ავტორი:

"თბილისი პრაიდი" და მისი მოწინააღმდეგეები - რას ამბობენ მხარეები

"თბილისი პრაიდი" და მისი მოწინააღმდეგეები - რას ამბობენ მხარეები

17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაზე უარი უთხრა. შსს მიზეზად უსაფრთხოების რისკებს ასახელებს, თუმცა ამის მიუხედავად, ორგანიზატორებმა 18 ივნისს განცხადება გაავრცელეს, რომ „თბილისი პრაიდი“ ჩატარდება.

დღეს „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა მონახოს თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის ფორმები, რაც თითოეული მოქალაქისთვის სასარგებლოც იქნება და უსაფრთხოც.

"ჩვენ თვეების განმავლობაში ვგეგმავდით, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან, აქტორებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყონ ამ პროცესში. ბოლო დღეებში, მრავალსაათიანი მუშაობის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: უსაფრთხოების რა ზომების გათვალისწინებაც არის შესაძლებელი ორგანიზატორების მხრიდან არის გათვალისწინებული. მიმდინარე მომენტში მიდის დაძაბული მუშაობა, ათეულობით ადამიანია ჩართული იმისთვის, რომ ყველა ღონისძიებამ ჩაიაროს მშვიდად.

პროცესში ჩართულები არიან როგორც მაღალჩინოსნები ასევე სამართალდამცველებიც და იმედი მაქვს, ეს მუშაობა იქნება ეფექტური. რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს და ამ რისკების აცილებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. ჩვენ, თითოეულ ადამიანს, ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას ვეტყვით, რომ რიკსები არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის" - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

"თბილისი პრაიდის" კიდევ ერთი ორგანიზატორი მარიამ კვარაცხელია აღნიშნავს რომ, თითოეულ ადამიანს, ვინც ღირსების მარშზე გამოვა, ექნება სრული ინფორმაცია არსებული რისკების შესახებ.

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ იქნება რთული და გარკვეულწილად შეუძლებელიც ასეთი ღონისძიებების დაცვა, რადგან არის მაღალი რისკები, თუმცა ჩვენ ვაანალიზებთ ამ რისკებს და თითოეულ ადამიანს, ვინც გამოვა მარშზე, ექნება სრული ინფორმაცია არსებული რისკების შესახებ და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით გამოვა და გააპროტესტებს მოვლენებს", - აღნიშნა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია ღირსების მარშის ჩატარება, რადგან საქმე ეხება როგორც ლგბტ თემის უფლებებს, ისე ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და სახელმწიფოებრიობას.

„თბილისი პრაიდი აგრძელებს თითოეული ღონისძიების ორგანიზებას. მათ შორის, ღირსების მარშის. ეს აქტივობა არ გაუქმებულა. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით ღონისძიებისთვის. განსაკუთრებით ბოლო დღეების ფონზე, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გასვლა ქუჩაში და საზოგადოებრივი პროტესტი სახელწიფოს იმ უმოქმედო პოლიტიკის მიმართ, რაც აქვს ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ.

ვხედავთ, რომ ფაშისტური ძალადობრივი ჯგუფები არიან გაძლიერებულები და სახელმწიფოს არანაირი კონკრეტული გეგმა პრევენციისთვის არ გააჩნია. ეს საკითხები გასცდა უკვე მხოლოდ ლესბოსელი, გეების, ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს. უფრო მასშატაბურ რაღაცებზე ვსაუბრობთ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში არსებული დემოკრატია, სახელმწიფოებრიობა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ლგბტ თემის მხარდასაჭერად როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისე საერთაშორისო საზოგადოების, ასევე საელჩოების", - განაცხადა კვარაცხელიამ.

რაც შეეხება "თბილისი პრაიდი" მოწინააღმდეგეებს, დღეს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ "კომბლები შეაწყონ სხვენში":

„მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში. როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლების და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ შეგვდგებოდა წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რადგან შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, აი, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს: კომბლები სხვენში! ჩამოვიღოთ მაშინ, როდესაც მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგიტარებთ“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვიდეო-მიმართვაში ვასაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ თემი მაინც შეეცდება პრაიდის ჩატარებას, ის და მისი მხარდამჭერები შიშველი ხელებით შეეცდებიან მათთვის ხელის შეშლას.

„დაკითხვებზე გვითხრეს, რომ არაკანონიერი ფორმირება და რაღაცებს რომ გვაბრალებენ - ეს რომ არ იყოს, თქვენ შეეშვით ათისთავებს, ასისთავებს და თვითორგანიზებასო. მე არ მესმის, რად გინდათ ეს იმიტომ, რომ რაც უფრო ორგანიზებულები მოვალთ ჩვენ იქ, მით უფრო კარგად დავიცავთ წესრიგს, რათა ეს უბედურები არავინ გახლიჩოს შუაზე და უბრალოდ გავათრიოთ იქიდან.

