ავტორი:

საშიში ხეობები თბილისში - ადგილები დედაქალაქში, რომლებსაც ძლიერი წყალმოვარდნების დროს ნგრევა ემუქრება

საშიში ხეობები თბილისში - ადგილები დედაქალაქში, რომლებსაც ძლიერი წყალმოვარდნების დროს ნგრევა ემუქრება

თბილისის საზღვრებში მტკვრის შენაკადებს პერიოდულად წყალმოვარდნები ახასიათებს, რასაც არაერთხელ მოუტანია დედაქალაქისთვის დამანგრეველი შედეგები. გეოლოგებისა და ჰიდროლოგების მტკიცებით, 2015 წლის 13 ივნისის მსგავსი მოვლენების განმეორების რეალური საშიშროება კვლავ არსებობს. სპეციალისტების თქმით, კატასტროფული წყალმოვარდნების საფრთხის წინაშეა დედაქალაქის სხვა ხევებიც.

თბილისში მტკვრის შენაკადებზე მომხდარი ძლიერი წყალმოვარდნების შესახებ ისტორია მრავლად ინახავს ფაქტებს. წავკისის წყალზე 1902 და 1955 წლებში მომხდარმა წყალმოვარდნებმა მთლიანად გაანადგურა მდინარის შესართავთან მდებარე აბანოების უბანი. 1955 წლის წყალმოვარდნამ კი 100-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ადიდებულ მდინარე ვერეს 1924 წელსაც მოჰყვა მსხვერპლი. ძლიერმა წვიმამ აადიდა ღელეები, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა - სოფლიდან ჩამოსული გლეხები, რომლებიც ურმებით ღამის გასათევად იყვნენ დაბანაკებულნი, მოულოდნელად ღელედან მოვარდნილმა ნიაღვარმა ხარ-ურმებიანად გაიტაცა და მტკვარში ჩაიტანა.

ამავე მდინარეზე 1963 წელს მომხდარმა წყალმოვარდნამ თბილისის ზოოლოგიური პარკის დიდი ნაწილი გაანადგურა. თბილისისათვის ასევე კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდა 1940 წლის 10 მაისს მტკვრის რამდენიმე შენაკადზე ერთდროულად მოსული ძლიერი წყალმოვარდნა. წყალმოვარდნებმა ორ ათეულზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

კატასტროფული წყალმოვარდნების საფრთხე თბილისში

არსამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის 2018 წლის კვლევაში - "კატასტროფული წყალმოვარდნების საფრთხე თბილისში" წარმოდგენილია მტკვრის ის შენაკადები, რომლებიც საფრთხისმატარებელია. თბილისის საზღვრებში მტკვარს რამდენიმე მდინარე უერთდება: კრწანისის წყალი, ლეღვთახევი, ვერე, დიღმისწყალი, გლდანისხევი, ხევძმარი, ორხევი და ა.შ. ამასთან, ქალაქში ათეულობით მშრალი ხევია, რომლებშიც წყალი მხოლოდ გადაუღებელი წვიმების დროს მოედინება.

CENN-ის კვლევაში ნათქვამია, რომ ადამიანის მოქმედებებმა, მათ შორის - მდინარის შენაკადების აუზებთან ტყეების გაჩეხვამ, კალაპოტისპირა ტერიტორიებზე ინტენსიურმა მშენებლობებმა და სხვა ფაქტორებმა, გაახშირა ძლიერი ნიაღვრების გადმოვარდნისა და გვირაბების შესასვლელებთან მდინარეების შეტბორვის შემთხვევები.

გეოლოგი ჭიჭიკო ჯანელიძე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა სახის ხელოვნური ჩარევების გამო, დღესღეობით თბილისში არსებულ არაერთ მდინარეზე უეცარი წყალმოვარდნების რეალური საფრთხე არსებობს, რამაც, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოიტანოს. გაგაცნობთ მდინარე მტკვრის იმ შენაკადების შესახებ ინფორმაციას, რომელიც CENN-ის კვლევის მიხედვით განსაკუთრებით საფრთხისშემცველია.

მდინარე წავკისისხევი

იგივე ლეღვთახევი, სამარხიხევი - მტკვრის მარჯვენა შენაკადია. სათავე აქვს უძოს მთაზე ზღ. დონიდან 1,200მ სიმაღლეზე, შესართავი - 385 მ-ზე, სიგრძე - 9 კმ. ახასიათებს ძლიერი წყალმოვარდნები.

მდინარის შესართავის მიმდებარე ტერიტორია ინტენსიურად არის ათვისებული სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებითა და ქუჩების სავალი ნაწილით, რომელთა ქვეშ მოწყობილია 130 მ სიგრძის წყალქვეშა გვირაბი. CENN-ის კვლევაში ამ მდინარის შესახებ ვკითხულობთ:

"ძნელია მტკიცება, თავისუფლად გაატარებს თუ არა ეს გვირაბი ისეთი მოცულობის ხარჯს, როგორსაც ადგილი ჰქონდა ამ მდინარეზე 1955 წლის წყალმოვარდნის დროს. ამიტომ ძლიერი წყალმოვარდნების შემთხვევაში გვირაბისთავზე განლაგებული ნაგებობები კვლავ დაზიანებისა და ნგრევის რისკის ქვეშაა".

მდინარე კრწანისისხევი

იგივე დუქნისხევი, ტაბახმელასხევი - მტკვრის მარჯვენა შენაკადია. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდ.-აღმოს. ფერდობზე მდებარე ტაბახმელის გორაკბორცვიან ვაკეზე, ზღვის დონიდან 1,025-1,030 მ სიმაღლეზე. სიგრძე - 8.5 კმ.

შუა და ზემო წელში კრწანისისხევი გაედინება კანიონისებურ ხეობაში, ხოლო ქვემოწელში - თბილისის განაშენიანებულ ნაწილში, კრწანისში. ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მტკვართან შეერთებამდე კრწანისისხევი დაახლოებით 0.5 კმ სიგრძის მიწისქვეშა გვირაბში გადის. გვირაბის თავსა და მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულია ავტოსადგური, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მდინარის ხეობის გასწვრივ კრწანისისხევის ბუნებრივი ჰიდროდინამიკა დარღვეულია, რადგან მის კალაპოტში და მიმდებარე ჭალის ზედაპირზე სხვადასხვა ნაგებობებია აშენებული. მდინარის კალაპოტი ბეტონის კედლებით არის დავიწროებული და მოწყობილია წყალგამტარი გვირაბები, მათ თავზე დაშენებულია საცხოვრებელი სახლები და ნაგებობები. ამის გამო მდინარის წყალგამტარუნარიანობა შეზღუდულია.

აქედან გამომდინარე, ჰიდროლოგები და გეოლოგები შიშობენ, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე, ძლიერი წყალმოვარდნების დროს ეს შენობა-ნაგებობები დაინგრეს და განადგურდეს. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ მდინარეზე საშუალო სიძლიერის წყალმოვარდნების დროსაც კი იქმნება მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანებისა და სრული ნგრევის საშიშროება.

მდინარე ავანაანთხევი

იგივე სოლალაკისწყალი - მტკვრის მარჯვენა მცირეწყლიანი შენაკადია. სათავე აქვს მთაწმინდის მთის ფერდობებზე.

ეს მდინარეც მიწისქვეშა გვირაბშია მოქცეული. მდინარის გვირაბი იწყება მთაწმინდის მთის ფერდობის ძირთან, ბოლო - აღმართის ქუჩის თავში და გადის ამაღლების, ლერმონტოვის, ლეონიძის ქუჩების, თავისუფლების მოედნის, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩების ქვეშ მდებარე გვირაბში. გვირაბის შესასვლელი ჭონქაძისა და მაყაშვილის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე მდებარეობს. აქედან ავანაანთხევი გვირაბში გავლით გადაკვეთს რუსთაველის გამზირს (რუსთაველის ძეგლთან) და ჯავახიშვილის ქუჩის სავალ ნაწილს და უერთდება მტკვარს.

ავანაანთხევის გვირაბის შესასვლელი სანახევროდ არის ამოქოლილი სხვადასხვა სახის ნარჩენებით, რის გამოც, როგორც კვლევაშია ნათქვამი, მან შეიძლება შეუფერხებლად ვერ გაატაროს თავსხმა წვიმების დროს წარმოქმნილი ნიაღვარი და დაიტბოროს ზემოთ აღნიშნული ქუჩების გვირაბის შესასვლელთან მიმდებარე ტერიტორიები.

მდინარე დიღმისწყალი

იგივე დიღმულა - მტკვრის მარჯვენა მუდმივი ჩამონადენის მქონე შენაკადია. სათავე აქვს საწკეპელას ქედის აღმოსავლეთ კალთებზე ზღვის დონიდან 1,400 მ სიმაღლეზე. შესართავი შ. შალიკაშვილის (ყოფილი დიდუბის) ხიდთან. მდინარის სიგრძე – 22 კმ.

მდ. დიღმისწყალი მარშალ გელოვანის გამზირის გასწვრივ მიედინება. დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში დიღმისწყლის ხეობის ძირი საინჟინრო და გეოეკოლოგიური მოთხოვნების იგნორირებითაა ათვისებული.

უშუალოდ მდინარის კალაპოტში და მიმდებარე ჭალის მცირე ფართობიან ზედაპირებზეა დაშენებული საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები. გარემოსდამცველების მოსაზრებით, მდინარის კალაპოტი ხელოვნურად არის დავიწროებული და მისი წყალგამტარუნარიანობა ძლიერ შეზღუდულია, რის გამოც მდინარეზე ძლიერი წყალმოვარდნის შემთხვევაში, არსებობს საშიშროება მის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე განლაგებული შენობა-ნაგებობები დაზიანდეს ან დაინგრეს.

მდინარე გლდანისწყალი

იგივე გლდანისხევი, გლდანულა, ზემოწელში - ლელუბნისწყალი - მუდმივი ჩამონადენის მქონე მტკვრის მარცხენა შენაკადია. მდინარეს ახასიათებს პერიოდული ძლიერი წყალმოვარდნები. თბილისის განაშენიანებულ ნაწილში გლდანისწყლის ხეობის სიგრძე დაახ. 3 კმ-ს უდრის.

ხეობის ამ მონაკვეთზე მდინარის კალაპოტი და მის გასწვრივ მდებარე მცირეფართობიანი ჭალის ზედაპირები თითქმის მთლიანად არის ათვისებული მიჯრით განლაგებული საცხოვრებელი და საზოგადო დანიშნულების შენობა-ნაგებობებით.

მდინარის კალაპოტი ალაგ-ალაგ ხელოვნურად არის შევიწროებული ნაპირდამცავი ბეტონის კედლებით. ქალაქის საზღვრებში გლდანისწყლის ხეობის ძირი ნარჩენების განთავსების მიზნით გამოიყენება. ამის გამო მდინარის კალაპოტის ბუნებრივი წყალგამტარუნარიანობა შეზღუდულია. შედეგად ძლიერი წყალმოვარდნების დროს, წყლის დონე კალაპოტში სწრაფად იწევს მაღლა, რის გამოც დიდია კალაპოტისპირა ტერიტორიების დატბორვის რისკი.

მდინარე ხევძმარი

მტკვრის მარცხენა, მუდმივი ჩამონადენის მქონე, მცირეწყლიანი შენაკადი. მტკვარს უერთდება ავჭალაში, მდინარის სიგრძე 13 კმ-ია.

ხევძმარი თავისი აუზის შუა ნაწილში გლდანის დასახლებული მასივის I, III, V, VII მიკრორაიონების გასწვრივ ღია კალაპოტში გაედინება და ამ მიკრორაიონებს მუხიანის დასახლებული მასივისაგან გამოყოფს. მდინარის ხეობის ძირის ასეთი ადგილები საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებით ხშირად ბინძურდებოდა.

გლდანის მეტროსადგურიდან ხევძმარის ხეობის აღმა, 1 კმ დაშორებით ხევძმარი შედის მიწისქვეშა გვირაბში და მასში შესართავამდე გაედინება დაახლოებით 2.5 კმ მანძილზე - გობრონიძის, შეშელიძის, სარაჯიშვილის, წყალსადენისა და ფეიქართაქუჩების სავალი ნაწილის ქვეშ. გვირაბის ბოლოდან ხევძმარი მტკვართან შეერთებამდე საყოფაცხოვრებო და სამშენებლო-სამრეწველო ნარჩენების წარმოქმნილ გროვებს შორის გაედინება.

