ავტორი:

"წონის გამო, მჯდომარეს მეძინა"  - 20 წლის ბიჭის გასაოცარი ისტორია, რომელმაც 120 კილოგრამი დაიკლო

"წონის გამო, მჯდომარეს მეძინა"  - 20 წლის ბიჭის გასაოცარი ისტორია, რომელმაც 120 კილოგრამი დაიკლო

20 წლის გიორგი ბიბილაური, არის ბიჭი გასაოცარი ისტორიით - მან ვარჯიშით და დიდი მონდომებით 120 კილოგრამი დაიკლო!

მანამდე კი, 260 კილოგრამის მქონე ახალგაზრდას, გარდა იმისა, რომ მძიმე წონის გამო სიარული, გადაადგილებაც კი უჭირდა, ის საზოგადოების მხრიდან დაცინვის ობიექტიც იყო. ამბობს, რომ ბულინგმა მასზე დიდი გავლენა იქონია...

"ხშირად, ჩემი წონის გამო აგრესია მოდიოდა ჩემზე და თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. არადა, ჩემთვის ვიყავი, არავის არაფერს ვუშავებდი, მაგრამ სადაც უნდა წავსულიყავი, მუდამ შეურაცხყოფას მაყენებდნენ.

ამიტომ, ვცდილობდი, ის ხალხი „დამეიგნორებინა“, მათ გავცლოდი“ - გვეუბნება გიორგი, რომელსაც მხოლოდ ბულინგის გამო არ მიუღია გადაწყვეტილება, საკუთარ მძიმე წონას დაპირისპირებოდა.

„ეს უფრო ჩემი შინაგანი განწყობა იყო, რადგანაც წონა ბევრ რამეში მზღუდავდა. ელემენტარულად, წონის გამო დამჯდარს მეძინა, ასევე პრობლემა იყო ტანსაცმელი - ერთად ბევრმა რამემ იმოქმედა და გადავწყვიტე, მიმეღწია სასურველი მიზნისთვის“ - აღნიშნავს გიორგი.

VIDEO: 20 წლის გიორგი ბიბილაური ყვება, როგორ დაიკლო 140 კილო

იმ აგრესიის გამო, რასაც მისი მისამართით ისმენდა, დეპრესია დაეწყო - 13-14 წლის ასაკში 260 კილოგრამს იწონიდა, რამაც სახლში ჩაკეტა. ცდილობდა, გარეთ არ გამოსულიყო.

„რას გავხარ? პატრონი არ გყავს?" - ისმოდა გინებაც. მოკლედ, 15 წლისა საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ წონაში უნდა დამეკლო, რათა დამემტკიცებინა ჩემი თავისთვის და სხვებისთვისაც, რომ ეს შემიძლია! მე ეს შევძელი! თუმცა, პირველი ნაბიჯები ურთულესი იყო, გამიჭირდა, ბევრ რამეს ვერ ვაკეთებდი.

თან, მაშინ არ იყო ამდენი სპორტდარბაზი, ფიტნესკლუბი. მაგრამ იმას ვგრძნობდი, რომ შემეძლო, რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა. ერთ წელიწადში 120 კილოგრამი დავიკელი. ახლა ვარ დაახლოებით 140 კილოგრამი და ფიტნესი ჩემი ცხოვრებაა“ - გვეუბნება რესპონდენტი, რომელმაც კუჭის ე.წ „დაპატარავების“ ოპერაციაზე უარი თქვა და წონაში დაკლებისთვის სწორი კვება და ვარჯიში არჩია.

"15 წლისას ამ ოპერაციას არავინ გამიკეთებდა, 18 წლის მაინც უნდა ვყოფილიყავი,“ - განმარტავს გიორგი ბიბილაური, რომელმაც გარდა იმისა, რომ დასახულ მიზანს მიაღწია, საკუთარი გადაწყვეტილებით, სხვა ადამიანებს იმავე მიზნის მიღწევაში ეხმარება. ის ფიტნეს მწვრთნელიც გახდა.

"მინდა, ადამიანებს სასურველი მიზნის მიღწევაში დავეხმარო, ამისთვის მე და ჩემმა მწვრთნელმა, ბატონმა მიშა ანდღულაძემ სულ ახალ-ახალი ჯგუფური ვარჯიშები შევიმუშავეთ, რომლის მსგავსი საქართველოში ჯერ არ არის. მისი საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ, ჯგუფურად ივარჯიშონ, ასევე ვარ პერსონალური ტრენერიც.

როდესაც დიდი წონის ადამიანები მოდიან, მაშინვე სურვილი მიჩნდება, დავეხმარო. თავში, ტვინში, გონებაში ის ყველაფერი, რაც გამოვიარე, ერთად მახსენდება და მინდა, მაქსიმალურად ჩქარა და ხარისხიანად გვერდით დავუდგე. წონას დღემდე ვებრძვი, ციფრებში არ ვიცი, რამდენი მინდა ვიყო, მე გარეგნობას ვუყურებ და იმას, თუ როგორ ფორმაში ვარ“.

- გიორგი, მძიმე წონამ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაშიც შეგიშალა ხელი?

- წონამ ბევრ რამეში შემიშალა ხელი, ჩემს რეჟიმს ხომ რეჟიმი არ ერქვა: ღამე ვცხოვრობდი, დღე მეძინა. სკოლაში რომ მივდიოდი, გაკვეთილზე არაერთხელ ჩამძინებია. შემდეგ კი რაღაც პერიოდი, როგორც ვთქვი, სახლში ჩავჯექი, თუმცა მძიმე დღეების მიუხედავად, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თავისთვის მიმეხედა, რომ ვყოფილიყავი ჯანმრთელი.

