ავტორი:

„თიხის ხიდი” - „წიგნის ქურდის“ ავტორის ახალი წიგნი ქართულად

„თიხის ხიდი” - „წიგნის ქურდის“ ავტორის ახალი წიგნი ქართულად

თინეიჯერების საყვარელი რომანის, „წიგნის ქურდის“ ავტორი, მარკუს ზუზაკი ახალი წიგნით გვიბრუნდება. „წიგნის ქურდი“ გამოსვლიდან მალევე გახდა პოპულარული, მსოფლიო ბესტსელერად იქცა და მილიონობით მკითხველის გული დაიპყრო. წიგნი ქართულ ენაზე 2015 წელს გამოიცა. მას შემდეგ, გამოცემის ტირაჟი, მკითხველთა მოთხოვნით, რამდენჯერმე განახლდა. ახლა კი ქართველი მკითხველისათვის მარკუს ზუზაკის ახალი წიგნი - „თიხის ხიდი“ უკვე ხელმისაწვდომია.

წიგნი გამომცემლობა “პალიტრა L-მა” პროექტის - „ლიბერთინსი“ ფარგლებში გამოსცა. როგორც პროექტის მენეჯერი, გიორგი კიკაბიძე აღნიშნავს, „თიხის ხიდით“ ზუზაკმა დაამტკიცა, რომ მისი, როგორც მწერლის შესაძლობლობები გაიზარდა: „მწერალი არც ამ წიგნში ღალატობს თავის სტანდარტებს - საინტერესო თხრობის სტილი, მრავალშრიანი პერსონაჟები... მაგრამ „თიხის ხიდი“, პირადად ჩემთვის, ბევრად საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა. ზუსტად ვიცი, რომ ქართველი მკითხველი „თიხის ხიდს“ ზუსტად ისევე შეიყვარებს, როგორც „წიგნის ქურდი“ შეიყვარა“.

„თიხის ხიდი“ – ესაა ისტორია ხუთი ძმის შესახებ, რომლებიც მამამ მიატოვა. იგი წლების შემდეგ ბრუნდება და შვილებს ხიდის აშენებაში დახმარებას სთხოვს. შუათანა ვაჟს, კლეის აღმოაჩნდება ძალა, მიატოვოს ძმები, გოგონა, რომელიც უყვარს, საყვარელი ცხოველები... გაჰყვეს მამას და მისი ცხოვრების მიზანი თავისი ცხოვრების მიზნად აქციოს. მარკუს ზუზაკის ეს რომანი იღბლიან შეხვედრებზე, საყვარელი ადამიანების დაკარგვაზე, სევდაზე, დანაშაულის განცდასა და დიდ სიყვარულზეა. მკითხველი შენიშნავს პარალელს კლასიკურ ლიტერატურასთან, კერძოდ, ჰომეროსის უკვდავ „ილიადასა“ და „ოდისეასთანაც“.

მარკუს ზუზაკის „თიხის ხიდი“, „წიგნის ქურდის“ მსგავსად, მთარგმნელმა - ნათია ჩუბინიძემ თარგმნა. მისი თქმით, ახალი რომანი განსაკუთრებული სიღრმით გამოირჩევა: „ამ რომანს 20 წელი წერდა მარკუს ზუზაკი, უდიდესი ენერგია და შრომა ჩადო მასში. „წიგნის ქურდთან“ განსაკურებით ახლოსაა ემოციურობის თვალსაზრისით და მეტიც, კიდევ უფრო ღრმა და საინტერესოა. შესაბამისად, ვინც იცნობს და უყვარს „წიგნის ქურდი“, „თიხის ხიდიც“ აუცილებლად მოეწონება და ძალიან ბევრ კითხვას გაუჩენს, რომელზე პასუხებიც რომანის თითოეულ წინადადებაში იმალება,“ – აღნიშნავს მთარგმნელი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს