ავტორი:

"ეს იყო ჩემი ბოლო კონცერტი რუსეთში! პუტინი ჩემი ქვეყნის მტერია!" - ნინო ქათამაძე მიმართვას ავრცელებს

"ეს იყო ჩემი ბოლო კონცერტი რუსეთში! პუტინი ჩემი ქვეყნის მტერია!" - ნინო ქათამაძე მიმართვას ავრცელებს

ქართველი მუსიკოსი და მსოფლიოში პოპულარული შემსრულებელი ნინო ქათამაძე "ფეისბუქით" პოსტს აქვეყნებს, სადაც მოსკოვში, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალ Усадьба Jazz-ში მონაწილეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მომღერლის თქმით, კოცნერტში მონაწილეობაზე უარი უსინათლო 9 წლის გოგოს გამო ვერ თქვა და აღნიშნავს, რომ "ეს მისი ბოლო კონცერტია რუსეთში". ქათამაძე ასევე თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსაც ეხმაურება და შს მინისტრს გიორგი გახარიას გადადგომისკენ მოუწოდებს.

"ჩემო ძვირფასო მსმენელო და უმაგრესო ადამიანებო ვინც 10 დღეა აპროტესტებთ, ძალადობას და უსამართლობას, პირველ რიგში მოგმართავთ თქვენ. ჩემი გული, ჩემი სიტყვა, ჩემი ხმა და პროტესტი თქვენთან არის! ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს იმას რომ რაიმე მქონდა საფიქრალი და გადასაწყვეტი, პირველივე წამიდან ვგრძნობ იმას რასაც თითოეული თგვენგანი გავრილოვის სპიკერის სავარძელში ხილვისას! არასოდეს არ მომრიდებია ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ წასვლა, არასოდეს არ დამეზარა და ჩემი ხმით, ქართულად მსოფლიოს ყველა ნაწილში და მათ შორის რუსეთშიც ყოველთვის ვამბობ, რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩემი ქვეყნის მტერი და მაშასადამე ჩემი მტერიც! ერთია ჩემი საგასტროლო გრაფიკი და მეორეა ჩემი შინაგანი შეგრძნება ჩემი ქვეყნის, ქართული სიტყვის, მუსიკის წინაშე.

ჩემს ხელში მხოლოდ ეს იარაღია, მხოლოდ ამით შემიძლია ვუთხრა ჩემს მსმენელს ის ტკივილი რაც ჩემს ქვეყანას სტკივა, იმ უმარავ მსხვერპლს რაც საქართველოს გაუღია თავისუფლებისთვის, კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდას თვალის ჩინი დაემატა და ადამინი რომელიც ამ წუთამდეა უმძიმეს მდგომარეობაშია, თითოელი მტკივა და თითოელს ვგრძნობ დღე და ღამე! ბოდიშს ვიხდი ჩემო ძვირფასებო რომ არ ვიდექი თქვენთან ერთად იმ ღამეს, რომ ვერ დაგიცავით ფიზიკურად და ერთ ტყვიაშიც ვერ შეგეხიდეთ, არჩევანი რომ მქონდეს უყოყმანოდ მივიღებდი ყველა იმ ტყვიას რაც თითოეულ თქვენგანს მოგხვდათ ოკუპაციის გაპროტესტებისთვის. დიახ რა თქმა უნდა გახარია უნდა გადადგეს და ეს მოთხოვნა სრულიად ჯანსაღი და ლეგიტიმურია. ზუსტად მესმის საზოგადოების ჯანსაღი კრიტიკა ჩემს მიმართ და ვიზიარებ თითოელ შენიშვნას, ამ პოსტის შემდეგაც მზად ვარ მოვისმინო და წავიკითხო ყველას აზრი თუნდა ყველაზე მძიმე ფორმით გადმოცემული! ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღე 20 ივნისი და უმძიმესი კონცერტი 22 ივნისი, რომელზეც უარი მხოლოდ უსინათლო 9 წლის გოგოს გამო ვერ ვთქვი.

მე ამ კონცერტზე ვთქვი და თქვენც მინდა გითხრათ, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!!! მინდა რომ იმ ახალგაზრდებს რომელიც 10 დღეა ქვეყნის სამსახურში 19:00 საათიდან იკრიბებიან ვუთხრა: არასდოს ჩემს გულში სამშობლოს ღალატი არ ყოფილა, არასოდეს რუსულად არ მიმღერია, არასოდეს სამთავრობო (რუსეთში) დაფინანსებულ კონცერტიში მონაწილეობა არ მიმიღია, არ მიმღერია არც ერთი რუსი პოლიტიკოსის დაბადების დღეზე. ჩემი მუსიკა ეკუთვნის უბრალოდ ადამიანებს განურჩევლად, ეროვნებისა, რასისა, რელიგიისა და სექსუალური ორინტაციისა! ამ პოსტით მინდა ჩემი პროტესტი გამოვხატო პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ, შეუერთდე მოთხოვნას რომ გახარია უნდა გადადგეს! რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩვენი საერთო მტერი! თითოელი თქვენგანის სახის დანახვისას, თოთოელი თქვენი ქცევისას ყურებში მკაფიოდ ჩამესმის დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ზურაბ ჟვანიას ხმა: “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი”. მხოლოდ თქვენ ხართ ნათელი გამოხატულება ევროპელი ქართველისა, თქვენ დაამტკიცეთ რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერასოდეს ვერავინ ვეღარ შეცვლის. უდიდესი მადლობა თქვენ ამისთვის, ქედს ვიხრი თქვენი თავდადების წინაშე" - ამბობს ქათამაძე.