კუკიისხევი

იგივე დიდხევი, არსენალის ხევი - მტკვრის მარცხენა მცირეწყლიანი შენაკადია. მტკვარს ერთვის ზაარბრიუკენის (ყოფილი ვორონცოვის) ხიდთან. მდინარის კალაპოტი ზოგიერთ ადგილას ჩაკეტილია ნარჩენების გროვებით, რაც წყლის შეტბორვასა და ხევის დაჭაობებას იწვევს.

კუკიისხევის ღია მონაკვეთი მთავრდება რკინიგზის ხაზთან (გ. გედევანიშვილის ქუჩა). აქ მდინარე შედის მიწისქვეშა გვირაბში და ჩაისუბნის, პ. ბუხაიძის, წმ. ნიკოლოზის ქუჩებისა და დიდხევის დაღმართის ქვეშ გავლით უერთდება მტკვარს.

მდინარე ჩუღურეთისხევი

იგივე ავლაბრისხევი - მტკვრის მარცხენა, მცირეწყლიანი შენაკადია. გაედინება თბილისის ძველ უბნებს – ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის. ამჟამად მდინარე თითქმის მთლიანად მიწისქვეშა გვირაბშია მოქცეული.

ხევის სათავის რაიონიდან გვირაბი გადის ე.წ. სამხედრო დასახლების გვერდით, შემდეგ მუჯირიშვილის, ფშავის, ბუხაიძის, ახვლედიანისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით უერთდება მტკვარს. როგორც ცნობილია, მილები და კოლექტორები დაზიანებულია, ფეკალური წყლები ფშავის ქუჩის სავალ ნაწილზე იღვრება, რაც ანტისანიტარიულ პირობებს უქმნის აქ მცხოვრებთ.

AMBEBI.GE დაუკავშირდა გარემოს ეროვნულ სააგენტოს, რათა გაერკვია, რა ინფორმაციას ფლობს ამ საფრთხეებთან დაკავშირებით სახელმწიფო და აქვს თუ არა საპრევენციო ღონისძიებების გეგმა. უწყებისგან ასეთი კომენტარი მივიღეთ:

"გარემოს ეროვნული სააგენტოს დარგობრივი სპეციალიტები თბილისის მასშტაბით ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგს სისტემატიურად ახორცილებენ. მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მუშავდება რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, რომელიც ოპერატიულად გადაეცემა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

ამასათანავე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს სამუშაოები თბილისის ტერიტორიაზე გეოლოგიური საფრთხეების (მწეყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა) ზონირების რუკის მომზადების კუთხით და შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშის პროცესების მონაცემთა ბაზების შედგენა-გაზიარება.

2015 წლის ვერეს ხეობაში განვითარებულმა კატასტროფულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ თბილისის ტერიტორიაზე სტიქური პროცესების ფორმირება არ არის მარტივი და ერთგვაროვანი. მათი ფორმირება, განსაკუთრებით ღვარცოფების, მიმდინარეობს მაპროვოცირებელი ფაქტორების (თავსხმა წვიმები, წყალმოვარდნების, მეწყრულ-გრავიტაციული და ეროზიულ-დენუდაციური) თანხვედრით.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს გააჩნია სამოქმედო გეგმა რომლებიც უზრუნველყოფენ რისკების მაქსიმალურ შემცირებას. კერძოდ, წყალდიდობა-წყალმოვარდნებით და ღვარცოფებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილების მისაღწევად მნიშვნელობა აქვს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემის არსებობას და სხვადასხვა სახის პრევენცული ღონისძიებების გატარებას.

ამავდროულად, მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მეტეოროლოგიურ რადარების მონაცემებზე ოპერატიული წვდომა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავსხმა ნალექების და მათგან გამოწვეული წყალმოვარდნების პროგნოზირების ხარისხი" - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოსა და იტალიის მთავრობებს შორის, ხელი მოეწერა საგრანტო პროექტს, რომლის ფარგლებში შესწავლილი იქნება თბილისში არსებული ყველა მდინარე და ხევები ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების შეფასების მიზნით.

ფოტოები: CENN

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

ამირან გამყრელიძე ხვალ "სინოფარმის" ვაქცინით აიცრება

ბათუმში კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა - რა გართულებებზე საუბრობენ ექიმები