ჩვენ მოძრაობა შევქმენით იმისთვის, რომ დაგხმარებოდით წესრიგის შექმნაში, მაგრამ მე ძალიან დიდხანს ვიფიქრე, თითქმის არ მძინებია გასულ ღამესაც, სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ჩვენს ძმებს ვეუბნები, რომ მოდით წავიდეთ ამ ხიფათზე, ვენდოთ ჩვენს სახელმწიფოს, მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ დავშალოთ ნებისმიერი კორდონი და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან. თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და მათ ჩაატარებინებთ პრაიდს, მერე თქვენს თავს დააბრალეთ. მერე ვეღარავინ გააკონტროლებს ამ ქალაქში რა მოხდება" - განაცხადა ვასაძემ.

ლევან ვასაძის თანამოაზრემ და პოლიტიკური გაერთიანება "ქართული იდეის" თავმჯდომარემ, ლევან ჩაჩუამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმის შესახებ, რომ "თბილისი პრაიდის" ჩატარებას არ დაუშვებენ:

"თბილისი პრაიდს“ ყველანაირად ხელს შევუშლით და არ ჩავატარებინებთ, რაც არ უნდა იბაქიბუქონ და ვინც არ უნდა დაუდგეთ უკან. მინდა, პირდაპირ მოვუწოდო იმ საელჩოს წარმომადგენლებსა და უცხოურ მისიებს, ვინც აქეზებს ქართულ სახელმწიფოს იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს ქართულ საზოგადოებას, რომ მათი ეს ძალადობა ქართველ ერზე განაპირობებს ანტიდასავლური განწყობების შექმნას საზოგადოებაში, ეს ხალხი პირდაპირ ეწევა დასავლური კურსის დისკრედიტაციას.

საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც კადნიერდებიან და ჩვენს იერარქებს იბარებენ საელჩოში, ხვდება რამდენიმე ელჩი და პასუხს სთხოვენ იმის გამო, რომ როგორ გააკეთა საპატრიარქომ ასეთი განცხადება. ჯერ ერთი, საპატრიარქოს რა უფლება აქვს, სხვა განცხადება გააკეთოს, როცა საკითხი ერის მომავალ განვითარებასა და მის სულიერებას ეხება? საკმაოდ სწორი და პრინციპული პასუხი მიიღეს ელჩებმა და მე არა მგონია, ამის შემდეგ გაკადნიერდნენ. ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საელჩოებს, მერე თქვენ, ჟურნალისტებს, ვინც არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებთ, და მერე - სახელმწიფოს.

ასევე, გაბედავს ივანიშვილი და დაუპირისპირდება ფიზიკურად ქართველებს? მიიღებს ადეკვატურ პასუხს - გადაყვებიან ძალიან ცუდად ამ საქმეს, რადგან ეს საკუთარ ერზე ძალადობაა“, - აღნიშნა ჩაჩუამ.

"ღირსების მარშის" და მის მოწინააღმდეგეთა მიერ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ისაუბრა დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

"ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, ოღონდ ეს გამოხატვა უნდა იყოს მშვიდობიანი და გამოხატვა არ არის, თუკი მისი მიზანია დაარბიონ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი უფლებები შეზღუდონ. ეს არის კრიმინალი და იმედია, კრიმინალს შსს გასცემს შესაბამის - ადეკვატურ პასუხს",- განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ომბუდსმენი "ღირსების მარშზე" , ნინო ლომჯარიას თქმით, ის იქნება ყველგან, სადაც გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება.

"მე ვიქნები ყველგან, სადაც შეექმნება საფრთხე ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. ჩემთვის ცნობილი არ არის, სად და რა ფორმით იმართება ეს ღონისძიება, მაგრამ ვიქნები ყველგან, სადაც საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვა" - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ამასთან, გუშინ განცხადება გაავრცელა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა და განმარტა, რომ მათ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა აცნობეს, რომ მათ სიკვდილით ემუქრებიან:

„ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები იძლევა საჯარო თავშეყრის ადგილებში მშვიდობიანი შეკრების გარანტიას სექსუალურ ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე. საქართველოს ოფიციალურ პირებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან თბილისი პრაიდის მსვლელობა თავდასხმებისგან.

Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რათა საჯაროდ გამოხატოს თბილისი პრაიდის მსვლელობის მიმართ მხარდაჭერა, ეფექტურად გამოიძიონ ზემოთ მოყვანილი მუქარები და თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღონ ძალადობისგან თავის დასაცავად რეალური და ეფექტური ზომები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, სადაც ლგბტ პრაიდის მონაწილეთა მიმართ აგრესიის შემცველ განცხადებებს ემიჯნება:

„ბოლო დროს ე.წ. LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან. პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება,“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

"გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია თავზე დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა" - "თბილისი პრაიდის" აქტივისტი

"დედაენის ბაღში" ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია" - რა ინფორმაციას ავრცელებს "თბილისი პრაიდი"

"დაბეჯითებით გთხოვთ არ გახვიდეთ ღია სივრცეში! ქალაქები საჰაერო დარტყმის ქვეშაა" - საქართველოს საელჩო ისრაელში მორიგ გაფრთხილებას ავრცელებს