ავტორი:

"ატირებული მამა მუხლებში ჩაგვივარდა: არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო..." - ტრაგიკული ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრი აზარტული თამაშების მსხვერპლია

"ატირებული მამა მუხლებში ჩაგვივარდა: არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო..." - ტრაგიკული ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრი აზარტული თამაშების მსხვერპლია

საქართველოში ლუდომანიით თითქმის ყველა ასაკის ადამიანი დაავადდა და რაც ყველაზე საგანგაშოა, მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. მას შემდეგ, რაც "პალიტრამედიამ" დაიწყო პროექტი - "არ ითამაშო, იცხოვრე!", მე და ჩემმა კოლეგებმა არაერთი შემზარავი ამბავი მოვისმინეთ ერთნაირი ფინალით - სუიციდით, თვითდაზიანებით, ქვეყნიდან გადახვეწით... ტრაგედიებს დასასრული არ უჩანს.

ამჯერად გიამბობთ ოჯახზე, სადაც სამი მამაკაცი მოთამაშეა. ყველა მათგანმა არაერთხელ სცადა თავის მოკვლა... გადარჩნენ, ხანმოკლე პაუზის შემდეგ კი თამაში განაგრძეს.

ოჯახის ტრაგედიაზე 31 წლის ნიკა გვიამბობს:

- დედა დარდობდა, მამათქვენი სულ მუშაობს, მაგრამ სახლში არაფერი მოაქვსო. მერე ჩემს ცნობიერებაში თანდათან გაჩნდა სიტყვები: თამაში, ტოტალიზატორი, კაზინო, ვალები...

დედა თავდაუზოგავად მუშაობდა, მამა კი შუაღამეს მოდიოდა და ჩხუბობდა. შემდეგ ჩვენი ოჯახის ცხოვრება უფრო გაუარესდა - ვალებით დამძიმებულმა დედამ სამუშაოდ თურქეთში გადაწყვიტა გამგზავრება. მაშინ მე და ჩემი ძმა სკოლაში ვსწავლობდით. ჩვენი დატოვება უმძიმდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, მევალეები გვაკითხავდნენ და ბინის წართმევით გვემუქრებოდნენ.

- მამა სად მუშაობდა?

- ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, საკმაოდ კარგ პოზიციაზე, მაგრამ თამაშის გამო ჩამოაქვეითეს, ბოლოს გააგდეს. მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ თამაში არ შეუწყვეტია. ერთი სიტყვით, დედა მეზობელ ქალს შეუთანხმდა, ჩემებს კვირაში სამჯერ საჭმელი მოუმზადე და თვეში 100 ლარს გადმოგირიცხავო. ისიც დათანხმდა... დედა ისე გვენატრებოდა, მისი ყველა ნივთის დანახვაზე მე და ჩემს ძმას გული გვეკუმშებოდა.

როდესაც მეზობლის ქალმა ჩვენს სამზარეულოში დაიწყო ფუსფუსი, საშინელი აგრესია გაგვიჩნდა. მერე ჩვენი ოჯახები უნებურად დაახლოვდნენ - ხან ჩვენ ვსადილობდით მათთან, ხან მისი შვილიშვილები იყვნენ ჩვენთან. ერთ-ერთი ფეხბურთს თამაშობდა. ის ბიჭი მამაჩემს დაუმეგობრდა. მთელი ღამეები ისხდნენ და რაღაცას არჩევდნენ.

საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ამ ბიჭმაც თამაში დაიწყო. ფეხბურთს შეეშვა, გუნდიდან გააგდეს, მერე კი ნარკოტიკზე შეჯდა.

ერთ დღეს მამა სახლში სასწრაფო დახმარების მანქანამ მოიყვანა. ნასვამი იყო, ხარაჩოდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ცოტა ხანს შინ მშვიდად იწვა, შემდეგ კი თამაშის "ლომკა" მოაწვა, ხან მე მთხოვდა ფულის ჩარიცხვას, ხან ჩემს ძმას.

- თქვენ საიდან გქონდათ ფული?

- დედა გვიგზავნიდა... მაშინ გამიჩნდა ინტერესი, მეც მომესინჯა. უკვე ვხვდებოდი, რომ ჩემი ძმაც მოწამლული იყო. მამა მალევე მიხვდა, რაც გვჭირდა და გადაირია, გინდათ ჩემსავით დაიღუპოთ, მოთამაშეს მომავალი არა აქვს, ყველაფერს კარგავს, მათ შორის კაცობასაცო. იტირა და ჩვენც გვატირა. გაჭაღარავებული, თვალებჩასისხლიანებული, ფრჩხილებდაკვნეტილი ქუჩის მაწანწალას ჰგავდა. ლამის მუხლებში ჩაგვივარდა, არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო. მის შემყურეს მიკვირდა, ასეთი მაგალითი თვალწინ მქონდა და თამაში როგორ დავიწყე-მეთქი.

იმ ღამეს მამამ დედას დაურეკა, ჩამოდი, შვილები გვეღუპებაო... ჩამოვიდა დედა და რამდენიმე თვე დარჩა. ამასობაში სკოლა დავამთავრე და ჯარში წავედი. ორი წელი არ მითამაშია, მაგრამ მესიზმრებოდა, როგორ ვრიცხავდი თანხას ანგარიშზე, როგორ ველოდი გამარჯვებას, მოგებული ფულის სუნსაც კი ვგრძნობდი წაიკითხეთ ვრცლად

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა