ავტორი:

ქართველი, რომელიც ირანში რკინიგზას და ბაქოში ნავთობსაბადოს ფლობდა - აკაკი ხოშტარიას გასაოცარი ქველმოქმედება საქართველოსთვის

ქართველი, რომელიც ირანში რკინიგზას და ბაქოში ნავთობსაბადოს ფლობდა - აკაკი ხოშტარიას გასაოცარი ქველმოქმედება საქართველოსთვის

ადამიანმა, რომლის შესახებაც დღეს უნდა გიამბოთ, ბევრი კეთილი საქმე გააკეთა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, თუმცა სხვადასხვა გარემოებების გამო, მისი სახელი ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.

აკაკი ხოშტარია ქართველი ფინანსისტი, მრეწველი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი იყო, საერთაშორისო მასშტაბის პიროვნება, რომლის შესახებაც AMBEBI.GE-ს მკითხველს ისტორიკოსი, პროფესორი ლალი მიქელაძე უამბობს. მან 30 წლის წინ პირველმა მოიპოვა ცნობები ქართველი მეცენატის შესახებ.

- ვინ იყო აკაკი ხოშტარია და რატომ ითვლება საერთაშორისო მასშტაბის ფიგურად?

- დაუსრულებლად შეიძლება საუბარი აკაკი ხოშტარიას პიროვნებაზე, მის დიდ ეროვნულ საქმეებზე, პიროვნულ ღირსებებზე, თუ როგორ გამოირჩეოდა თვითონ და მისი ოჯახი უდიდესი კეთილშობილებით, სტუმართმოყვარეობით, მოყვასისადმი სიყვარულით, ახლობლებისადმი ყურადღებით და მზრუნველობით.

იგი საერთაშორისო მასშტაბის პიროვნება იყო - პირადად იცნობდა ჩერჩილს, რუზველტს, ჰქონია მათთან შეხვედრები თეირანში შაჰის კარზე... თავის დროზე დიდმა ილია ჭავჭავაძემ აღტაცებითა და სიყვარულით უსახსოვრა ლექსების კრებული წარწერით, როგორც ჭეშმარიტ ქართველსა და საქმით პატრიოტს.

ხოშტარიამ ცხოვრების საინტერესო და რთული გზა განვლო. წარმოშობით სუჯუნელი აზნაურების ისტორიული შტოდან იყო. ყმაწვილობიდანვე ხელი მიჰყო ფართო სავაჭრო საქმიანობას. ხოშტარიას მთავარი სამრეწველო და სავაჭრო ასპარეზი სპარსეთი იყო. იგი მიღებული პირი იყო სპარსეთის შაჰის კარზე, ვინაიდან იყო მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევის ნათლია.

ხოშტარიას ირანში ჰქონდა საკუთარი რკინიგზა ორ დიდ ქალაქს შორის და მთელი ამ ტერიტორიების მიწები მის მფლობელობაში იყო. ჰქონდა მონოპოლია საპნის წარმოებაზე, ფლობდა თევზის სარეწებს, ვაჭრობდა მატყლით ინგლისელებთან და რაც მთავარია, იყო სპარსეთის ნავთობის კონცესიების მფლობელი. ხოშტარიას მფლობელობაში იყო ბაქოში არსებული ნავთობის სარეწები, კასპიისპირა ქალაქ ენზელის ელექტროქსელი, თბილისში არსებული მექანიკური ქარხნები და სხვა მრავალი საწარმო.

მთელ მის ოპერაციებს ამიერკავკასიაში და სპარსეთში ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებული ფირმა "რუპენტო", რომლის პრეზიდენტიც თავად ხოშტარია იყო. ეს გახლდათ ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ფირმა, რაც კი ქართველებს ოდესმე შეუქმნიათ. "რუპენტომ" და კონსტანტინოპოლში დაარსებულმა თურქულ-სპარსულმა "ხოშტარიას ბანკმა" ურთულესი სავაჭრო კომბინაციებით მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების სავაჭრო წრეები დააინტერესეს.

- რაც შეეხება მის საქველმოქმედო საქმიანობას, ცნობილია, რომ სამშობლოსთვის ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდა...

- ცალკე აღნიშვნის ღირსია აკაკი ხოშტარიას ქველმოქმედება და მეცენატობა. მისთვის სამშობლოზე ზრუნვა უმთავრესი და უპირველესი მიზანი იყო. ქველმოქმედებისთვის ხელს არ უშლიდა ის გარემოება, თუ სად ცხოვრობდა - მშობლიურ საქართველოში, ევროპასა თუ აღმოსავლეთის ქვეყნებში.

მას სწამდა, რომ ამ სოფელში ყველაფერი ამაოა, ყოველივე კვდება გარდა კეთილისა, სიმშვიდისა, ძმათა სიყვარულის... დროს ყველაფერი მიაქვს, არ კვდება მხოლოდ კეთილ საქმეთა ხსენება. ხოშტარია ნამდვილ მამობრივ მზრუნველობას უწევდა ქართველ ახალგაზრდებს, ვისაც განათლების მიღების სურვილი ჰქონდა, მაგრამ საამისოდ ეკონომიკური საშუალება არ გააჩნდა. ბერლინისა და პარიზის უნივერსიტეტებში მის პირად ხარჯზე სწავლობდნენ ქართველი სტუდენტები, რომელთაგანაც ბევრი მოგვიანებით ცნობილი მეცნიერი გახდა.

ხოშტარიას დაფინანსებითა და უშუალო ხელმძღვანელობით გაშენდა ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი, მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი, ახალი ათონის ცენტრალური პარკი...

ქველმოქმედმა საფრანგეთში, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და პრესტიჟულ გალერეაში - "გალერი როზენბერგში", სადაც მხოლოდ ისეთ ცნობილ და მოდურ მხატვრებს ჰქონდათ საშუალება გამოეფინათ ტილოები, როგორებიც იყვნენ: პიკასო, მატისი, დერენი, ბრაკი და სხვები, შეიძინა ჩვენი სასიქადულო მხატვრის - ლადო გუდიაშვილისა და ანდრე ლოტის სურათები და საჩუქრად გამოუგზავნა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს. მანვე საქართველოში ახლად შექმნილ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ბაქოდან გამოუგზავნა 8 ათასი მანეთი შემოწირულობა.

ამასთან, ხოშტარიამ ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით, თავისი ხარჯებით გაიყვანა რკინიგზა ფოთსა და აბაშას შორის. სამშობლოსთან კავშირი არც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გაუწყვეტია. 20-იან წლებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას აკლდა პური, ხოშტარია თავის ფულით ირანში ყიდულობდა პურს, აგზავნიდა ბაქოში და საქართველოში ეს პური შემოდიოდა "ხოშტარიას პურის" სახელით.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 1922 წლის გენუის კონფერენციის საბჭოთა დელეგაციის წარმომადგენლები მან დააფინანსა და გამოაწყო მთლიან ანტურაჟში. იგი პირადად იცნობდა ჩერჩილს, რუზველტს, ჰქონია მათთან შეხვედრები თეირანში შაჰის კარზე.

- ცნობილია ისიც, რომ მან შეიძინა და გადასცა ქართველ ხალხს კიდევ ერთი ცნობილი ქართველი მეცენატის, დავით სარაჯიშვილის სახლი თბილისში...

- ოჯახური გადმოცემებითა და საარქივო მასალებზე დაყრდნობით ჩვენთვის ცნობილია, რომ 1914 წელს თბილისელმა ქართველობამ სპარსეთში მყოფ აკაკი ხოშტარიას შეატყობინეს რომ საჯარო აუქციონზე უნდა გაყიდულიყო ცნობილი ქართველი კაპიტალისტისა და საზოგადო მოღვაწის დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი სერგიევის (ამჟამად მაჩაბლის) ქუჩაზე და სთხოვეს შეეძინა იგი.

ნიკო ნიკოლაძე, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია

აღნიშნული შენობა აგებულია სარაჯიშვილის მიერ 1902 წელს. დავითის გარდაცვალების (1911 წ) შემდეგ მისი საქმის მწარმოებლად ითვლებოდნენ მეუღლე, ეკატერინე ფორაქაშვილი და მისი ძმა ადამ ფორაქაშვილი. აღნიშნული შენობა დავითის ანდერძის მიხედვით, უსასყიდლოდ უნდა გადაცემოდა, ქალაქის თვითმართველობას, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჯერ კიდევ ეკატერინეს სიცოცხლეშივე აღნიშნული სახლი საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით თბილისელ ქართველებს სურდათ, რომ აღნიშნული შენობა, რომელიც თავისი ისტორიითა და არქიტექტურული მნიშვნელობით დიდ ფასეულობას წარმოადგენდა, არ შეეძინა სხვა ეროვნების წარმომადგენელს.

მართლაც, ამავე წელს აკაკი ხოშტარია ჩამოვიდა თბილისში და შეისყიდა ეს სახლი, შეუდგა მის რესტავრაციას და ხელახალ გადაკეთებას. იტალიიდან და გერმანიიდან ჩამოიყვანა მხატვრები, რესტავრატორები და მთელი 4 წლის მანძილზე მათ მთლიანად მოხატეს და გადააკეთეს მთელი სასახლე. აკაკიმ მოაწყო სასახლეში საზაფხულო და ზამთრის ბაღები, ვენეციიდან ჩამოატანინა ლომების და სხვა ცხოველების ფიგურები, სპარსეთიდან უნიკალური ხალიჩები, მრავალი ანტიკვარული ნივთი...

აკაკი ხოშტარიას ოჯახი აბაშაში

1919 წელს ახალ სასახლეში მან გამართა დიდი ბანკეტი, სადაც თავი მოუყარა ცნობილ ქართველებს. მოგვიანებით, როდესაც დადგა ა. ხოშტარიას საფრანგეთში გამგზავრების საკითხი, მისმა ახლო ნათესავმა პოეტმა დუტუ მეგრელმა (ხოშტარია) მისი პირადი სურვილითა და თანხმობით მიმართა მწერალთა კავშირის მაშინდელ თავჯდომარეს პაოლო იაშვილს, გადასცა ბატონი აკაკის სურვილი, რომ იგი თავის სასახლეს, იქ დაცული უძრავ-მოძრავი ქონებით და ძვირფასი ანტიკვარული ნივთებით მთლიანად უსასყიდლოდ, საჩუქრად უტოვებდა ქართველ მწერლებს, რათა იქ მოწყობილი იქნეს ხელოვანთა სასახლე. ეს მართლაც ასე მოხდა..."

ეს გენიალური ქართველი 1932 წელს, სრულიად ახალგაზრდა - 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. აკაკი ხოშტარია დაკრძალულია პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. მისი მეუღლე, მინადორა ხოშტარია დაკრძალულია თეირანის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე. მინადორას აკლდამა, რომელიც აკაკი ხოშტარიამ ააგებინა, ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ტერიტორიაზე.

ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი", მფლობელები: ლევან ურუშაძე, ქეთა მამულაშვილი, პაატა ქურდოვანიძე