ავტორი:

"ბიზნესმენებს უნდოდათ თანხის ჩარიცხვა და სუს-მა დააშინა" - როგორ მუშაობს ემზარ კვიციანის "დემოგრაფიული ცენტრი"

"ბიზნესმენებს უნდოდათ თანხის ჩარიცხვა და სუს-მა დააშინა" - როგორ მუშაობს ემზარ კვიციანის "დემოგრაფიული ცენტრი"

ორგანიზაცია, რომელიც დეპუტატ ემზარ კვიციანის ინიციატივით დაფუძნდა და მიზნად ისახავს ოჯახების გაძლიერებას, რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, თუმცა პარლამენტარის მტკიცებით ცენტრის მუშაობას სპეცსამსახურები უშლიან ხელს.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი განმარტავს, რომ "ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული ეკონომიკური ცენტრის" შექმნა საქართველოდან შორს მყოფი ემიგრანტების დაკვეთა იყო და ის მათი შემოწირულობით იარსებებს, ამასთან კვიციანის თქმით, ცენტრი უკვე შექმნილ ოჯახებს ეხმარება და მარტოხელა ადამიანებს მისი იმედი ამაოდ აქვთ.

დაფუძნებიდან ოთხი თვის შემდეგ, AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ეტაპზეა ფონდის საქმიანობა და ვისგან იღებს შემოწირულობას ოჯახების გაძლიერებაზე ორიენტირებული ცენტრი - ჩვენ ემზარ კვიციანს დავუკავშირდით და ამ კითხვებით მივმართეთ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფონდში თანხების ჩარიცხვა შემცირდა და ის ეჭვობს, რომ ბიზნესმენები, რომლებიც ცენტრის დახმარებას აპირებდნენ, სუს-მა დააშინა.

"თანხების ჩარიცხვა შეჩერდა. ეტყობა დრო უნდა, რომ დაავიწყდეს ხალხს და სუს-საც და მერე ალბათ დაიწყება ისევ. ის ადამიანები ვისაც უნდოდათ, რომ ჩაერიცხათ თანხები ბიზნესმენები არიან და სუს-მა დააშინა. ყველაფერი ქართველების საწინააღმდეგოდ მიდის! ბიზნესმენები დაიკარგნენ და ეს სუს-ის მუშაობის შედეგია. არც ისე ცნობილი პირები არიან, მაგრამ ჩემთან ნახეს ერთ-ორჯერ და ამიტომაც დააშინეს“, - უთხრა კვიციანმა AMBEBI.GE-ს და აქვე უკმაყოფილება გამოთქვა მისი კოლეგების პასიურობის გამო.

დეპუტატის თქმით, ფონდში თანხები ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე დეპუტატს აქვს ჩარიცხული.

"ჩარიცხული თანხის ზუსტი ოდენობა არ ვიცი, მაგრამ ბოლოს რომ ვნახე, ბევრი არაფერი იყო. სადღაც 2 500 ლარამდე იყო ჩარიცხული. ძალიან ცოტამ ჩარიცხა დეპუტატებიდან. მაგალითად, თამაზ ნავერიანმა, ისკო დასენმა და შოთა შალელაშვილმა, რომლებიც „ქართული ოცნების“ წევრები არიან ფონდში 500-500 ლარი ჩარიცხეს. გოგა გულორდავამ 100 ლარი გადარიცხა, პაატამ მხეიძემ 50 ლარი. მან პირობა დადო, რომ თანხას ყოველთვე ჩარიცხავდა, თუმცა არ ვიცი მეტი ჯერ არ მინახავს. მე კი ფონდში ყოველთვე ვიხდი თანხას, ხელფასიდან მეჭრება პროცენტი“, - უთხრა AMBEBI.GE-ს კვიციანმა.

მისივე თქმით, ფონდი რამდენიმე ოჯახს უკვე დაეხმარა.

"რამდენიმე მარტოხელა დედას დავეხმარეთ. შვილები ჰყავთ სპორტსმენი ბიჭები - ერთი ფეხბურთელია, მეორე კარატისტი და იმათ 400-400 ლარი ჩავურიცხეთ, "ზბორებზე" წასასვლელად.

ვეხმარებით იმათ, ვისაც უკვე შექმნილი აქვთ ოჯახი. ეს გათვალისწინებულია ჯერჯერობით მაღალმთიან რეგიონებზე და ახალ წლამდე რა იქნება, ვნახოთ“- გვითხრა დეპუტატმა.

AMBEBI.GE "ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული ეკონომიკური ცენტრის" დირექტორს ნუკა შალამბერიძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით, ცენტრში ასობით განცხადებაა შეტანილი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ფინანსურ დახმარებას ითხოვენ.

"ძალიან ბევრი განცხადებაა შემოსული დახმარების თხოვნით, განცხადებების ზუსტი რიცხვი არ მაქვს, თუმცა ასობითაა. ყველაზე მეტი დახმარების თხოვნა შემოსულია ახლადშექმნილ ოჯახებთან დაკავშირებით. 500-დან 10 ათას ლარამდე თანხას ითხოვენ, მაგრამ ჩვენ ამხელა დახმარებას ვერ გავწევთ, დამოკიდებულები ვართ იმ თანხებზე, რაც ფონდში ირიცხება და მომავალში უნდა ჩაირიცხოს.

ჩვენი პროექტი არ ითვალისწინებს ოჯახის შექმნას. ცენტრი უკვე დაქორწინებულ წყვილებს ეხმარება. თუ ოჯახი არ შეიქმნა და რეგისტრირებული არ იქნა იუსტიციის სახლში, ჩვენ ვერ დავეხმარებით. ახალგაზრდებს ვეხმარებით მთაში დასახლებაში - სახელმწიფოსთან ერთად, გვინდა ჩვენი ფონდიც დაეხმაროს. აქედან გამომდინარე დასაქორწინებელი პირების დახმარება ჩვენთან არც განიხილება.

მთაში დასახლებაზე სურვილი მხოლოდ და მხოლოდ ხუთმა წყვილმა გამოთქვა. მაგრამ ვინაიდან მათ შემოსავალი და სახლი სჭირდებათ, ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკება და საკითხების დაზუსტება“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს შალამბერიძემ.

რაც შეეხება "ქართული ემიგრაციის დემოგრაფიულ ეკონომიკურ ცენტრში" ჩარიცხული თანხების რაოდენობას, შალამბერიძე ამბობს, რომ საკმაო თანხაა ჩარიცხული, თუმცა ოდენობას არ აკონკრეტებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."