ავტორი:

გართობისა და მუსიკის სამი დღე - Tbilisi Open Air 2019 დასრულდა

გართობისა და მუსიკის სამი დღე - Tbilisi Open Air 2019 დასრულდა

წელს Tbilisi Open Air 21 ივნისს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში, თავისუფლებისა და მუსიკის სიყვარულმა, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი გააერთიანა.

Tbilisi Open Air-ისთვის 2019 წელი განსაკუთრებულია. ფესტივალმა არსებობის 10 წლის იუბილე აღნიშნა, რისთვისაც ორგანიზატორები გამორჩეულად მოემზადნენ. ფესტივალის ტერიტორიაზე წელს დამსწრე სტუმრებს ბევრად მეტი სტენდი თუ გასართობი დახვდათ, ვიდრე წინა წლებში. მუსიკის მოყვარულებს, Lisi Wonderland-ში ოთხ სცენაზე, ჯამში 70 -მდე შემსრულებლის მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ.

რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, წელს იმითაც გამოირჩეოდა, რომ მუსიკოსები, მსმენელები და ორგანიზატორები სოლიდარობას უცხადებდნენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს და ერთობლივად აპროტესტებდნენ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას.

ფესტივალის პირველ დღეს, მთავარ სცენაზე, მსმენელების წინაშე შოტლანდიური ბენდი Franz Ferdinand წარდგა. მანამდე კი ქართველი არტისტებს – MokuMoku, LOUDspeakers-სა და Four Dimensional Monster Lobsters ეკავათ სცენა.

მეორე დღეს, მსმენელებმა ჯგუფებს, Rhye-ს, „არასა“ და ლეგენდარულ ბრიტანულ ბენდს, UNKLE-ს მოუსმინეს. შემდეგ საზოგადოებამ EYESTAGE - სკენ გადაინაცვლა, სადაც სცენა ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა არტისტმა, დევიდ აუგუსტმა დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ UNKLE-ის ფრონტმენმა, ჯეიმს ლაველმა მსმენელს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ მიმართა.

„მე გავიგე, რომ თქვენს ქვეყანაში სიგიჟე ხდება. მე აქ ვხედავ სხვადასხვანაირ ფერებს და შეკრებილ სხვადასხვანაირ ადამიანებს და ერთადერი, რითაც შეიძლება რაიმე შევცვალოთ, ეს ჩვენი ერთად ყოფნაა. ახალაზრდობის ხმაა ის, რაც ცვლილებებს იწვევს. ჩვენ აქ სიყვარულს ვზეიმობთ. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნის გამო. დიდი მადლობა!“

ფესტივალის მესამე დღეს, მთავარ სცენაზე ინგლისური როკ ბენდი -The Subways, შოტლანდიური ბენდი - Mogwai , Michelle Gurevich, Salio, Bedford Falls და „მწვანე ოთახი“ წარდგნენ.

The Subways სოლისტმა სცენიდან მიმართა მსმენელს და ბოლო დღეებში, თბილისში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიდგებით, დასავლეთი ყოველთვის მხარს დაგიჭერთ, გპირდებით!", — თქვა მუსიკოსმა ბილ ლანმა.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვაღიარებთ მხოლოდ ერთადერთ ღირებულებას - თავისუფლებას. სოლიდარობა ყველა მოქალაქეს, რომელიც ახლა აქციაზე დგას!“ - ასეთი განცხადება გაავრცელეს ფესტივალის ორგანიზატორებმა Tbilisi Open Air-ის ოფიციალურ გვერდზე.

Lisi Wonderlands-ში სპეციალური სივრცეც მოეწყო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აინტერესებდათ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. ამ სივრცეში დამონტაჟებული ეკრანზე, აქცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

Tbilisi Open Air-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორის, აჩიკო გულედანის თქმით, წლევანდელი ფესტივალი თანასწორობისა და თავისუფლების 10 წლის შეჯამებაა.

„წელს Tbilisi Open Air 10 წლის გახდა. ეს არის ჩვენთვის მრავალფეროვნების და თავისუფლების 10 წლის შეჯამება. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ შეგვექმნა სივრცე, სადაც განსხვავებულ ადამიანებს შეუძლიათ თანაცხოვრება და ეს არის მინი მოდელი საზოგადოების, რომელშიც ძალიან გვინდა ვიცხოვროთ.

Tbilisi Open Air - ს ელოდებიან და ყოველწლიურად უფრო მეტი სტუმარი ჩამოდის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდანაც. გვეამაყება, რომ რეგიონის მასშტაბით, ყველაზე დიდი ფესტივალი საქართველოში იმართება.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული დღეები გვაქვს და არასაფესტივალო განწყობა გვქონდა, Tbilisi Open Air -მა თავისი სათქმელი თქვა და ყველასთვის ნათელია, რომ ეს არის თავისუფალი ადამიანების სივრცე და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას.“ განაცხადა აჩიკო გულედანმა.

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

ფოტო: ვანო გორგიშვილი