სახლში ერთწლიანი ჯდომის შემდეგ, მივხვდი, რომ შანსი მქონდა, გადავრჩენილიყავი. ფიტნესმა ეს იმედი მომცა და ისიც, რომ შემეძლო, რაღაც სერიოზული გამეკეთებინა...

მყავს ჩემზე 8 წლით უფროსი და, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, მქონდა შესაძლებლობა, მასთან წავსულიყავი, ვყოფილიყავი ტრენერი, მაგრამ ჩემი პასუხი იყო ასეთი - მინდა, ხალხს საქართველოში დავეხმარო! ამისთვის დავამთავრე ბოდიბილდინგისა და ფიტნესის აკადემია, ასევე „სნეპის აკადემია“, მათი სახეც ვარ. მომავალშიც ვაპირებ, მეტად განვვითარდე და მეტი ვისწავლო. ჩემს თავს სულ ვეუბნები - ან განვითარდი, ან მოკვდი!

- განვლილი წლებიდან რა დასკვნებს აკეთებ და უმთავრესად რას ურჩევ სხვებს?

- დასახულ მიზანს უნდა მიაღწიო და არასდროს დანებდე, არ მოეშვა, ვიღაცები სულ იქნებიან, რომლებიც დაგცინებენ, რაღაცას იტყვიან. რაც უნდა გააკეთო და რა შედეგიც უნდა დადო, ნუ მიაქცევ ნურავის ყურადღებას. აკეთე შენი საქმე, ყოველთვის დაგიფასდება.

მძიმე წონა ცუდია, მეტიც, საშინელებაა, მაგრამ ადამიანს მასთან ბრძოლა შეუძლია. მთავარია, არასდროს დავიხიოთ უკან. შედეგი ყოველთვის იქნება!

- ბავშვობიდან სამეგობრო წრე შეინარჩუნე თუ შემოგეცალნენ?

- ბავშვობის მეგობრებიდან დღეს გვერდით მხოლოდ ერთი მყავს. დიახ, აღარ მაქვს სხვებთან ურთიერთობა. სადღაც წავიდნენ, გაქრნენ... და ისინიც გაქრნენ, ვინც დამცინოდა...

ამ რთულ გზაზე ოჯახის წევრებიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა დედისგან მქონდა. მხარში მედგა დაც - არადროს მაკრიტიკებდნენ და ჩემს ყველა გადაწყვეტილებას ეთანხმებოდნენ.

2013 წელს, როდესაც ფიტნესს ვიწყებდი, ისეთი ფაქტი მოხდა, რომელიც შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში დემოტივაციისთვის იყო, ან პირიქით - მოტივაციისთვის.

ერთ ადამიანს 30 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული. მასთან მივედი, რომ საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა, მეგონა, რაღაც ჯადოსნურ მეთოდს იტყოდა, არადა, ასეთი რაღაცები არ არსებობს, ყველაფერს შრომა უნდა... მოკლედ, მითხრა, შაქარი და ცომეული არ მიიღოო. ეს ნათქვამი რომ გავაანალიზე, ვუთხარი, - ამას ვერ ვიზამ-მეთქი. შემომხედა და მითხრა, შენ ისედაც ვერაფერს იზამო. ის პიროვნება სამწუხაროდ, აღარ მინახავს, თუმცა სიამოვნებით ვნახავდი, მაინტერესებს, მისი რეაქცია ჩემი დანახვისას როგორი იქნებოდა?!

მიშა ანდღულაძე, გიორგი ბიბილაურის ტრენერი:

- "გიორგისთან წლებია ვურთიერთობ, ერთად ვვარჯიშობთ. მას კარგი შედეგი აქვს, რაც სტიმულია იმისთვის, რომ კიდევ წინ წავიდეს. როცა საქმეს აკეთებ და არ გამოგდის, შეიძლება, ადვილად დაყარო ფარ-ხმალი, მაგრამ გიორგი ჭკვიანურად მიუდგა საქმეს, მიიღო შედეგი, რამაც უფლება აღარ მისცა შეჩერებულიყო.

ეს არ არის ადვილი საქმე. თუ დაიღალე, დახურე მათემატიკის სახელმძღვანელო და მეორე დღეს გაგაგრძელე. ეს კი დიდი ბრძოლა და გმირობის ტოლფასია. დაიღალე, ენერგია არ გაქვს, არც კალორიები და მაინც თავდაუზოგავად ვარჯიშობ! ამიტომ ყოველი დღე იწყება ბრძოლისთვის და ასევე გრძელდება.

არ მახსოვს, გიორგის ეთქვას, აღარ შემიძლია. ვიღაცას კითხვა გაუჩნდება - სადამდე უნდა ითმინოს და აკეთოს ადამიანმა ეს ყველაფერი? მაგრამ აქ შედეგი აძლევს სტიმულს, ძალას, ღონეს, ენერგიას და ხალისს.

მან მოინდომა, ღრმად ჩაძიებოდა ყველაფერს, მეტი ესწავლა, რომ უკეთ დახმარებოდა როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს, რაც ძალიან მიხარია... მებრძოლი ადამიანია და ეს ბევრს ნიშნავს. ამასთან, არაერთი კარგი თვისება აღმოაჩნდა: ვაჟკაცია, თავდაჯერებული, მიზანდასახული და ასე მივდივართ წინ. გვინდა, მეტს და უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ - ბევრ ადამიანს დავეხმაროთ!