თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ახალგაზრდა ქალის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით AMBEBI.GE-მ ახალი დეტალები გაარკვია.
შემთხვევა 25 ივნისს გვიან ღამით მოხდა. 27 წლის ე.გ. მისმა მეზობელმა, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
როგორც ადგილობრივებმა AMBEBI.GE-ს უამბეს, ქალს თანასოფლელის ნასროლი ტყვია შემთხვევით მოხვდა. მათი ინფორმაციით, დაჭრაში ბრალდებულ თ.ბ-ს ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა და აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა, ქუჩაში უმისამართოდ ისროლა. ამ დროს ქუჩაში ახალგაზრდა ქალი მიდიოდა, რომელსაც გულ-მკერდის არეში მოხვდა ტყვია.
27 წლის ე.გ. სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა.
დაჭრილი ქალი ამჟამად თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, თუმცა მისი თბილისში გადაყვანა იგეგმება:
"პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უტარდება ყველა შესაბამისი მკურნალობა. იგეგემება მისი თბილისში გადაყვანა, სადაც სხეულიდან ტყვიის ფრაგმენტის ამოსაღებად ჩაუტარდება თორაკოსპია" - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბარში თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108 ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.