"პირველი კავკასიურის" მართვის უფლება კერძო კომპანიას გადაეცა

"პირველი კავკასიურის" მართვის უფლება კერძო კომპანიას გადაეცა

"პირველი კავკასიურის" მართვის უფლება კერძო კომპანიას გადაეცა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განუცხადა. მისი თქმით, ”პირველი კავკასიურის” მართვის უფლება შპს ”ქეი 1”-ს გადაეცა.

გახელაძის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები წამყვანი ბრიტანელი ჟურნალისტები არიან, თუმცა თავად კომპანია ქართულია და საქართველოშია დარეგისტრირებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მაუწყებლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ სამეურვეო საბჭო, მაუწყებლის გენერალურ დირექტორს თანხმობას აძლევს ”პირველი კავკასიური” ეფექტური მართვისა და ამ არხზე მაუწყებლობის გაუმჯობესების მიზნით კერძო კომპანიას გადასცეს.

ამასთან, საქართველოს მთავრობის 9 ივლისის განკარგულებით, ”პირველ კავკასიურს” ”ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით” მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 7 მლნ ლარი გადაეცა. ამ თანხიდან შპს ”ქეი -1”-ს ტელეკომპანიის ეფექტურად მართვისა და არხის მაუწყებლობის გაუმჯობესებისთვის 4 მლნ 700 ათასი ლარი გადაეცა.

სამეურვეო საბჭოს ამავე გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ თუკი მთავრობა სარეზერვო ფონდიდან კიდევ გამოყოფს თანხას, ”ქეი -1”-ს იმ თანხის ნაწილიც გადაეცემა, ნაწილი კი საზოგადოებრივ მაუწყებელს დარჩება.

ლევან გახელაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშორებით, რომ ”პირველი კავკასიური” საზოგადოებრივ მაუწყებელს საერთოდ ჩამოერთვა და შესაძლოა დამოუკიდებელ არხად გადაიქცეს, რომლისთვისაც დამოუკიდებელ სიხშირეს გამოყოფენ.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები