ავტორი:

20 ივნისის ღამის დეტალები - რა ხდებოდა "ნიუ ჰოსპიტალსში"

20 ივნისის ღამის დეტალები - რა ხდებოდა "ნიუ ჰოსპიტალსში"

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს ღამედ დარჩება. ამ ღამეს 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რომელთა ნაწილსაც ჰოსპიტალში გადაყვანა დასჭირდა. დაზარალებულებს განსაკუთრებული დახმარება "ნიუ ჰოსპიტალსმა" აღმოუჩინა. კლინიკის ინფორმაციით, მათ ამ მძიმე ღამეს 24 დაშავებული მიიღეს სხვადასხვა სახის და სირთულის მრავლობითი დაზიანებებით. მათ შორის იყვნენ ადამიანები თვალის მძიმე დაზიანებებით, რომელთაც გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ და "ნიუ ჰოსპიტალსის" ექიმების თავდაუზოგავი შრომის წყალობით მათ უმეტესობას მხედველობა შეუნარჩუნდა.

კლინიკასა და ექიმების შესახებ, რომლებიც 20 ივნისის ღამის პროცესებში აქტურად იყვნენ ჩართული, "ნიუ ჰოსპიტალის" სამედიცინო დირექტორი გიორგი კორძახია გვესაუბრება:

- 20 ივნისის ღამეს ძირითადად რა დაზიანებით შემოდიოდნენ პაციენტები?

- ღამის განმავლობაში სულ შემოვიდა 24 პაციენტი, რომელთა უდიდეს ნაწილს ჰქონდა სახის ძვლების და თვალების ტრავმული დაზიანებები. ასევე, იყო სხეულის სხვადასხვა მიდამოების რბილი ქსოვილების ტყვიით მიყენებული ჭრილობები და მოტეხილობები.

- რამდენი გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა ამ ღამეს და ძირითადად, რა ოპერაციები იყო?

- 20 ივნისის ღამეს კლინიკაში შემოყვანილ პაციენტებს სხვადასხვა სახის 12 გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ. გაკეთდა სხვადასხვა სირთულის 7 ოფთალმოლოგიური ოპერაცია, კერძოდ, ნაფლეთოვანი ჭრილობების დამუშავება, თვალშიდა მრავლობითი უცხო სხეულის ამოღება, სკლერის გამჭოლი ჭრილობების დამუშავება. სამწუხაროდ, ორი პაციენტის შემთხვევაში თვალის კაკლის ენუკლეაციის (თვალის სრულად ამოღება) გაკეთება მოგვიწია. ასევე, ჩატარდა 4 ყბა-სახის ქირურგიული პროცედურა - სახის ძვლების ოსტეოსინთეზი და რეპოზიცია და 1 ტრავმატოლოგიური ოპერაცია - ჭრილობების ქირურგიული დამუშავება.

- უმეტესად თვალის დაზიანებებით შემოდიოდნენ პაციენტები. რამდენად რთული შემთხვევები ფიქსირდებოდა?

- თვალის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში შემოვიდა 8 პაციენტი, რომელთა შორის 7 პაციენტს ჩაუტარდა თვალის გადაუდებელი ოპერაცია. 5 პაციენტის შემთხვევაში ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პაციენტებს მხედველობა შეუნარჩუნდათ. 2 მათგანის შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მხედველობა სრულად არ დაუკარგავთ პაციენტებს, რომელთაც თვალის ენუკლეაცია ჩაუტარდათ, რამდენადაც მათ შეუნარჩუნდათ მეორე თვალი.

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ოფთალმოლოგიური პაციენტებიდან 4 პაციენტს თვალის ოპერაციის გარდა დასჭირდა ყბა-სახის ქირურგიული ჩარევა. ეს ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში შეუჩერებლად ტარდებოდა. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად მუშაობდნენ შეთანხმებულად და შეფერხების გარეშე. თვალის ოპერაციების შემდეგ პაციენტებს უტარდებოდათ ყბა-სახის ქირურგიული პროცედურები.

- მოგვიყევით ექიმებზე, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ სასწრაფო გადაუდებელ ქირურგიულ პროცედურებს

- იმ ღამეს კრიტიკული და გადაუდებელი დახმარების სამსახური მიხეილ ბერიაშვილის ხელმძღვანელობით გაუჩერებლად მუშაობდა. პაციენტებს სამედიცინო სერვისებს უწევდნენ ექიმი ინგა აბუაშვილი და მორიგე პერსონალი.

ოფთალმოლოგიური ოპერაციები ჩატარდა ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ლევან მასხარაშვილის და ცენტრის ოფთალმოლოგების მარიამ გოლოვაჩოვას, ნინო ლაღიძის და მარიამ აღდგომელაშვილის მიერ.

მთელი ღამის განმავლობაში ჩატარებულ ოპერაციების ანესთეზიოლოგიურ პროცედურებს უზრუნველყოფდა ანესთეზიოლოგი პაატა პაატიშვილი. ურთულეს ქირურგიულ პროცედურებს ატარებდა ყბა-სახის ქირურგი ზურაბ ედიშერაშვილი. ასევე, ოპერაციები ჩაატარა ტრავმატოლოგმა ოთარ სირაძემ.

- ამჟამად რამდენი დაშავებული რჩება კლინიკაში და როგორია პაციენტების მდგომარეობა?

- ამჟამად „ნიუ ჰოსპიტალსის“ სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს 6 პაციენტი. მათი მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. 2 პაციენტის ბინაზე გაწერა უახლოესი დღეების განმავლობაში იგეგმება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი