ავტორი:

ვინ არის ფრანცისკო დე გოიას სახელგანთქმულ ტილოზე გამოსახული თბილისელი მამლუქი

ვინ არის ფრანცისკო დე გოიას სახელგანთქმულ ტილოზე გამოსახული თბილისელი მამლუქი

"ესპანელთა რისხვა განსაკუთრებით იყო მიმართული მამლუქებზე და კალე დე ალკალას ქუჩაში ნამდვილი ხოცვა-ჟლეტვა გაიმართა. მამლუქები ქალაქიდან გაღწევას ცდილობდნენ, მაგრამ ყოველი კარ-ფანჯრიდან თუ კუთხიდან მათ თავს ესპანელები ესხმოდნენ" - სწორედ ეს მომენტია აღბეჭდილი ესპანელი მხატვრის ფრანცისკო დე გოიას სახელგანთქმულ ტილოზე "1808 წლის 2 მაისი მადრიდში", რომელიც "მამლუქთა იერიშის" სახელითაცაა ცნობილი და ესპანელების წინააღმდეგ მამლუქთა ერთი ნაწილის გააფთრებულ ბრძოლას ასახავს.

იქ იბრძოდა ქართველ მამლუქი ჟან შაჰინი, რომელზეც უფრო მეტ ცნობას ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე გვაწვდის:

- ეგვიპტელ მამლუქთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამხედრო კარიერა თბილისელ მამლუქს ჟან შაჰინს ჰქონდა, რომლის სახელი ათეული წლების განმავლობაში თავზეხელაღებულ სიმამაცესთან იყო გაიგივებული. შაჰინის განცხადებით, იგი 1776 წ. 14 ივლისს თბილისში დაიბადა და მოინათლა. სამწუხაროდ, უცნობია, თუ როგორ და რა ასაკში მოხვდა შაჰინი ეგვიპტეში. უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა მამლუქების მსგავსად, ის ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიტაცეს, ოსმალეთში გადაიყვანეს და მონად გაყიდეს. ეგვიპტის ქართველი მამლუქები (მათ შორის, მურად ბეი და იბრაჰიმ ბეი) აქტიურად ყიდულობდნენ ქართული წარმოშობის მონებს და შაჰინიც, ალბათ, ერთი იმათგანი იყო, ვინც რომელიმე ქართული წარმოშობის მამლუქი ბეის ამალაში აღმოჩნდა. ამ დროისათვის იგი უკვე გამუსლიმებული იქნებოდა და ახალ სახელსაც ატარებდა. სამწუხაროდ, შაჰინის თავდაპირველი სახელი და გვარი უცნობია.

1798 წლის 1 ივლისს ეგვიპტეში ფრანგები გადასხდნენ, ქალაქი ალექსანდრია დაიკავეს და შემდეგ კაიროსკენ დაიძრნენ. მტრის შემოჭრიდან ოთხი დღის თავზე (5 ივლისი) შაჰინმა ზურგი შეაქცია მამლუქებს და ფრანგებს შეუერთდა... მისდა საბედნიეროდ, 22 ივლისს ფრანგებმა კაიროს მიდამოებში მამლუქებზე ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმეს, ეგვიპტის დედაქალაქი დაიკავეს და ქვეყნის მართვა-გამგეობას შეუდგნენ. შაჰინი მალე დაწინაურდა ფრანგთა სამსახურში და 1799 წლის ნოემბერში მან უკვე უნტერ-ოფიცრის წოდება მიიღო. ეგვიპტიდან ნაპოლეონის გაქცევის შემდეგ, შაჰინმა მონაწილეობა მიიღო ოსმალების, მამლუქებისა და ბრიტანელების წინააღმდეგ ბრძოლაში და 1800 წლის 20 მარტს ჰელიოპოლისთან ბრძოლაში თავი გამოიჩინა. შაჰინს ცხოვრების ბოლომდე უჭირდა მარჯვენა ხელის გამოყენება. ბრძოლაში გამოჩენილმა მამაცობამ მას ლეიტენანტის წოდება მოუპოვა.

1801 წლის მიწურულს შაჰინი, სხვა ეგვიპტელ ლტოლვილებთან ერთად, საფრანგეთში ჩავიდა და მალე მამლუქთა ესკადრონში მეორე ლეიტენანტის წოდებით ჩაირიცხა. ამ ახლად დაარსებულ ქვედანაყოფში სხვადასხვა წარმოშობის მამლუქებს შორის უთანხმოება უკვე შეიმჩნეოდა, რაც ეგვიპტეში არსებულ ვითარებას ასახავდა. ესკადრონი თავდაპირველად კოპტებისა და სირიელების დაქვემდებარებაში მოექცა, რამაც ქართველ, სომეხ და ბერძენ მამლუქებს შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1802 წლის ივნისში შაჰინი იყო ერთ-ერთი იმ მამლუქი ოფიცრებიდან, რომლებმაც პირადად მიწერეს გენერალ რაპს და აუწყეს ესკადრონში არსებული ვითარება; ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ "წინამძღოლებს არ ესმოდათ ფრანგული სამხედრო საქმე". ამ მამლუქებმა უფროსობის გადაყენება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობებიდან გადადგომით იმუქრებოდნენ. მათი მოთხოვნები დააკმაყოფილეს და ახლად რეორგანიზებულ ესკადრონში კავკასიელმა მამლუქებმა მაღალი თანამდებობები დაიკავეს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში შაჰინი მამლუქთა ასეულში წარმატებით მსახურობდა. 1804 წლის 14 ივნისს იგი დაჯილდოვდა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი, საპატიო ლეგიონის ორდენით.

- რა მომენტია ასახული გოას ნახატზე?

- ტილოზე 1808 წლის 2 მაისის მადრიდია გადაღებული, რომელიც "მამლუქთა იერიშის" სახელითაცაა ცნობილი და მამლუქთა ერთი ნაწილის გააფთრებულ ბრძოლას ესპანელების წინააღმდეგ ასახავს. შაჰინი ამ ხოცვა-ჟლეტვის შუაგულში იყო და გზა მეამბოხე ესპანელთა შორის ხმლით გაიკაფა; ერთ მომენტში ესპანელები გენერალ პიერ დომენილს დაედევნენ, მოუკლეს ცხენი და თვით გენერალსაც მოუღებდნენ ბოლოს რომ არა შაჰინი, რომელიც გადაეღობა მათ და ხმლით განგმირა მეამბოხეები; შაჰინი რამდენჯერმე დაიჭრა, მათ შორის სახის არეში და თავში და ბრძოლის დასასრულს, სახეზე სისხლით დაფარული, ძლივს ხედავდა იქაურობას. განრისხებულმა მამლუქებმა სასტიკი შური იძიეს ესპანელებზე და ქალაქის ზოგიერთ ნაწილში, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ათეულობით ადამიანი ამოხოცეს; ყველაზე გახმაურებული ხოცვა-ჟლეტვა მოხდა კალე სან ჟერონიმოსთან, სადაც მამლუქებმა თავიანთი თანამებრძოლების დასახიჩრებული გვამები იპოვეს და საპასუხოდ, ახლომდებარე შენობებში მყოფი ყველა ადამიანი, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, გაჟლიტეს.

- როგორ დასრულდა შაჰინის საბრძოლო კარიერა?

- 1814 წლის გაზაფხულზე, პარიზში მოკავშირეების შესვლისა და ნაპოლეონის ტახტიდან გადადგომის შემდეგ, შაჰინის 15 წლიანი საბრძოლო კარიერა დასრულდა. ამ დროისათვის ის მთელ ფრანგულ ჯარში ერთ-ერთი ყველაზე ვაჟკაცი მეომრის სახელს ატარებდა, ხოლო მისი სახე და სხეული ორმოცზე მეტი ნაიარევით იყო დასერილი. ნაპოლეონის გადადგომის შემდეგ, შაჰინი დაბა მელუნში დასახლდა, სადაც მეუღლის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, ვინაიდან 1815 წლის მარტს ნაპოლეონი საფრანგეთში დაბრუნდა და ძალაუფლება კვლავ ხელში ჩაიგდო. ივნისში შაჰინი სამხედრო ასპარეზს დაუბრუნდა და თავისი ძველი ნაცნობის, გენერალ ლეფევრ-დენუეტის ადიუტანტი გახდა, თუმცა ამ თანამდებობაზე მან მხოლოდ ორი თვე გაატარა. ვატერლოოსთან ნაპოლეონის დამარცხება და ბურბონთა დინასტიის დაბრუნება შაჰინისათვის საბედისწერო აღმოჩნდა. 1815 წლის 1 აგვისტოს მან კვლავ დატოვა სამხედრო სამსახური.

მამაცი მამლუქი, რომელმაც საფრანგეთს თავისი სიცოცხლის საუკეთესო წლები შეალია, მელუნში მომჭირნედ ცხოვრობდა. 1818 წლის გაზაფხულზე ნაპოლეონის ყოფილი გენერლების ხელშეწყობით მან საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება მოახერხა. მოქალაქეობას მოჰყვა კაპიტნის წოდების (ესკადრონის შეფის რანგით) აღდგენა, რის შედეგად შაჰინს სამხედრო პენსია დაენიშნა.

მომდევნო ოცი წელი შაჰინმა მელუნში გაატარა, სადაც მეუღლესთან ერთად მშვიდად ცხოვრობდა. ქალაქში მამლუქთა მოზრდილი სათვისტომო არსებობდა, რომლის წევრთა შორის შაჰინის რამდენიმე თანამებრძოლიც იყო. 1830 წელს საფრანგეთის მეფემ შარლ X ბურბონმა ომი გამოუცხადა ალჟირის დეის და ჩრდილო აფრიკაში საექსპედიციო კორპუსი გაგზავნა. საექსპედიციო ძალებში მიიწვიეს მამლუქებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ფლობდნენ არაბულ ენას და ფრანგულ ჯარს ხელს უწყობდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობაში. მიწვეულ მამლუქთა შორის იყო 54 წლის შაჰინიც, რომელმაც 1830 წლის 25 მაისს დატოვა საფრანგეთის ნაპირი და მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის მიერ ალჟირის დაპყრობაში. იგი ერთი წლის განმავლობაში მეორე რანგის ფრანგულ გენერალურ შტაბში თარჯიმნის და მრჩევლის სტატუსით მსახურობდა.

შაჰინი ავადმყოფობის გამო, მალე დაემშვიდობა სამხედრო ასპარეზს და სახლში დაბრუნდა. ალჟირის ომის შემდეგ მან კიდევ რვა წელი იცოცხლა და 1838 წლის 12 მაისს მელუნში გარდაიცვალა. ის ქალაქის მუნიციპალურ სასაფლაოზე დაასაფლავეს, საიდანაც, მეუღლის მოთხოვნით, 1862 წელს გადაასვენეს ქალაქის ახალ სასაფლაოზე გადაასვენეს.