ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ივლისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ივლისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ივლისის ნომერი #7(103), რომელშიც წაიკითხავთ:

  • ნიკოლოზ ჩოლოყაშვილისეული დისკო უკვალოდ გაქრა / იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან მორიგი ქართული არტეფაქტი გაუჩინარდა

იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან მორიგი ქართული არტეფაქტი გაქრა უკვალოდ. ნიკოლოზ ჩოლოყაშვილისეული დისკო, მასზე დატანილი წარწერის შინაარსიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგად არის ცნობილი ქართული საზოგადოებრიობისათვის. 1960-იან წლებში გადაღებულ ფოტოსურათებზე დისკო ჯერ კიდევ ძველ ადგილას, მოზაიკურ იატაკზე იყო განთავსებული. 1969-1973 წლებში ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის რესტავრაციის პროცესში, როცა ადგილიდან იატაკის საფრის დროებით მოხსნა გახდა საჭირო, დისკო მოზაიკის წყობიდან ამოიღეს. 2002 წელს წმინდა მიწის ქართულ სიძველეთა შემსწავლელი ექსპედიციის წევრებმა ეს ნივთი დაცვის მიზნით მონასტრის ქვედა სართულზე მოწყობილ მუზეუმში გადაიტანეს. სამწუხაროდ, ექსპონატს თავის დროზე განმარტებითი წარწერა არ გაუკეთდა. ამიტომ მისი ისტორიული ღირებულება ბოლო დრომდე უცნობი იყო როგორც მონასტრის მესვეურთათვის, ისე მთლიანად იერუსალიმის საპატრიარქო უწყებისთვის, ვის დაქვემდებარებაშიც იმყოფება დღეს ჯვრის მონასტერი. დისკო ადგილზე ვერ აღმოაჩინა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში, რომელმაც დისკოს პოვნის იმედით წინამძღვართან ერთად ჯვრის მონასტრის თითოეული კუთხე-კუნჭული დაიარა. აშკარა გახდა, რომ ნივთი მონასტრის ე.წ. მუზეუმიდან (და სავარაუდოდ, მონასტრის ტერიტორიიდან) გატანილია ჯერჯერობით დაუდგენელი პირის ან პირთა მიერ.

  • ნოე რამიშვილის სასტიკი მკვლელობა პარიზში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს სამშობლოდან გახიზნულთა შორის აღმოჩნდა სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნოე რამიშვილი. მატერიალურად შეჭირვებული საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური იძულებული გახდა, თავად დაეწყო მიწის დამუშავება და ოჯახისთვის საჭირო სარჩო-სანოვაგის მოყვანა. მიუხედავად ამისა, ნოე რამიშვილი განაგრძობდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, აქვეყნებდა წერილებს, გამოსცემდა წიგნებს. საგულისხმოა, რომ ქართული ემიგრანტული მთავრობის წევრთაგან ნოე რამიშვილი ყველაზე აქტიურად უჭერდა მხარს ანტისაბჭოური აჯანყების გზით საქართველოს განთავისუფლების იდეას.

1930 წლის 7 დეკემბერს პარიზის ქუჩაში ნოე რამიშვილი რევოლვერის რამდენიმე გასროლით მოკლა ემიგრანტმა ჭანუყვაძემ. ეს უკანასკნელი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ყოფილი ოფიცერი, გურიაში მოქმედი ანტისაბჭოთა პარტიზანული რაზმის წევრი. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში... მკვლელობის გარემოებათა შესახებ განსხვავებულ და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გვაწვდის იმდროინდელი ემიგრანტული პრესა, მემუარული და სამეცნიერო ლიტერატურა. ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი შალვა მაღლაკელიძე წერდა, რომ “ჭანუყვაძე იყო საბჭოების დაქირავებული აგენტი”. პატიმრობაში პარმენ ჭანუყვაძემ დაწერა მონანიების წერილი, რომელშიც დაწყევლა ყველა, ვინც მკვლელობა ჩაადენინა. არსებობს ცნობა, რომ ის პატიმრობისას ფსიქიკურად შეიშალა და ციხეში გარდაიცვალა... ტერორისტულმა აქტმა შეძრა არა მხოლოდ ქართული ემიგრაცია, არამედ საფრანგეთისა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების საზოგადოებრიობა. მკვლელის გასამართლების პროცესმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

  • სამეფო კარის თამაშები საწამლავებით

მოწამვლის შიშით მონარქები უაღრესი სიფრთხილით არა მხოლოდ საკვებს ეკიდებოდნენ, არამედ ნებისმიერ საგანს უფრთხოდნენ. არც გაემტყუნებოდათ. XVI საუკუნის ფრანგი ექიმი წერდა, რომ «დღევანდელი შხამი ადამიანზე ზემოქმედებს არა მხოლოდ საკვებთან ერთად მიღებისას, არამედ შეხებითაც». ინგლისის მონარქის, ჰენრი VIII-ის ლოგინის მომზადებისას ყველაფერი - საბანი, ლეიბი, მუთაქა, ზეწარი დიდი გულისყურითა და დაკვირვებით უნდა შეემოწმებინათ. სასახლის კარის დიდებულებს უნდა გაესინჯათ ყველა ნივთი, რომელსაც კი დედოფალი საჩუქრად იღებდა - პარფიუმერია თუ კოსმეტიკა. ელისაბედ I-ის კარზე კათოლიკეთა შეთქმულების ეშინოდათ და სიფრთხილის საგანგებო ზომები შემოიღეს. მეფისთვის არ უნდა მიერთმიათ პარფიუმერია, ხელთათმანები და ამგვარი ნივთები, საგანგებო მინდობილობის გარეშე არავის ჰქონდა მის გარდერობთან მიახლების უფლება. თეთრეული და ყოველი ნივთი, რომელსაც შესაძლოა მისი სამეფო უდიდებულესობა შეხებოდა, გულისყურით უნდა შეემოწმებინათ...

ამბრუაზ პარე (ფრანგი ქირურგი, თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მამა) სწორად ფიქრობდა, რომ საწამლავის შესუნთქვა ყველაზე საშიში მეთოდი იყო. მას აღწერილი აქვს მსხვერპლის მოწამვლის მეტად ეშმაკური ხერხი. კერძოდ, ეს ხდებოდა აქსესუარის საშუალებით, რომელსაც პომანდერს უწოდებდნენ და ფუფუნების საგნად ითვლებოდა. მას უმეტესწილად ატარებდნენ წელთან, ქამარზე, როცა რამეს შეეხებოდა, პომანდერი საამო სურნელს აფრქვევდა. თუ მფლობელი არასასიამოვნო სურნელში აღმოჩნდებოდა, შესაძლოა პირდაპირ ნესტოსთანაც მიეტანა. ამიტომაც პომანდერში საწამლავის მოთავსება მას ეფექტურ იარაღად აქცევდა.

  • ხუროთმოძღვრების დამასკური შედევრი

ომაიანთა მეჩეთი ანუ დამასკოს დიდი მეჩეთი ერთ-ერთი უდიდესი და უძველესია მსოფლიოში. სავარაუდოდ, აქ ინახება იოანე ნათლისმცემლის თავი (ნაწილი), ხოლო მეჩეთის ეზოში მდებარე პატარა ბაღში სალადინის (სალაჰ-ად-დინ) მავზოლეუმი და საფლავია. დამასკო მუსლიმანებმა 634 წელს დაიპყრეს. ეკლესიის ადგილას მეჩეთის აგება 706 წელს ბრძანა ომაიანთა მეექვსე ხალიფა ვალიდ I-მა. კომპენსაციის სახით, ქრისტიანებს დამასკოში მანამდე ჩამორთმეული ყველა ეკლესია დაუბრუნეს.

მეჩეთის მშენებლობისთვის ალ-ვალიდმა მოიწვია საუკეთესო მხატვრები, ხუროთმოძღვრები და ქვის ოსტატები ათენიდან, რომიდან, კონსტანტინოპოლიდან და მთელი არაბული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. მშენებლობაზე 12 ათასი კაცი იყო დასაქმებული. დაიხარჯა დაახლოებით 1 მლნ დინარი. მეჩეთის უზარმაზარი კომპლექსი ქალაქის ხმაურიანი გარემოსგან მძლავრი კედლებით არის გამოყოფილი.

ომაიანთა შემდგომ მოსული აბასიანი ხალიფები მეჩეთს ისლამის გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. 1270 წელს დამასკოს მამლუქი სულთნები დაეუფლნენ. მათ მეჩეთში რესტავრაცია ჩაატარეს. 1400 წელს დამასკო თემურ-ლენგმა გადაწვა, ცენტრალური გუმბათი ჩამოიქცა. თუმცა მამლუქმა სულთნებმა მეჩეთი აღადგინეს. 1515 წლიდან დამასკო ოსმალეთის მფლობელობაში გადავიდა. 1893 წელს დიდი ხანძრის შემდეგ დიდი გუმბათი კვლავ ჩამოიქცა. ოსმალებმა მეჩეთი მთლიანად აღადგინეს, რა დროსაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ უძველესი სტრუქტურების შენარჩუნებას. მეჩეთს საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდა XX საუკუნეში. 2001 წელს იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილების სანახავად მეჩეთს ეწვია რომის პაპი იოანე პავლე მეორე. ისტორიაში მსგავსი რამ პირველად მოხდა...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. კომაგენეს უთავო ღმერთები
  • ახალი ამბები. სამურაების «ზებუნებრივი ტექნიკა» / ძველი ოსტატის სწავლებანი მებრძოლებს
  • მემკვიდრეობა. ლიხთიმერეთის მწყემსმთავრებს ზოგჯერ «ხობის კათალიკოსებს» უწოდებდნენ / ერთი საინტერესო დოკუმენტი ხობის მონასტრის შესახებ
  • ქართული ჯილდოთმცოდნეობა. ემიგრაციაში შექმნილი ქართული ჯილდოების პროექტები (XX საუკუნის 20-50-იანი წლები)
  • ქართული საცხოვრისი. ერდოგვირგვინიანი დარბაზული სახლები / ქართული ერდოგვირგვინიანი დარბაზი შესაძლოა არამატერიალური კულტურის ძეგლად გამოაცხადონ
  • საქართველოს კუთხეები. სამურზაყანოს ისტორიული ადგილები (დასასრული)
  • ისტორიული ნარკვევი. ესტონური დიასპორა ტფილისში
  • კონფლიქტები. საქსონიური ომები / ქრისტიანობის მახვილით გავრცელება
  • ძველი ისტორია. დელფოს ორაკულის საიდუმლოებანი
  • სადაზვერვო თამაშები. ვინ იყო ლი ჰარვი ოსვალდი
  • მსოფლიო არქიტექტურის შედევრები. ომაიანთა მეჩეთი
  • ჯარისკაცის თავგადასავალი. 500 დღე და ღამე მტრის ზურგში (გაგრძელება)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს