი“. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“.