ავტორი:

"პაციენტმა იკითხა: ჩემმა მოძღვარმა მითხრა, დარჩენილ ემბრიონებს ხომ არ კლავენო?" - რა უნდა იცოდეთ ინ ვიტრო განაყოფიერებაზე

"პაციენტმა იკითხა: ჩემმა მოძღვარმა მითხრა, დარჩენილ ემბრიონებს ხომ არ კლავენო?" - რა უნდა იცოდეთ ინ ვიტრო განაყოფიერებაზე

ინ ვიტრო განაყოფიერებით მსოფლიოში უკვე რამდენიმე მილიონი ბავშვია გაჩენილი. ამ გზით, პირველი ადამიანი ლიზი ბრაუნი ბრიტანეთში დაიბადა. როგორც პროფესორი და რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე გვეუბნება, დღეს ლიზის უკვე შვილიც ჰყავს. ამ პირველი პოპულაციიდან 4-5 ათეული წელი გავიდა. „თუმცა ინ ვიტრო განაყოფიერება ბოლო 20 წლის განმავლობაში სხვა აღმავლობის ეტაპზე გადავიდა. ამასთან, ის ყოველდღიური ცხოვრების ისეთივე შემადგენელი ნაწილი გახდა, როგორც მაგალითად, ნებისმიერი სმარტ-გაჯეტი, რომლის გარეშეც ცხოვრება უკვე ძნელად წარმოსადგენია. ასე რომ, ინ ვიტრო განაყოფიერება ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს,“ - გვეუბნება არსენ გვენეტაძე.

ხოლო თუ როდისაა ეს პროცესი გარდაუვალი, ამაზე ასეთი პასუხი აქვს: „პაციენტის კვლევისა და მკურნალობის საქმეში ინ ვიტრო განაყოფიერება გამოიყენება შესაბამისი ჩვენებებით, პროტოკოლებითა და გაიდლაინებით - მას შემდეგ, რაც ბუნებრივი, ან ქირურგიული გზით, თუნდაც ენდოკრინული პრობლემების მოგვარების შემდეგ, ორსულობა არ დგება.

უშვილობა ასევე გაურკვეველი გენეზისითაც არის ხოლმე გამოწვეული. როდესაც ზოგჯერ პაციენტის რამდენიმეწლიანი უშვილობის ისტორიას ეცნობი, პრობლემას იქვე პოულობ - რომ სიტყვაზე, ენდომეტრიუმი, საშვილოსნოს ლორწოვანი არ არის ნორმის ფარგლებში (7 მმ-ზე მეტი უნდა იყოს) და ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ასეთ დროს ოვულაცია გვიან ხდება, რაც ნაყოფის მიმაგრებას ხელს უშლის“, - აღნიშნავს ბატონი არსენი და დასძენს, რომ უშვილობას ასევე მამაკაცის სერიოზული ფაქტორიც განსაზღვრავს, ანუ სპერმის დარღვევა, ან კიდევ, როცა რაღაც მიზეზით საკვერცხეებში მარაგი ამოწურულია, ამ შემთხვევებში დონაციას მიმართავენ (არსებობს როგორც ქალის კვერცხუჯრედის დონორი, ასევე მამაკაცის სპერმის).

ხოლო ტექნოლოგიურად თუ როგორ ხდება ეს პროცესი, ამაზე პროფესორის პასუხი ასეთია:

„ქალის ორგანიზმში ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება, რასაც საკვერცხეების სტიმულაცია ჰქვია. როგორც წესი, საღ საკვერცხეებში რამდენიმე კვერცხუჯრედი მწიფდება (ოქროს სტანდარტად, 15-მდე კვერცხუჯრედი ითვლება). მას პუნქციით სახით, საკვერცხედან ჩხვლეტით იღებენ, რაც შემდეგ ლაბორატორიის პირობებში, მისივე მეუღლის, პარტნიორის სპერმატოზოიდს შეერწყმება და ასე განვითარდება ემბრიონი. განვითარებული ემბრიონი მესამე, ან მეხუთე დღეს გადატანილი იქნება საშვილოსნოს ღრუში.

- დანარჩენ კვერცხუჯრედს რა ემართება და რას უშვებით?

- თავიდან მათი სტიმულაცია წამლების მეშვეობით ხდება, ერთის მაგივრად რამდენიმე უნდა მომწიფდეს, რომ შანსი მეტი იყოს, თან, ყველა ხომ არ იქნება ხარისხიანი, ზოგი კარგად ვერ განვითარდება. ეს იმისთვის, რომ რამდენიმე ჯანმრთელი ემბრიონი განვითარდეს.

- დავუშავთ გადაიტანეთ 2 ემბრიონი და დარჩა 2 ჯანმრთელი. იმათ რას უშვრებით?

