ავტორი:

კრემაცია, შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლები, თოკით დაბმული ბავშვები... – ბევრისთვის უცნობი ფაქტები თუშეთზე

კრემაცია, შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლები, თოკით დაბმული ბავშვები... – ბევრისთვის უცნობი ფაქტები თუშეთზე

საქართველოში ჩამოსულ ტურისტს თუშეთი თავისი ბუნებრივი თუ კულტურული რესურსით ხშირად აოცებს. 2011 წელს "სიენენის" გამოკითხვაში, თუ მსოფლიოს რომელი ადგილი უნდა მოინახულოთ, ათეულში მეხუთე ადგილზე სწორედ თუშეთი იყო. ეთნოგრაფი ნუგზარ იდოიძე ქართველებისთვისაც კი უცნობ თუშეთზე გვიამბობს... აღსანიშნავია, რომ თუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ომალოში ნუგზარ იდოიძემ დააარსა.

- 2018 წელს გადაწყდა რომ, თუშეთის 10 ციხე-სოფელს საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები ჩაუტარდება. სამუშაოები მოიცავს შემდეგ ციხე-სოფლებს - ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა, ინდურთა. სამუშაოები ითვალისწინებს ცალკეული ნაგებობების სააღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, დეტალურ ფოტოფიქსაციას, ტოპოგრაფიულ დაგეგმვას, არქიტექტურულ-არქეოლოგიურ ანაზომებს, სახელოვნებათმცოდნეო, ისტორიული და არქეოლოგიური კვლევების მომზადებას... სამუშაოები ეტაპობრივად თუშეთის სამ სოფელში მიმდინარეობს...

- ამბობენ, რომ თუშეთში უძველესი დროიდან არსებობდა გენდერული თანასწორობა... ამის მაგალითია თუშეთის 12 მსაჯულის უძველესი ინსტიტუტი, რომლის მოსამართლეები ქალებიც იყვნენ...

- სანამ რუსეთი საქართველოს და მთლიანად კავკასიას დაიპყრობდა, მანამდე თუშეთში შიდამმართველობა, სასამართლო ფუნქციონირებდა... არჩეული უხუცესები, რომლებმაც ადათ-წესები და რჯულის კანონები იცოდნენ, მართავდნენ სასამართლოს. თემის შიდა საქმეებში მეფეც კი არ ერეოდა... ქურდს თუ დანაშაული დაუმტკიცდებოდა, მოპარული შვიდმაგად უნდა დაებრუნებინა. მრუშობას სასამართლო არ არჩევდა, ეს უფრო ოჯახის საქმე იყო. ყოფილა ქალის დამახინჯების ფაქტები, გადმოცემები ამის შესახებ არსებობს... რომ ვეღარ გათხოვილიყო, ამ მიზნით ხდებოდა მისი დასახიჩრება.

ჩვენთან მთაში საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალებს განსაკუთრებული წვლილი ჰქონდათ! ძმები ასწავლიდნენ საბრძოლო ხელოვნებას და ბევრი გმირი ქალის სახელია თუშეთში ცნობილი. ქალის გენდერული ურთიერთობების პრობლემები მთაში არ იყო... მაგალითად ერთ-ერთი თუში გმირი ქალი ცნობილი იყო მახვილი ჭკუა-გონებით, ცოდნით, ამიტომაც უხუცესებმა აირჩიეს და 10 წელი საბჭოს თავმჯდომარე იყო.

- ამბობენ, რომ თუშეთში კრემაცია იყო...

- დიახ, ჩვენ გვიანდელი ბრინჯაოს ხანისა და ადრინდელი რკინის ეპოქის სამარხებში ამის არქეოლოგიური ფაქტები ვნახეთ... არქეოლოგიური გათხრების დროს კარგად ჩანდა, რომ კრემაცია იყო გავრცელებული. სამარხებში მიმოფანტული იყო სამკაულები, სხვა რამ და მიცვალებულები არ ჩანდნენ, ნამწვავის კვალი იყო. არ ვიცი საქართველოს სხვა კუთხეებში თუ უპოვიათ მსგავსი რამ... სტრაბონი მთის იბერიელებს სადაც აღწერს, ახსენებს, რომ სკვითების ყაიდაზე ცხოვრობენო... იქ კრემაცია არ გამიგია, მაგრამ სამარხებში აღმოაჩინეს, რომ მიცვალებულებს დამწვარი ხის ფერფლს ატანდნენ და თუ რისი სიმბოლო იყო ეს, არ ვიცი. ასევე ჩატანებული ჰქონდათ ცხვრის წინა ფეხი ან ცხენის რაიმე ნაწილი. ერთი სიტყვით მთის იბერიელები მწყემსი ხალხი იყვნენ, მომთაბარე მეურნეობას ეწეოდნენ...

- თუშეთში შემორჩენილია ათი სოფელი, სადაც კლდეზე დაკიდებული სახლებია... რამდენად რთული იყო ასეთ სახლებში ცხოვრება?

- თუშურ საცხოვრებელს ციხე-სახლს ვეძახით, კოშკს ჰგავს... მას თავდაცვითი, სამეურნეო და საცხოვრებელი ნაწილები ჰქონდა. შემდგომში აივნიანმა სახლებმა განვითარება განიცადა. თავდაცვითი ელემენტები მშვიდობიანი ელემენტებით შეიცვალა. სახლებს სათოფურები აღარ უკეთდება... თქვენ რომ ახსენეთ, იმ ათ სოფელში თითქმის სულ ძველი საცხოვრებლების არქიტექტურაა შემორჩენილი... ძველ თუშურ სახლს სამი ფუნქციურად განსხვავებული ნაწილი აქვს: პირველი სართული ქალების, იქვე უვლიდნენ მსხვილფეხა საქონელს, იქვე მშობიარობდნენ და ასე შემდეგ... მეორე სართული ოჯახის საცხოვრებელი და მესამე კაცების, რომელსაც ჭერხოს ეძახდნენ. სამი სართული სულ მცირე, თორემ იყო ექვს და შვიდსართულიანი სახლები, სადაც ოჯახის ბევრი წევრი ერთად ცხოვრობდა. სანამ მშობლები ცოცხლები იყვნენ, ძმების გაყრა არ შეიძლებოდა. სეზონური ცხოვრების და განსახლების წესები იყო - ადგილობრივი საზამთრო და საზაფხულო სახლები. სამ და მეტსართულიანი სახლები ზაფხულის იყო. ზამთრის დასახლებაში უფრო ერთსართულიანი სახლები ჭარბობდა. სახლი შუაზე იყო გაყოფილი, ერთ ნაწილში საქონელი ჰყავდათ და მეორე ნაწილში ოჯახი ცხოვრობდა.

- მართალია, რომ პატარა ბავშვები ეზოებში თოკზე ჰყავდათ დაბმული, რომ კლდიდან არ გადავარდნილიყვნენ?

- ამას ნახევრადხუმრობით ამბობენ, მაგრამ მართლაც ასე იყო... 7 წლამდე ბავშვების გადავარდნის ფაქტები ყოფილა და ქალები გარეთ სამუშაოდ რომ გადიოდნენ, აკვანში ჩაკრულ ბავშვებს თოკით ამბავდნენ, შემდეგ ფეხადგმულ ბავშვებს... თვითონ სამეურნეო სამუშაო ჰქონდათ და ბავშვებს ხომ უნდა მოფრთხილებოდნენ, რომ ფერდობზე არ გადავარდნილიყვნენ... წამოზრდილი ბავშვები თოკით აბავდნენ ბურთს და ისე თამაშობდნენ ფეხბურთს. ხშირად ჩნდება კითხვა, რატომ დასახლდა ხალხი ასეთ ადგილებში, მაგრამ ეს თავდაცვის მიზნით მოხდა, რადგან მუდმივი მტრიანობა იყო... სადაც სახლები კლდეებზეა გაშენებული, იქ შემჭიდროვებული დასახლებაა და ყველა სახლი ერთმანეთს აზღვევს. ერთი სახლის სათოფური მეორეს სახლი კარებს უყურებს და მეზობელს თუ მტერი მიადგება, ეს იცავს... კლდეებზე სადაც სახლები იყო, იქ არ ხდებოდა მიწის სამეურნეო სამუშაოები, უფრო ბარში, სადაც გაფანტული დასახლებები იყო... გაფანტული დასახლებაც იმიტომ იყო, რომ ყველას თავის მიწა ჰქონდა...

- გამორჩეულ თუშურ სამზარეულოზეც რომ გვითხრათ...

- ალბათ ყველაზე დიდი თავისებურება ის არის, რომ საველე პირობებს არის მორგებული. როდესაც თუშები ლაშქარში მიდიოდნენ, ჩურჩხელები მიჰქონდათ... სატარებლად მუბუქია და ძალიან ნოყიერი. ყველაზე მიღებული იყო ქერი, რომელსაც ხალავდნენ და მოხალული ფქვილი თან დაჰქონდათ. ქერის ფქვილს ოდნავ წყალს შეურევდნენ, ხელის გუნდას გააკეთებდნენ და მზა პურია, თან ისეთი ენერგიული, როგორც ყავა... სამწუხაროდ, თუშების ბარად ჩამოსახლებამ ბევრი ტრადიციის მოშლა გამოიწვია და როგორც მთელ მსოფლიოში, თუშეთშიც ბევრი პრობლემა დგას.

ფოტოები: გიორგი სეხნიაძე

"ასეთი სირცხვილი სუფევს საყვარელ კურორტზე" - უწყლოდ დარჩენილი გუდაური და ტურისტების რიგი წყალმომარაგების მანქანასთან

387-კვებითი და 844-ალკოჰოლური ინტოქსიკაცია - საახალწლო დღებში ქვეყანაში 1254 გამოძახება დაფიქსირდა

ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 21 წლის გოგო გარდაიცვალა