ავტორი:

"სანდრო ალბათ იცინის, საკუთარ მეგობრებს რომ დღეს "ნაცების" გვერდით ხედავს..." - გურამ გირგვლიანი ბოლოდროინდელ მოვლენებზე

"სანდრო ალბათ იცინის, საკუთარ მეგობრებს რომ დღეს "ნაცების" გვერდით ხედავს..." - გურამ გირგვლიანი ბოლოდროინდელ მოვლენებზე

"სანდრო ალბათ იღიმის, რომ მისი მეგობრები "ნაცები" გახდნენ", - ასე გამოეხმაურა სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე რუსთაველზე მიმდინარე აქციას. როგორც ჩანს, მან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გვერდით სანდროს უახლოესი მეგობრები იხილა და ამით გაკვირვებულმა მათ გასაგონად ეს ერთწინადადებიანი სტატუსი დაწერა. ეტყობა ვისი მისამართითაც იყო ნათქვამი, იმანაც გაიგო, რადგან მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა კიდეც.

"კვირის პალიტრა" გურამ გირგვლიანს ესაუბრა და ესაცა გაერკვია, ვისმა გამოჩენამ ატკინა მას გული.

- მეაწი გული ვინ ან რამ უნდა მატკინოს, ალბათ მიხვდით, ეს ირონიული პოსტი იყო და სიტყვა ღიმილი ბრჭყალებში სპეციალურად არ ჩავსვი, გამგები ისედაც მიხვდება. ვიღაც თუ ფიქრობს, რომ ეს მის გასაგონად არის ნათქვამი, ეს მისი პრობლემაა. თვითონ თუ ამოიცნეს თავიანთი თავი, თავიანთ გულში ჩაიხედონ. უბრალოდ გამიკვირდა ამ ხალხის "ნაციონალების" გვერდით ყოფნა. "ნაციონალები" კი ისე იქცევიან, თითქოს საერთოდ არ ყოფილა არც 7 ნოემბერი, არც 26 მაისი და სხვა განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენს ქვეყანაში. მართლა "მაგრები" ყოფილან. არ მეგონა, ასეთი მაგრები თუ იყვნენ და ამდენს გაბედავდნენ, გასაოცარია ასე რომ დგანან ისინი დღეს ისევ ქუჩაში ხალხის გვერდით. ეს პოსტი დავწერე მხოლოდ იმისთვის, რომ გამგებმა გაიგოს. მეტი სხვა მიზანი არ მქონდა.

- ადრესატებს ვერ დაასახელებთ?

- ვერ დავასახელებ ადრესატებს, რა საჭიროა, თვითონ მიხვდებიან. იქ ისეთი ხალხი ვნახე, რომელიც სანდროს სახლში ხშირად მოჰყავდა, რომლებთანაც სანდრო მეგობრობდა და მართლა გაიცინებს სანდრო ახლა მათ თუ უყურებს. თუ ამოიცნობენ თავს, დაფიქრდნენ...

- თქვენი ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძეც ხომ არ იყო ერთ-ერთი ადრესატი და საერთოდ რას იტყვით იმაზე, რომ ბატონი შალვა დღეს ამ პარტიის გვერდზე დგას?

- შალვა ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო. ჩემი მეუღლე და ბატონი შალვა ერთად გაიზარდნენ. მათ მშობლებსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, სულ ახლობლობდნენ. მე შალვასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მან ჩემი შვილის საქმეში ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო ადვოკატს გაეკეთებინა. 5-იანს ვუწერ ბატონ შალვას და ამ საქმის კიდევ ორ ადვოკატს. სამივემ მაქსიმუმი გააკეთეს, ძალიან რთული სამუშაო ჩაატარეს.ჩვენ საქმეში შალვა შავგულიძე პირნათელია. მადლობა მათ, ის გააკეთეს, რაც მათ მოეთხოვებოდათ. "ნაცები" კი ჩემთვის ყოველთვის არაადამიანები იყვნენ, მაგრამ დღეს "ქართულმა ოცნებამაც" თავისი სახე გამოაჩინა ბოლომდე, თუმცა ამას ვამბობდი 2015 წელსაც, მაგრამ არავის ახსოვს ეს წარსული.

- თქვენთვის "ქართული ოცნება" გაუტოლდა "ნაცმოძრაობას"?

- ეს ბინძური პოლიტიკაა და არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს. ევროპიდან და ამერიკიდან რა მოთხოვნებიც არის, იმას ასრულებენ, სხვა გზა არ აქვთ. ამიტომ არის, რომ ასე მკაფიოდ მოქმედებენ. ვითომ ახალი დანამატია "ევროპული საქართველო", სახელი შეიცვალეს და ვითომ დაავიწყდა ხალხს, რას აკეთებდნენ ისინი. თითქოს ხალხს ამნეზია სჭირს. "ოცნების" ბრალია ამდენს რომ ბედავენ "ნაცები". შექმნეს გმირი ნიკა მელიას სახით. ვის რაში სჭირდება ეს ყველაფერი? "ნაცების" აღზევება დიდწილად "ქართული ოცნების" ბრალია. დადგმული სპექტაკლი იყო რაც ხდებოდა ეს დღეები, გინდა პარლამენტში და გინდა - სხვაგან. "ნაციონალებს" დაავიწყდათ რაც ხდებოდა მათ დროს, რას სჩადიოდნენ?!

"ოცნებას" დასასჯელი რომ დაესაჯა თავის დროზე, აქამდე არ მივიდოდა საქმე. დღეს "ნაციონალები"თავს ყველაზე კარგად გრძნობენ. მაგალითად, ნიკა მელია გმირი გახადა "ოცნებამ" და ის სასამართლომაც გამოუშვა, არადა, კადრები არსებობს, როგორ მოუწოდებს პარლამენტში შესვლისკენ ხალხს... ყველამ ვნახეთ 3 საათი მიდიოდა ამ ხალხის მოგერიება... სიბინძურეა პოლიტიკა. "ნაცმოძრაობაში" ყოველთვის არაადამიანები იყვნენ, მაგრამ "ოცნებამაც" თავისი სახე გამოაჩინა...წაიკითხეთ სრულად