- ეს კითხვა პაციენტებსაც დაუსვამთ. ერთმა საერთოდ, ასე გვითხრა - ჩემმა მოძღვარმა მკითხა, - დარჩენილ ემბრიონებს ხომ არ კლავენ? აქ პასუხი ასეთია: პაციენტს ვუხსნით, რომ მისი სურვილით, უმეტესად ასე ხდება, - დარჩენილი ემბრიონები იყინება... ამ წუთას მყავს პაციენტი, რომელიც დუბლინიდან დამიკავშირდა, ქართველია, უბრალოდ, იქ ცხოვრობს. პირველი შვილიც ამ პრინციპით ჰყავს გაჩენილი, რომელიც უკვე სამ-წლინახევრისაა. მას ჩვენთან აქვს ემბრიონი გაყინული. ახლა უნდა, შემდეგი შვილის გასაჩენად მოემზადოს...

- მოკლედ, ემბრიონი თუ კარგი ხარისხისაა, შეინახება.

- დიახ, თუ ვერ ვითარდება, მაშინ გაყინვაც არ სჭირდება, რადგან ის ემბრიონი აღარ არის.

- ყველა უშვილო ადამიანს შეუძლია ამ ტექნოლოგიური პროცესის გავლა და შვილის გაჩენა?

- კანონი ჯანმრთელობის შესახებ ამბობს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობა ხელმისაწვდომია ყველასთვის - კანონის მიხედვით ყველა თანაბარია.

- რა ასაკის ხალხი გაკითხავთ?

- ნებისმიერი ასაკის - დაწყებული 22 წლიდან 52 წლის ჩათვლით. ორ 52 წლის პაციენტს პირველივე ცდაზე პირველი შვილი გავაჩენინეთ (დედები რომ გახდნენ, უკვე 53 წლისები იყვნენ). არც ერთ მათგანს ორსულობა მანამდე არ ჰქონია, ორს 49 წლის ასაკში დავეხმარეთ. როცა ასეთი შემთხვევებია, აქ უკვე დონორის კვერცხუჯრედზეა ლაპარაკი, რადგანაც ამ ასაკში ორგანიზმს კვერცხუჯრედი აღარ აქვს.

- რელიგიას თქვენი საქმიანობის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს?

- კანონი სამედიცინო მოქმედებისა და სამედიცინო მანიპულაციებისა, ექიმს ვალდებულს ხდის, პაციენტის აღმსარებლობის მიუხედავად, ჩაატაროს ეს ტექნოლოგია. პროცედურა ყველასთვის სრულიად ლეგალურია. აქ მისი პირადი გადაწყვეტილება უფრო მნიშვნელოვანია. თუ წავალთ პრინციპით, რომ ეს არის მედიცინის ერთ-ერთი მიღწევა, მას თავისუფლად იყენებენ სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და რელიგიური მრწამსის ადამიანები. ხოლო თუ ვინმეს არ სურს მისი გამოყენება, ეს იმ ადამიანის უფლებაა და ვერც ვერავინ დააძალებს.

ამდენად, ცივილურ სამყაროში ეს პროცედურა კანონით დაშვებულია. ამ გადაწყვეტილების მიღება ადამიანს შეუძლია როგორც აღმსარებლობიდან გამომდინარე, ისე აღმსარებლობის მიუხედავად, რადგანაც ვიმეორებ, ეს მისი უფლებაა. ჩვენთან მოდის ადამიანი, ვისაც ეს უნდა. გვყავს პაციენტები უცხოეთიდანაც, რადგანაც მათთან ინ ვიტრო განაყოფიერება საკმაოდ ძვირი ღირს.

- ამ გზით განვითარებული ნაყოფი ბუნებრივი გზით დაბადებულისგან განსხვავდება?

- ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ პოპულაციაში დაბადებული ადამიანი, შეიძლება ცოტათი უკეთესიც, მარტივი მიზეზის გამო - ასეთ დროს, მუცლად ყოფნის პერიოდში, ბავშვებს ლუპის ქვეშ უყურებენ, მუდმივი დაკვირვების ქვეშ არის. მაშინ, როცა ბუნებრივი გზით დაორსულებული ქალი, არის შემთხვევები, რომ ორსულობის პერიოდში ექიმთან არც მივიდეს და სახლში იმშობიაროს. ასეთ დროს ნაყოფში არსებული პათოლოგიები შესაძლოა, დაიფაროს და აქ მაქსიმალური ყურადღების ქვეშ არის და კიდევ უფრო ჯანმრთელი შეიძლება დაიბადოს. თუმცა რეალურად მათ შორის რაიმე პრინციპული სხვაობა არ იკვეთება.

"მოვიწვიოთ სინოდზე სპეციალისტები და ვიმსჯელოთ, რა არის დაუშვებელი" - მრევლის ნაწილი სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ გააღიზიანა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1-ლი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - რა წერია WHO-ს ვებგვერდზე

"ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ" - შევა თუ არა ცვლილებები სააღდგომო მსახურებაში?