20 ივნისის ღამის აქციის დარბევის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა დაზიანებით 240 ადამიანი შეიყვანეს, მათ შორის 80 პოლიციელი. უმრავლეს შემთხვევაში დაშავებულებს აღენიშნებოდათ ტრავმა, დაჟეჟილობა და თვალის დაზიანებები. სამწუხაროდ, ორმა ადამიანმა შემთხვევის შედეგად თვალი დაკარგა. თუმცა 8 ახალგაზრდას, რომლებსაც თვალის არეში რეზინის ტყვიები მოხვდათ, ექიმებმა მხედველობა შეუნარჩუნეს. მათ შორის იყვნენ 21 წლის სტუდენტი, დათო ქურდოვანიძე და 24 წლის მსახიობი დემეტრე ნაყოფია. მათ შესახებ მედიაში არაერთხელ დაიწერა.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა 20-21 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა. მათ შორის იყვნენ ის ექიმები, რომლებმაც 8 ახალგაზრდას მხედველობა შეუნარჩუნეს. ესენი არიან "რეგიონული ჰოსპიტალის" ქირურგ - ოფთალმოლოგი რევაზ ომიაძე და "ნიუ ჰოსპიტალსის" ქირურგ-ოფთალმოლოგი მარიამ გოლოვაჩოვა.

როგორც დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, რეგიონული ჰოსპიტალის ქირურგ- ოფთალმოლოგმა, რევაზ ომიაძემ განაცხადა, 20 ივნისის ღამეს, თვალის კაკლის დაზიანებით, ჰოსპიტალში 2 ურთულესი პაციენტი შეიყვანეს.
"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნდობისთვის და ჩემთვის უდიდესი პატივია ეს ჯილდო. მე უბრალოდ სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი. შემოვიდა 2 ურთულესი პაციენტი, იყო თვალის კაკლის უმძიმესი დაზიანება და საბედნიეროდ, გაგვიმართლა, რომ მოვახერხეთ თვალის მთლიანობის აღდგენა", - აღნიშნა ოფთალმოლოგმა.
მედიცინის დოქტორმა და "ნიუ ჰოსპიტალის" ქირურგ-ოფთალმოლოგმა, მარიამ გოლოვაჩოვამ განაცხადა, რომ 20 ივნისის რთულ ღამეს, ყველა ექიმმა მოიხადა თავისი ვალი.
"ჩვენ, ყველა ექიმი ვასრულებდით ჩვენს მოვალეობას, უბრალოდ განსხვავება იყო ის, რომ ეს მოვალეობა სრულდებოდა ძალიან მძიმე სტრესის ქვეშ, ძალიან რთული ღამე იყო და აბსოლუტურად ყველა ექიმმა მოიხადა თავისი ვალი", - განაცხადა ექიმმა.