ავტორი:

"არაუშავს, საღამოს "მიმინოს" ჩაუსხედით და მოეშვებით" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია გავრილოვის საქართველოში ვიზიტს

"არაუშავს, საღამოს "მიმინოს" ჩაუსხედით და მოეშვებით" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია გავრილოვის საქართველოში ვიზიტს

რუსეთის დუმის დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას, რომელიც დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლურ ასამბლეას უძღვებოდა, ქართული საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

გავრილოვის საქართველოში ვიზიტს თვალს ადევნებდა როგორც რუსული, ასევე სამხრეთ კავკასიის მედია და საზოგადოებაც.

"რუსეთის დეპუტატმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში იჯდა, ადგილობრივი პოლიტიკოსები "გაანადგურა"", - წერს ВЗГЛЯД.ru-ს კორესპოდენტი, რომლის თქმითაც, გავრილოვის სიტყვებმა ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

მისი თქმით, "ის თბილისში აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს თავს". არადა, 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.

გამოცემის ადგილობრივი კორესპონდენტის თქმით, ვერც წარმოუდგენია, ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს, რაც საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის ნახვას მოჰყვა.

ria.ru-ს სერგეი გავრილოვმა განუცხადა: პარლამენტში ჩატარდა ექსტრემისტული აქცია ანგარიშსწორების მუქარით, რუსეთის პრეზიდენტის და დელეგაციების დისკრედიტაციის მცდელობით. ისინი მოითხოვდნენ ჩემს გადაცემას, თითქოს მე ვმონაწილეობდი კონფლიქტში აფხაზეთში. მე განვაცხადე, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა არანაირ სამხედრო კონფლიქტში, არც აფხაზეთში, არც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეუძლიათ, რადგან მუქარა იყო სხვადასხვა ქვეყნიდან ყველა დელეგატის მიმართ. ყველა დელეგაციამ დავტოვეთ სხდომათა დარბაზი. კოლეგებმა ჩვენ მხარი დაგვიჭირეს - რომ რუსეთის გარეშე არ შეიძლება სხდომის ჩატარება. მე, როგორც ამ ასამბლეის პრეზიდენტი, ჩავატარებ ამ სხდომას, რადგან ის დანიშნული იყო და ბევრი ქართველი დეპუტატი ჩვენ მხარს გვიჭერს".

სერგეი გავრილოვის განცხადებით, რუსი პარლამენტარების საქართველოში ჩასვლის წინ გავრცელდა "ფეიკნიუსი" იმის თაობაზე, რომ ის აფხაზეთში და დნესტრისპირეთის ომების მონაწილეა. სერგეი გავრილოვმა ეს ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ არასდროს მიუღია მონაწილეობა რაიმე სამხედრო კონფლიქტში. გავრილოვმა ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთს და საქართველოს აერთიანებს ძმური მართლმადიდებლური კავშირი“. ამასთან ერთად რუსი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ახლა „ყველა მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ჩაშლის საფრთხის ქვეშ არის.

tass.ru-ს ცნობით, "რუსეთის დუმის დეპუტატს საქართველოს პარლამენტის დატოვება დაცვის თანხლებით მოუხდა". როგორც გამოცემა წერს: "გავრილოვი ირწმუნება, რომ მის შესახებ ცრუ ინფორმაციები იყო გავრცელებული, თითქოს ის აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს. მისივე თქმით, მას სურდა, საქართვლოსა და რუსეთს სხვა მიმართულებით გაეგრძელებინათ ურთიერთობა".

eadaily.com-ის ცნობით, რუს დეპუტატს საქართველოში არაკეთილგანწყობილად შეხვდნენ: "მათი თქმით, სერგეი გავრილოვი აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღდეგ იბრძოდა, გარდა ამისა, გავრილოვმა 2011 წელს აფაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმების მხარდასაჭერად ბევრი რამ გააკეთა. ამასთან, ის არის პუტინის იდეოლოგიური მოკავშირე და საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ აქვსო, - ამბობდნენ საპროტესტო აქციის წევრები".

"რუსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში სკანდალი გამოიწვია", - წერს აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az, რომლის ცნობითაც, გარდა იმისა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩავიდა, რატომღაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, რასაც პროტესტი მოჰყვა.

"საქართველოში რუსი დეპუტატის ასამბლეაში მონაწილეობის გამო შფოთავენ, - წერს eadaily.com. გამოცემის ცნობით, გავრილოვი, მისი გამოსვლიდან გარკვეული დროის შემდეგ, რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად პარლამენტის დარბაზიდან სწრაფად გაიყვანეს და შემდეგ დიდხანს ბჭობდნენ, როგორ გაერიდებინათ შექმნილ ვითარებას.

ქართული საზოგადოების რეაქციას რუსულ სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ერთი ნაწილის თქმით, გავრილოვი საქართველოში არც უნდა ჩასულიყო, სხვები მიიჩნევენ, რომ "მეზობელი საქართველო ყველაზე კარგად რუსეთთან ყოფნის დროს გრძნობდა თავს".

"არ იცი სად მიდიხარ? რატომ არის საქართველო შენი სამშობლო, შენმა ხელისუფლებამ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რომ წაართვა, ნარკომანების ბუდედ, სომეხი ნარკორეალიზატორების სამოთხედ აქცია, რას ელოდა გავრილოვი, საინტერესოა?! ახლახან ცოლს ოფიციალურად დაშორდა და, ეტყობა, გულის გადასაყოლებლად საქართველოში წავიდა", - წერს სოციალურ ქსელში ანდრეი გლუხინი.

"სულ ევროპაში დავდივარ და მხოლოდ ერთხელ ვნახე "ბორჯომი". გიჭირთ უჩვენოდ, ქართველებო და არ აღიარებთ".

"არა უშავს, საღამოს "მიმინოს" ჩაუსხედით და მოეშვებით" - წერს ტატიანა ლესტოჩკინა.

"არ უნდა ამ ხალხს ჩვენთან და კიდევ რამდენი უნდა ვაწვალოთ. კრიმინალურ აფხაზეთსა და ოსეთსაც კი დათმობენ, იმდენად არ უნდა ჩვენთან. იქნებ შევეშვათ", - მიაჩნია ოგელ ბუიდოვს.

ვინ არის გავრილოვი?

რუსული მედიის ცნობით, ანდრეი გავრილოვი 1966 წლის 27 იანარს ტულაში დაიბადა. 1989 წელს დაამთავრა მორკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1990-1992 წლებში იყო ქალაქ ტულას სახალხო დეპუტატი. სამჯერ ცდილობდა რუსეთის დუმაში მოხვედრას, თუმცა ეს მხოლოდ 2005 წელს შეძლო. წლების განმავლობაში მუშაობდა "რუსეთის თვითმფრინავთმშენებლობის კორპორაცია МиГ-ში, გენერალური დირექტორის მრჩევლად. აქვს ეკონომიკური საკითხებში მრჩევლად მუშაობის გამოცდილებაც. გარკვეული ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთის სახელმწიფოს დუმაში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებითაც. ბოლო წლებში რელიგიური ორგანიზაციების კუთხითაც გააქტიურდა, სადაც რელიგიური გაერთიანების საკითხებში საბჭოს მრჩეველი იყო.

ავსტრალიაში ხანძარმა ცა წითლად შეღება - ცეცხლი ძლიერდება, ხალხი თავის გადასარჩენად ზღვაში შედის

ჩერნობილის კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ, პრიპიატში პირველი ნაძვის ხე დადგეს - "1985-ში ნაძვის ხე წაიქცა... ადგილობრივებმა, ეს უბედურების ნიშნად მიიღეს"

ავღანეთში "თალიბების" ერთ-ერთი მეთაური მოკლეს